საზოგადოება

„პანორამა არა *ლე“ და „ირაყლი“ — როგორ უგულებელყო სასამართლომ სტრასბურგის პრაქტიკა

28 სექტემბერი, 2023 • 4033
„პანორამა არა *ლე“ და „ირაყლი“ — როგორ უგულებელყო სასამართლომ სტრასბურგის პრაქტიკა

არის თუ არა ქართული სასამართლო მიუკერძოებელი არბიტრი, რომელმაც უნდა დაიცვას მოქალაქის უფლებები, თუ ის არის ნოტარიუსი, რომელიც უბრალოდ სამართლებრივად ამყარებს პოლიციელთა გადაწყვეტილებებს მოქალაქეების წინააღმდეგ?

ეს კითხვა კიდევ ერთხელ გახდა აქტუალური მას შემდეგ, რაც საპროტესტო აქციაზე ხელში ცარიელი ფურცლების დაკავებისა და წარწერის — „ირაყლი“ — დაკავების გამო აქტივსტები თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 სექტემბერს 500-500 ლარით დააჯარიმა.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თითქმის იდენტურ საქმეზე ქართველმა აქტივისტებმა საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასულ წელს მოიგეს. საქმე ეხება აქტივისტებს, რომლებმაც თბილისის ცენტრში წლების წინ გააპრტოესტეს „პანორამა თბილისის“ მშენებლობა, ბანერებით — „პანორამა არა *ლე“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლმე ნინო შჩერბაკოვმა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ თანამშრომელი საბა ბრაჭველი 500 ლარით  დააჯარიმა ბანერისთვის, რომელზეც ეწერა „ირაყლი“. მან ასევე 500 ლარით დააჯარიმა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი, რომელსაც ხელში მხოლოდ ცარიელი ფურცელი ეკავა და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი შოთა თუთბერიძე, რომელიც დაკავების მომენტში პარლამენტის კიბეებთან იჯდა ბანერით ხელში. მოსამართლემ იგივე ოდენობის ჯარიმა კიდევ ორი აქტივისტს დააკისრა. შერბაკოვმა ყველა მათგანი ხულიგნობის მუხლით სამართალდამრღვევად მიიჩნია.

აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობასთან, რომლის გათვალისწინების ვალდებულებაც ქართულ სასამართლოებს აკისრიათ. კერძოდ, „პანორამა თბილისის“ საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ეროვნულმა სასამართლომ გაუმართლებლად ჩამოაშორა ფრაზის — „პანორამა არა *ლე“ — ვულგარული ბუნება კონტექსტს, ასევე, მისი გამოყენების მიზანს, და მხოლოდ ფორმაზე გააკეთა აქცენტი.

აღნიშნული სიტყვა, სტრასბურგის სასამართლოს ინტერპრეტაციით, „მოსარჩელეების მიერ გამოყენებული იყო, როგორც სტილისტური იარაღი მათი მხრიდან პროექტის აშენების შესახებ პროტესტის უკიდურესად მწვავედ გამოსახატავად“ და ამ მსჯელობის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-11 მუხლის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, დარღვევა.

იურისტი საბა ბრაჭველი, რომელიც ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც 27 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ხულიგნობის მუხლით 500 ლარით დააჯარიმა, ნეტგაზეთთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „პანორამა თბილისის“ საქმე ერთადერთი შემთხვევა არაა, როცა სტრასბურგის სასამართლომ პროტესტის ამ ფრომით გამოხატვის კანონიერებაზე იმსჯელა.

ედუარდ მარიკაშვილი (მარცხნივ) და საბა ბრაჭველი (მარჯვნივ) აქციაზე.

იურისტის თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, თუ კრიტიკა ხდება უცენზურო ფორმით ან შეურაცხმყოფელი მიმართვით, ეს ხულიგნობად ვერ ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის ამ გზავნილის ადრესატის პოლიტიკური ნაბიჯების კრიტიკაა.

ამასთან, ბრაჭველი აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლო დაფუძნებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნორმატიული აქტების იერარქიაში მას უკავია უპირატესი პოზიცია, ვიდრე თუნდაც ისეთ კანონებს, როგორიცაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე კი აღნიშნავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით აღნიშნული ქმედება ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლებაში. შესაბამისად, არ არის გამართლებული მისი შეფასება სამართალდარღვევად და არ შეესაბამება არც კონსტიტუციის მიზნებს და არც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტს:

„ჩვენს ეროვნულ სასამართლოებს აქვთ ვალდებულება, რომ ეს სტანდარტები გამოიყენონ, როდესაც აქ, ადგილზე განიხილავენ საქმეებს და ამ სტანდარტებს დაეყრდნონ გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს შემთხვევა არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობა გამოიყენება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით და პოლიციის ხელში ატარებს მძლავრ ინსტრუმენტს აქტივისტების გამოხატვის თავისუფლების შესასზღუდად. ეს არის ძალიან პრობლემური“ ,— აღნიშნავს ქურდოვანიძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

საიას თავმჯდომარის თქმით, ამგვარ საქმეებზე სასამართლოს გადაწყვეტილებები ძალიან შაბლონურია და მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღება ხოლმე გადაწყვეტილებები.

ნონა ქურდოვანიძე

„ღია საზოგადოების“ ფონდის წარმომადგენლის, საბა ბრაჭველის თქმით, აღნიშნული პრაქტიკა საზიანოა იმ კუთხითაც, რომ მოქალაქეებს სასამართლოს მიმართ ნდობას აკარგვინებს. კერძოდ, ბრაჭველი აღნიშნავს, რომ როგორც მისი პირადი საქმე, ასევე ზოგადი პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოსამართლეთა უმეტესობა პოლიციელის ჩვენებას აპრიორი უტყუარად მიიჩნევს, მიუხედავად საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან შეუსაბამობისა:

„ძალიან რთულია, ადამიანს ჰქონდეს სასამართლოს იმედი, თუ მან იცის, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არბიტრი, რომელმაც უნდა იმსჯელოს იმაზე, რა მოხდა. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ ერთგვარ ნოტარიუსს, რომელიც ამბობს, რომ პოლიციელი არავითარ შემთხვევაში ტყუილს არ იტყოდა, პოლიციელი რასაც ამბობს, ის არის სიმართლე.

ეს ხდება მაშინ, როცა ძალიან ბევრ სხვა საქმეში არსებობს ვიდეოკადრები, საიდანაც ჩანს, რომ სწორედ ის ხდებოდა, რასაც მოქალაქეები საუბრობდნენ. მიუხედავად ამისა, მოქალაქეს მაინც აჯარიმებენ, რადგან სასამართლოს აზრით, პოლიციელი არ შეიძლება, რომ ტყუოდეს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ პოლიციელები ხშირ შემთხვევაში ამახინჯებენ ფაქტებს და ვერ გვექნება ჩვენ იმ სასამართლოს იმედი, რომელიც ამას ყურადღებას საერთოდ არ აქცევს“ ,— აცხადებს ბრაჭველი.

ამასთან, ნეტგაზეთის რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ ასეთი სადამსჯელო დაკავებების შემდეგ სასამართლოს საქმეების წარმოება ატარებს არა მხოლოდ იმ მიზანს, რომ კონკრეტული პირების მიმართ ჰქონდეს უარყოფითი ეფექტი, არამედ, ზოგადად, გავლენა იქონიოს, რათა სხვებმაც საბოლოოდ თავი შეიკავონ გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე:

„ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მძიმე და პრობლემური. ამასთან, გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკის გაუარესებაც არის ერთგვარად. იმედი დავიტოვოთ, რომ სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. თუმცა დიდი მოლოდინი არც სააპელაციო სასამართლოზე უნდა გვქონდეს, რადგან ვიცით, რომ სამართალდარღვევის საკითხებზე, განსაკუთრებით აქტივისტების წინააღმდეგ, ძალიან ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ სასამართლოები ეროვნულ დონეზე“, — ეუბნება ნეტგაზეთს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

მიუხედავად ამგვარი მოლოდინისა, საბა ბრაჭველი და მასთან ერთად დაკავებული პირები, რომლებიც სასამართლომ 27 სექტემბერს დააჯარიმა, გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპლეაციო სასამართლოში მაინც გეგმავენ, რის შემდეგაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავენ.


სტატია მომზადდა ნეტგაზეთის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ნეტგაზეთი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი