ახალი ამბები

დარიალის ხეობაში სტიქიურ პროცესებზე ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდება

6 აპრილი, 2015 • • 1313
დარიალის ხეობაში სტიქიურ პროცესებზე ადრეული შეტყობინების სისტემა დამონტაჟდება

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და  შვეიცარიულ კომპანია „GEOTEST”-ს შორის გაფორმებული  ხელშეკრულების საფუძველზე შვეიცარიელი  ექსპერტები სტიქიური პროცესების შესწავლის შემდეგ ადრეული შეტყობინების სისტემის კონცეფციას შეიმუშავებენ.

 

სააგენტოს ცნობით, სპეციალისტები ადგილზე შეარჩევენ ტერიტორიებს, სადაც განლაგდება ადრეული შეტყობინების სისტემისათვის საჭირო ხელსაწყო-დანადგარები.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ადრეული გაფრთხილების  სისტემა გარემოს ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს სტიქიურ პროცესებზე რეაგირება რამდენიმე წუთის წინსწრებით მოახდინოს, რის შემდგომაც შესაძლებელი გახდება სტიქიური პროცესების ფიქსაცია და განგაშის გამოცხადება. 

 

სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სისტემის დამონტაჟებით შესაძლებელი გახდება  საქართველოს სამხედრო გზაზე როგორც ადგილობრივი, ისე ტრანზიტული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეების უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფა.

 

გასულ წელს დევდორაკის ხეობაში მეწყერი ორჯერ, 17 მაისს და 20 აგვისტოს ჩამოწვა.

 

20 აგვისტოს, საღამოს 22 საათზე, დევდორაკის ხეობაში  ღვარცოფულმა ნაკადმა გაიარა, ეს ის ადგილია,  სადაც 17 მაისს  კლდოვან–ყინულოვანი მასა მოწყდა.  ღვარცოფული გავლის შედეგად 350–400 ათასი კუბი მიწა ჩამოვიდა, რის გამოც სამხედრო გზის მონაკვეთი მწყობრიდან გამოვიდა. ჩრდილოეთ–სამხრეთის  1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა, ასევე დაზიანდა  ლარსის ჰესი, დაიტბორა  ლარსის საბაჟო– გამშვები პუნტი და “დარიალჰესის” გვირაბი.

მასალების გადაბეჭდვის წესი