ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ დაიპყრო თბილისი ბეტონის პანორამამ [ფოტო]

16 ივლისი, 2020 • 2371
როგორ დაიპყრო თბილისი ბეტონის პანორამამ [ფოტო]

“პანორამა თბილისის” პროექტების მშენებლობა, რომელსაც წლების განმავლობაში საზოგადოების ნაწილი აპროტესტებდა, აქტიურ ფაზაშია.

თავდაპირველი პროექტი სამ ნაგებობას მოიცავდა და მისი მთავარი ინიციატორი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი იყო.

ნახეთ, რას მოიცავს კომპლექსი და რა სტადიაზეა პროექტით გათვალისწინებული ნაგებობების მშენებლობა “ნეტგაზეთის” მიერ მომზადებული ფოტორეპორტაჟით.

თაბორის სარეკრეაციო ზონა

“პანორამა თბილისის” პროექტის ფარგლებში, თაბორის მთაზე სარეკრეაციო ზონა და გოლფის მოედნები შენდება.

თანაინვესტირების ფონდი ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ, თაბორის მთის ტერიტორიაზე გოლფის მოედნების, გოლფ-კლუბის, 80-ნომრიანი სასტუმროსა და სარეკრეაციო ზონის მოწყობას გეგმავს.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ-გვერდზე მოცემული ინფორმაციით, პროექტი შედგება ორი საკადასტრო ერთეულისგან, რომელთაგან ერთს “ფინსერვისი XXI” (100 000 კვ/მ),, ხოლო მეორეს “თაბორი რეზორთსი” (297 576 კვ/მ) ფლობს. ორივე კომპანია დაკავშირებულია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან.

“თაბორი რეზორთსი” ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი თანაინვესტირების ფონდის შვილობილი კომპანიაა.

“ფინსერვისი XXI”-ს კი ფლობს კომპანია, რომელიც, ამავდროულად, სოლოლაკში მდებარე იმ ბიზნესცენტრის მფლობელია, რომელშიც ივანიშვილი ცხოვრობს.

2016 წლის აპრილში ფინსერვისმა ბოტანიკურ ბაღს 4 ჰა ტერიტორია გაუცვალა, რასაც საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

“სოლოლაკის ბაღების” მშენებლობა

პროექტით, 17 სართულიანი სასტუმრო და რამდენიმესართულიანი საზოგადოებრივი ცენტრი სოლოლაკის ფერდობზე, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის გვერდით, 51 000 კვ. მეტრ ფართობზე უნდა განთავსდეს.

ამავე ტერიტორიაზე 10 და 15 ათას კვ. მეტრ ფართობებზე საცხოვრებელი კომპლექსისა და საკონფერენციო დარბაზის აშენება იგეგმება.

სასტუმროს მშენებლობა პუშკინის სკვერთან

შპს “ოლდ სითი დიველოპმენტი” პუშკინის სკვერთან მრავალფუნქციური, 7- ვარსკვლავიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს.

პროექტის მიხედვით, სასტუმროში 220 სხვადასხვა კლასის სასტუმრო ნომერი, საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი, ბარები და რესტორნები განთავსდება.

“პანორამა თბილისის” სასტუმროების მენეჯმენტს Marriot განახორციელებს.

სასტუმროს სახურავზე, გეგმის მიხედვით, განთავსებული საბაგირო გზით, სასტუმროდან გაუსვლელად, მთაწმინდის რეკრეაციულ ზონაში გადაადგილება იქნება შესაძლებელი.

“პანორამა თბილისის” მშენებლობა, ხედი ბარათაშვილის ქუჩიდან. 15.07.2020 ფოტო: ნეტგაზეთი მარიამ ბოგვერაძე

“პანორამა თბილისის” მშენებლობა, ხედი მთაწმინდიდან. 15.07.2020 ფოტო: ნეტგაზეთი მარიამ ბოგვერაძე

სასტუმროს მშენებლობა ერეკლე II-ის მოედანზე

“პანორამა თბილისის” ფარგლებში მშენებლობაა დაწყებული ერეკლე მეორის მოედანზეც.

მიწის ნაკვეთები, სადაც პროექტის ნაწილი უნდა განხორციელდეს, ბიძინა ივანიშვილი საკუთრება იყო. მიწის ნაკვეთები თანაინვესტირების ფონდმა მისგან შეისყიდა.

ნაკვეთის ფართობი 794 კვ.მ-ია და ის “პანორამა თბილისის” პროექტით ერთ-ერთი გათვალისწინებული ტერიტორიაა.

მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ “პანორამა თბილისის” პროექტი დედაქალაქის ისტორიულ იერსახეს დაარღვევს. უკანასკნელი წლების განმავლობაში “პანორამა ბილისის” წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა სასამართლოსაც მიმართეს. სარჩელი იმ რეგულაციების არარად [ბათილად] ცნობას ითხოვდა, რომელმაც შესაძლებელი გახადა პროექტ “პანორამა თბილისისათვის” მშენებლობის ნებართვების გაცემა.

სარჩელი ეფუძნებოდა ორგანიზაციის „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“ ჩატარებულ კვლევას. ამ კვლევის თანახმად, “პანორამა თბილისის” პროექტის მშენებლობები ექცევა ისტორიული დაცვისა და ლანდშაფტის დაცვის ზონებში, სადაც, კანონის თანახმად, მასშტაბური მშენებლობები დაუშვებელია.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი არ დააკმაყოფილა. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” გეგმავდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაესაჩივრებინა, თუმცა, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სააპელაციომ კერძო საჩივარი არ დააკმაყოფილა და საქმის განხილვა დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი