ახალი ამბები

გომელაური: მოსმენების ე.წ. გასაღებზე თუ შსს-ს არ ექნება კონტროლი, აბა, სად უნდა იყოს?

8 აპრილი, 2015 • • 1194
გომელაური: მოსმენების ე.წ. გასაღებზე თუ შსს-ს არ ექნება კონტროლი, აბა, სად უნდა იყოს?

“თუ შეიტანეს სასამართლოში სარჩელი, სასამართლო იმსჯელებს და პასუხს დაველოდებით, თუმცა მოგეხსენებათ, რომ სპეცსამსახურები შს სამინისტროს ეკუთვნის და თუ მანდ არ იქნება კონტროლი, აბა, სად უნდა იყოს? ეს ბევრ პრობლემას წარმოშობს სწრაფად გადასაწყვეტ საქმეებზე. იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვი გაიტაცეს ფულის გამოძალვის მიზნით. ჩვენთან თუ არ იქნება ბერკეტი, ბევრი თემა გაფუჭდება ტერორიზმის კუთხით და ორგანიზებული დანაშაულის კუთხით. რთულია, როცა დამოკიდებული ვიქნებით 5-6 გასაღებზე”, – განაცხდა შსს მინისტრმა.

 

ვახტანგ გომელაური ამ განცხადებით კამპანიის „ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელის შეტანას გამოეხმაურა.

 

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ დღეისათვის მოქმედი კანონმდებლობა ე.წ. ფარული მოსმენების კუთხით საქართველოს კონსტიტუციის 3 მუხლს ეწინააღმდეგება.

 

არასამთავრობოების კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონების იმ მუხლების გაუქმება, რომლებიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორეტაპიანი ელექტრონული სისტემის (ე.წ. ორი გასაღებისა და მუდმივი მიერთების) არსებობას ითვალისწინებს.

ვახტანგ გომელაური
ვახტანგ გომელაური

მასალების გადაბეჭდვის წესი