ახალი ამბები

ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ მასშტაბური მსვლელობა გაიმართა

6 აპრილი, 2024 • 1092
ბუდაპეშტში ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ მასშტაბური მსვლელობა გაიმართა

დღეს, 6 აპრილს, ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ მასშტაბური მსვლელობა გაიმართა.

როგორც „როიტერსი“ წერს მსვლელობაში ათი ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, რომელიც ვიქტორ ორბანის მთავრობას აპროტესტებდა.

მათივე ცნობით, საპროტესტო აქციის მონაწილეები უნგრეთის პარლამენტისკენ გაემართნენ, ზოგიერთი მათგანი კი სკანდირებდა: „არ გვეშინია“ და „ორბანი გადადგეს!“

საპროტესტო მსვლელობას პეტერ მაგიარი მიუძღვებოდა, რომელიც უნგრეთის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მეუღლეა და რომელსაც მედია ვიქტორ ორბანის პარტიაში „ფიდესში“ საკმაო კავშირების მქონე პირად ასახელებს.

მაგიარი ფართოდ ცნობილი თებერვალში გახდა, როდესაც მან ორბანის ხელისუფლების მუშაობის შესახებ კრიტიკული განცხადებები გააკეთა. მან ანტალ როგანი, მინისტრი, რომელიც ორბანის ოფისს ხელმძღვანელობს, ცენტრალიზებული პროპაგანდისტული მანქანის მართვაში დაადანაშაულა.

მან ასევე გამოაქვეყნა ყოფილ მეუღლესთან საუბრის ჩანაწერი, რომელშიც უნგრეთის იუსტიციის ყოფილი მინისტრი იუდიტ ვარგა დეტალურად აღწერს ორბანის კაბინეტის უფროსის უფროსი თანაშემწის სავარაუდო მცდელობას ჩარეულიყო კორუფციულ საქმეში. აღნიშნულთან დაკავშირებით უნგრეთი პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს.

კორუფცია იყო ერთ-ერთი საკითხი, რასაც 6 აპრილს ბუდაპეშტში გამართული აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ.

„ვიცოდით, რომ კორუფცია იყო, მაგრამ ის[პეტერ მაგიარი] ამაზე როგორც ინსაიდერი საუბრობს და გვიდასტურებს“, – უთხრა „როიეტერსს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.


უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი და იუსტიციის მინისტრი, იუდიტ ვარგა თანამდებობებიდან თებერვალში გადადგნენ.

პრეზიდენტმა და იუსტიციის მინისტრმა გადადგომა სკანდალური შეწყალების გამო გადაწყვიტეს. წინა წელს, რომის პაპის, ფრანცისკეს უნგრეთში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ნოვაკმა 25 ადამიანი შეიწყალა, თუმცა ერთ-ერთი მათგანის, ენდე კ.-ს შეწყალება საჯაროდ ცნობილი მხოლოდ 2 თებერვალს გახდა.

ენდე კ. ბავშვთა სახლის დირექტორის ყოფილი მოადგილე იყო. ბრალდების მხარის განცხადებით, მან დაარწმუნა ბავშვები, უკან წაეღოთ თავიანთი ჩვენებები ბავშვთა სახლის დირექტორის მიერ მათ მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო.

მოქალაქეთა უკმაყოფილების შემდეგ პრეზიდენტმა ნოვაკმა, — რომელიც პრეზიდენტობამდე ოჯახის საქმეთა მინისტრი იყო და საჯარო იმიჯი სწორედ ტრადიციულ, ოჯახზე ორიენტირებულ პოლიტიკოსობაზე ჰქონდა აგებული, – განაცხადა, რომ „შეცდომა დაუშვა“ და პოსტიც დატოვა.

იუსტიციის მინისტრმა იუდიტ ვარგამ, რომელიც ამ წლის ევროპარლამენტის არჩევნებზე ორბანის პარტიის, „ფიდესის“ პირველი ნომერი უნდა ყოფილიყო, აგრეთვე დატოვა თანამდებობა, ვინაიდან ენდე კ.-ს შეწყალებას მანაც აუნთო მწვანე შუქი.

„ბი-ბი-სის“ შეფასებით, მათი გადადგომა და მომხდარით გამოწვეული პროტესტები გახდა „ყველაზე დიდი საფრთხე ვიქტორ ორბანის მმართველობისთვის“ მას შემდეგ, რაც 2010 წელს მეორედ დაიკავა პრემიერ-მინისტრის პოსტი. Associated Press აღნიშნავს, რომ ორბანი „იშვიათი პოლიტიკური კრიზისის“ წინაშე დგას.

ფოტო: REUTERS/Marton Monus

მასალების გადაბეჭდვის წესი