ახალი ამბები

“ეს შენ გეხება” – სამოქალაქო კამპანიის მეორე ეტაპის პრეზენტაცია ქუთაისში

14 მარტი, 2014 • • 1387
“ეს შენ გეხება” – სამოქალაქო კამპანიის მეორე ეტაპის პრეზენტაცია ქუთაისში

კამპანიის მეორე ეტაპის მიზანია ფარული მიყურადებისა და თვალთვალის სფეროში არსებული სტატუსვოს შეცვლა და სისტემური გარანტიების შექმნა იმისათვის, რომ  გამოირიცხოს სამართალდამცავი უწყებების თვითნებობა ამ მიმართულებით.

 

როგორც კამპანიის მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლები განმარტავენ, საქართველოს პარლამენტში ერთი წლის წინ ინიცირებული კანონპროექტი სწორედ ასეთი სისტემის შექმნას გულისხმობს, ხოლო დღეს მოქმედი კანონმდებლობა, მათივე აზრით, არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მეტიც, ზოგიერთი დებულება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.

“ჩვენი მიზანია ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს გავაცნოთ ჩვენი გეგმები ამ კამპანიის ფარგლებში, მოვუწოდოთ თანამშრომლობისკენ და, რაც მთავარია, მოვუწოდოთ  საქართველოს პარლამენტს დროულად განახორციელოს ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას იმგვარად, რომ დაცული იყოს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსი და თავისუფალი ვიყოთ პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევებისგან,” – ამბობს თამარ ჭარბაძე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ქუთაისის ოფისის კოორდინატორი.

 

“ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის” თავმჯდომარე ხვიჩა ვაშაყმაძე მიიჩნევს, რომ კამპანიის მონაწილე ორგანიზაციების მოთხოვნები სამართლიანია. მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება აუცილებელია:

 

“მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ მის სატელეფონო საუბრებს უსმენენ და შეიძლება მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული ოდესმე. ფაქტია ისიც, რომ სატელეფონო კომპანიებში არის სპეციალური აპარატურები დამონტაჟებული და აქედან გამომდინარე, ის შეშფოთება, რასაც არასამთავრობოები გამოთქვამენ, ლოგიკური და ბუნებრივია. პირადი ცხოვრება უნდა იყოს ხელშეუხებელი.”

მასალების გადაბეჭდვის წესი