ახალი ამბებიკომენტარი

FSB-ს დეზინფორმაციაა, თითქოს ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა სურს – დეგნანი

30 ივნისი, 2022 • 2726
FSB-ს დეზინფორმაციაა, თითქოს ვინმეს საქართველოს ომში ჩართვა სურს – დეგნანი

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, რუსეთის FSB-ს დეზინფორმაციაა, თითქოს ვინმეს სურს, საქართველო ომში ჩაერთოს. ამის შესახებ მან დღეს, 30 ივნისს, ჟურნალისტებს განუცხადა. FSB არის რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური, რომელიც საბჭოთა KGB-ს ანალოგიური უწყებაა.

დეგნანის თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს სურთ, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი.

დეგნანმა აღნიშნულ დეზინფორმაციაზე ნატოს მადრიდის სამიტის შეფასებისას ისაუბრა.

„საქართველო არის ძლიერი პარტნიორი ნატოსთვის და ეს კარგად გამოჩნდა იმ მაღალი დელეგაციის სიდიდით, რაც საქართველოდან იყო წარგზავნილი მადრიდის სამიტზე. ეს სამიტი კიდევ ერთი დემონსტრირებაა ალიანსის ერთიანობის, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სასტიკი და არაპროვოცირებული აგრესიის ფონზე. მადრიდის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო არის თავდაცვითი ორგანიზაცია, რომლის მიზანია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა ევროპის რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ.

საქართველოსთვის ეს იყო კარგი შანსი, რომ კიდევ ერთხელ განეხილათ ის ნაბიჯები და რეფორმები, რაც ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის უნდა განხორციელდეს. ძალიან ბევრი რეფორმა იმ მოთხოვნებს პასუხობს, რაც საჭიროა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსისთვის. ასე რომ, იმ რეფორმების გატარება, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო, ხელს შეუწყობს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზეც. ნატო არის სამხედრო და პოლიტიკური ალიანსი და ამიტომ არა მხოლოდ სამხედრო მზაობაა მნიშვნელოვანი, არამედ პოლიტიკური საკითხებიც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, აშშ, მზად ვართ, გავაგრძელოთ საქართველოს დახმარება ამ კუთხით პროგრესის მისაღწევად“, – განაცხადა დეგნანმა.

აშშ-ის ელჩის თქმით, მაშინ, როცა ბოლო 30 წელია აშშ და ევროკავშირი საქართველოს მხარს უჭერს, სწორედ რუსეთია ის, ვისაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს.

„რადგან საუბარია თავდაცვის საკითხზე, კიდევ ერთხელ მინდა შევეხო მზაკვრულ ნარატივს, რომელიც ისევ გრძელდება, რომ  თითქოს ვინმეს სურს საქართველოს ჩაბმა რუსეთის წინააღმდეგ ომში. ეს არის FSB-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაცია. მინდა გარკვევით ვთქვა, აშშ-ს არ სურს საქართველოს ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ომში.  აშშ-ს არ სურს ამ ომის არცერთი მიმართულებით გაფართოება. აშშ-ს რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ეს ომი პუტინმა დაიწყო და მასვე შეუძლია, რომ ის დაასრულოს.

აშშ და ევროკავშირი ბოლო 30 წელია საქართველოს მხარს უჭერენ, განსაკუთრებით, ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით პროგრესის მისაღწევად და ამას გავაგრძელებთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ რუსეთს აქვს  საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული, რუსეთი ცდილობდა ქართული ენის განადგურებას, რუსეთმა შეურაცხყო საქართველოს ეკლესიები და ცხოველთა სადგომებად იყენებდა. თუ რაიმე კითხვა არსებობს, რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთან, საკმარისია მივიდეთ ადმინისტრაციულ საზღვართან და გადავხედოთ, იქ რა ხდება. საქართველოს მეგობრები არიან ევროპაში და ამერიკაში და ამ გზას მოაქვს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ბოლო პერიოდია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს სურთ, საქართველო ომში ჩაებას. მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს სწორედ ამ შეთქმულების თეორიის ნაწილად განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი