საზოგადოება

„პანორამა არა *ლე“ – სტრასბურგმა ფერაძის და სხვების საქმეზე დარღვევა დაადგინა

15 დეკემბერი, 2022 • 2562
„პანორამა არა *ლე“ – სტრასბურგმა ფერაძის და სხვების საქმეზე დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აქტივისტის, „პარტიზანი მებაღის“, ნატა ფერაძისა და სხვების საქმეზე შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების დარღვევა დაადგინა.

2015 წლის 19 ივლისს „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ თბილისის საკრებულოსთან გამართულ დემონსტრაციაზე ნატა ფერაძე და კიდევ ექვსი დემონსტრანტი პოლიციამ დააკავა.

აქცია დაახლოებით 17:00 საათზე დაიწყო. დემონსტრანტებს ეჭირათ ბანერები, წარწერებით „არა პანორამას“, „პაNOრამა“, „ჩვენ არ გავჩერდებით“ და ა.შ. გიგა მაქარაშვილს, რომელიც სხვა დემონსტრანტებთან ერთად იდგა, ასევე ეკავა ბანერი, წარწერით „პანორამა არა, *ლე“.

სასამართლოს მასალების თანახმად, სანამ მაქარაშვილი უბრალოდ იდგა აქციაზე, ყურადღება არ მიუქცევიათ, თუმცა მას შემდეგ, რაც საკრებულოს მიმდებარედ გადაადგილება დაიწყო და გამვლელების ყურადღება მიიქცია, იგი დააკავეს.

მაქარაშვილის დაკავებას სხვა დემონსტრანტების სოლიდარობა მოჰყვა – დანარჩენმა ექვსმა მოსარჩელემ მაშინვე დაწერეს ბანერებზე იგივე სლოგანი („პანორამა არა ყლე“) და ბანერებს პოლიციას უჩვენებდნენ. ამის შემდეგ ისინიც დააკავეს.

მთავრობის პოზიციით, პოლიციელებს არ უცდიათ მაქარაშვილის დაკავება, სანამ ის ერთ ადგილას იდგა, თუმცა მას შემდეგ, რაც ბანერით მოძრაობა დაიწყო, იმის გამო, რომ მიმდებარედ არასრულწლოვნებიც იყვნენ, „შეშფოთდნენ“. რაც შეეხება დანარჩენ 6 დაკავებულს, ისინიც დემონსტრაციულად უჩვენებდნენ იმავე წარწერას.

ნატა ფერაძესთან ერთად მოსარჩელეები იყვნენ გიგა მაქარაშვილი, ელენე მალაშევსკი-ჯაყელი, კონსტანტინე ჩაჩანიძე, ვახო ქარელი, ანა მამულაშვილი და ირაკლი მგალობლიშვილი.

ისინი ევროპულ სასამართლოს მიუთითებდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 და მე-11 მუხლების – გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების თავისუფლების უფლებების- დარღვევაზე.

„პანორამა არა, *ლე“ – ამ ბანერთან დაკავშირებით სასამართლომ ასევე იმსჯელა საქართველოს სასამართლოს შეფასებაზე, რომლის თანახმადაც ეს წარწერა შეიცავს „ვულგარულ სიტყვას“, რაც ქართულ ენაში არის „შიშველი უხამსობა“ და „განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი“.

„მართლაც, თავიანთი ქვეყნის სასიცოცხლო ძალებთან, მორალის ცნებასთან და ასევე ქართული ენის ენობრივ თავისებურებებთან პირდაპირი და მუდმივი კონტაქტის გათვალისწინებით, ადგილობრივ ხელისუფლებას საერთაშორისო მოსამართლეზე მეტად ხელეწიფება, გამოთქვას აზრი მოსარჩელეების მიერ არჩეული გამოხატვის ფორმის ზუსტი შინაარსის თავსებადობის შესახებ იმ ეთიკურ სტანდარტებთან, რაც ამჟამად არსებობს ქვეყანაში“, – წერს სასამართლო.

თუმცა სტრასბურგის სასამართლო ასევე იმას უსვამს ხაზს, რომ „ვულგარული ფრაზების გამოყენება თავისთავად არ არის გადამწყვეტი მე-10 მუხლის დარღვევა-არდარღვევაზე მსჯელობისას, რადგან ეს შეიძლება ემსახურებოდეს მხოლოდ სტილისტურ მიზნებს“.

ამრიგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნულმა სასამართლომ გაუმართლებლად ჩამოაშორა ფრაზის ვულგარული ბუნება კონტექსტსა და მისი გამოყენების მიზანს და მხოლოდ ფორმაზე გააკეთა აქცენტი.

„მათ არ გაითვალისწინეს, რომ მე-10 მუხლი მიემართება არა მხოლოდ ინფორმაციასა და იდეებს, რაც არ არის მიჩნეული უხამსობად, არამედ ისეთ [ინფორმაციასა და იდეებსაც], რაც აღიზიანებს, გააოცებს თუ შეაწუხებს სახელმწიფოსა თუ საზოგადოების რომელიმე სექტორს“, – წერია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

აღნიშნული სიტყვა, სასამართლოს ინტერპრეტაციით, „მოსარჩელეების მიერ გამოყენებული იყო, როგორც სტილისტური იარაღი მათი მხრიდან პროექტის აშენების შესახებ პროტესტის უკიდურესად მწვავედ გამოსახატავად“.

ამასთან, სასამართლო შენიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლების უფლებაში ჩარევა გამოიხატა არა მხოლოდ პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაჯარიმებით (100 ლარის ოდენობით), არამედ პროტესტის ადგილიდან ძალის გამოყენებით გაყვანით.

ამ მსჯელობის გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-11 მუხლის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, დარღვევა, ხოლო მე-10 (გამოხატვის თავისუფლების) მუხლის დარღვევაზე ცალკე მსჯელობა საჭიროდ არ ჩათვალა.

სასამართლომ სახელმწიფო დაავალდებულა, მოსარჩელეებს გადაუხადოს 1040 ევრო ზიანის ასანაზღაურებლად.


გარეკანის ფოტო: ვახო ქარელი

მასალების გადაბეჭდვის წესი