საზოგადოება

ობიექტები, რომლებსაც “პანორამა თბილისის” პროექტი მოიცავს [ფოტო]

7 თებერვალი, 2015 •
ობიექტები, რომლებსაც “პანორამა თბილისის” პროექტი მოიცავს [ფოტო]

თავისუფლების 7


“პანორამა თბილისის” ერთ-ერთი საპროექტო ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, გუდიაშვილის 2 ნომერსა და თავისუფლების 7 ნომერში მდებარეობს. მას შემდეგ, რაც აღნიშნულ მისამართზე ცეკავშირის ყოფილი, 10-სართულიანი შენობის დემონტაჟი განხორციელდა, ტერიტორიის შემოღობილ ნაწილში სამშენებლო ნარჩენები და ამწეა დარჩენილი.



ინვესტორი, ოფშორში დარეგისტირებული  შპს “ოლდ სითი დიველოპმენტი” [Old City Development] აქ მრავალფუნქციური 7 ვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ბოლო პროექტის მიხედვით, სასტუმროში 220 სხვადასხვა კლასის სასტუმრო ნომერი, საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეები, სპორტულ გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ბარები და რესტორნები განთავსდება. ამის გარდა, პროექტის მიხედვით, სასტუმროს ვერტმფრენი მოემსახურება. სასტუმროს სახურავზე კი გეგმის მიხედვით, განთავსებული საბაგირო გზით, სასტუმროდან გაუსვლელად მთაწმინდის რეკრეაციულ ზონაში გადაადგილება იქნება შესაძლებელი. 





თავისუფლების 7 და მისი მოსაზღვრე ქუჩის, გუდიაშვილის 2 ნომერში არსებული მიწის ნაკვეთების დღევანდელი მესაკუთრეები არიან თავად ინვესტორი კომპანია შპს „ოლდ სითი დიველოპმენტი“, შპს თავისუფლების მოედანი 7, სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკი“ , აი ტი აი კორპორაცია, რომლის 50%-იან წილს ასევე  შპს „თავისუფლების მოედანი 7“ ფლობს და  შპს ლიზინგი 21 საუკუნეა, რომლის 100%-ინი წილის მფლობელი, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია “ფინსეკ ლიმიტედია”. აღნიშნულმა კომპანიებმა კუთვნილი ტერიტორიები შპს „ოლდ სითი დიველოპმენტს“ იპოთეკის ხელშეკრულებით 2014 წლის შემოდგომაზე გადასცეს.


“თიბისი ბანკი ყოფილი ცეკავშირის შენობაში ფლობდა 1000 კვმ ფართს, სადაც განზრახული იყო ფილიალის განთავსება, თუმცა ობიექტი მთლიანობაში იყო კონსერვებული და ეს ვერ ხერხდებოდა. 2014 წელს შპს “ოლდ სიტი დიველოპმენტთან“ გაფორმდა გაცვლის ხელშეკრულება, რითიც თიბისი გადასცემდა მათ გაცვლის საგანს და სანაცვლოდ შპს “ოლდ სიტი დიველოპმენტთან“  ვალდებულებას იღებდა სანაცვლოდ თიბისისთვის გადმოეცა იგივე ფართის უძრავი ქონება ახლად აშენებულ შენობაში”,- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში თამარ კირვალიძე, თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი.


როგორც ირაკლი ქარსელაძე, კომპანია “ოლდ სითი დიველოპმენტისა” და “ქართუ” ჯგუფის წარმომადგენელი კომერსანტთან საუბარში აცხადებს, “ყოფილი ცეკავშირის შენობის გამოსყიდვა, კომპანიას, დაახლოებით 15 მილიონი დოლარი დაუჯდა.” 

კომპანია “ოლდ სითი დიველოპმენტი” ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა თანაინვესტირების ფონდმა 2014 წლის მარტში დააფუძნა. მისი მფლობელი ოფშორში [პანამაში] დარეგისტრირებული კომპანია “ფრენქსტონ ინტერნეიშენალია” [FRANKSTON INTERNATIONAL].


ერეკლე მეორის მოედანი


სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს არც ერეკლე მეორის მოედანზე, “ქართული ოცნების” გვერდით არსებული მიწის 794 კვ.მ ფართობის ნაკვეთზე, რომელიც “პანორამა თბილისის” პროექტით ერთ-ერთი გათვალისწინებული ტერიტორიაა.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი შპს „სანაპიროს ხედის“ მფლობელობაშია. თავის მხრივ, შპს  „სანაპიროს ხედის“ 100%-იანი წილის მფლობელი ასევე ოფშორში დარეგისტრირებული კომპანია “ლაიმსთოუნ ფაინანს ინთერნეიშენელია”.

ის, რომ მიწის ნაკვეთები, სადაც პროექტის ნაწილი უნდა განხორციელდეს, ბიძინა ივანიშვილი საკუთრება იყო, თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა 24 მარტს გამართულ პრეზენტაციაზეც განაცხადა. მისი მაშინდელი განცხადებითვე, ეს მიწის ნაკვეთები თანაინვესტირების ფონდმა მისგან შეისყიდა. 

სოლოლაკის ბაღები


არსებული პროექტით, 17 სართულიანი სასტუმრო და რამდენიმე სართულიანი საზოგადოებრივი ცენტრი სოლოლაკის ფერდობზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრის გვერდით, 51 000 კვ. მეტრ ფართობზე უნდა განთავსდეს. ამავე ტერიტორიაზე 10 და 15 ათას კვ. მეტრ ფართობებზე საცხოვრებელი კომპლექსისა და საკონფერენციო დარბაზის აშენება იგეგმება. 

კონცეპტუალური პროექტის მიხედვით, სასტუმრო კომპლექსი მდინარე წავკისის წყლის ხეობაში აშენდება. მასთან მისასვლელი გზები კი, კოჯრის გზატკეცილიდან უნდა მოეწყოს.





“პანორამა თბილისი” და მისი განხორციელების პროცედურა

თავდაპირველი პროექტის მიხედვით, “პანორამა თბილისი” მიზნად ისახავდა თავისუფლების მოედანზე ცეკავშირის შენობის ადგილას, ერეკლე მეორის მოედანზე და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის გვერდით სოლოლაკის ფერდობზე სასტუმროების აშენებას, რომლებიც ერთმანეთს საბაგირეობისა და დახრილი ლიფტების საშუალებით დაუკავშირდებიან. შემდეგ ინვესტორმა კომპანიამ განაცხადა, რომ საბაგიროების საშუალებით ერთმანეთს მხოლოდ თავისუფლების მოედანსა და სოლოლაკში მდებარე სასტუმროები დაუკავშირდებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდი ლარია. თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, პროექტი “პანორამა თბილისი”, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ბიძინა ივანიშვილია, მიზნად ისახავს თბილისში სასტუმროების ქსელის აშენების შემდეგ საერთაშორისო კონფერენციების მოწყობისთვის ხელის შეწყობასა და ტურისტების მოზიდვას. 

პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და მოქალაქეთა ჯგუფები. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვას ეჭვქვეშ აყენებს. ამ საკითხზე ერთ-ერთი საპროტესტო აქცია მოქალაქეებმა 29 დეკემბერს გამართეს, როდესაც თბილისის საკრებულო რეაკრეაციული ზონის სტატუსის მოხნის საკითხს განიხილავდა. 

ამჟამად პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უნდა განიხილოს და მხოლოდ მის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, კომპანია შეძლებს “პანორამა თბილისის” პროექტი განახორციელოს. თავად ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი პროექტს მხარს უჭერს. 

სანამ ეკონომიკის სამინისტრო გადაწყვეტილებას მიიღებს, მას 5 თებერვალს განცხადებით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მოუწოდა სამინისტროს, მხედველობაში მიიღოს „პანორამა თბილისის“ პროექტისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საჯარო ადმინისტრაციული წარმოება გამოიყენოს.

ამას გარდა, 5 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში პანორამა თბილისის პროექტთან დაკავშირებით მოქალაქეებმა პეტიცია შეიტანეს, სადაც პროექტისთვის სხვა ტერიტორიების გამოყენებას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი