ახალი ამბები

ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შედის

14 დეკემბერი, 2017 • 2661
ცვლილებები, რომლებიც კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შედის

საქართველოს ახლად მიღებულ კონსტიტუციაში შესატანი ახალი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის მეორე მოსმენით მიღებასაც დეკემბერში გეგმავს, მესამე მოსმენა კი – საგაზაფხულო სესიაზე გაიმართება.

ძირითადი ცვლილებები, რომლები კონსტიტუციის ახალ რედაქციაში შედის:

[checklist]

  • კონსტიტუციის ახალი რედაქციის მე-16 მუხლში ზუსტდება რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების შეზღუდვის კონსტიტუციური საფუძვლები. კერძოდ, კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი რედაქციიდან სიტყვების – „სახელმწიფო უსაფრთხოება“, „დანაშაულის თავიდან აცილება“ და „მართლმსაჯულების განხორციელება“ ამოღებას. მე-16 მუხლი შემდეეგნაირად იქნება ჩამოყალიბებული:”მუხლი 16. რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლებები 1. ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება.
    2. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის,  ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.”
  • კონსტიტუციის ახალი რედაქციიდან ამოიღებენ ე. წ. ბონუსის სისტემას. კერძოდ, კონსტიტუციის ახალი რედაქციის 37-ე მუხლის ახალი ვერსიის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ყველა მანდატი განაწილდება პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების პროპორციულად;
  • ფართოვდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები საარჩევნო ნორმებისა და არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით. კერძოდ, 3 თვით იზრდება შესაბამისი სარჩელის განხილვის ვადები. გარდა ამისა, უქმდება ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, არჩევნების კონსტიტუციურობის საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო წყვეტს სიითი შემადგენლობის სრული თანხმობით;
  • მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, გარდა პოლიტიკური პარტიებისა, ექნებათ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებსაც.
  • 50-ე მუხლში ტერმინი „ხმოსანი“ იცვლება ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი“.

[/checklist]

კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

მესამე მოსმენით 26 სექტემბერს მიიღო. კონსტიტუციას მხარი საპარლამენტო უმრავლესობამ – 117-მა დეპუტატმა დაუჭირა, ოპოზიციამ ამ პროცესს კვლავ ბოიკოტი გამოუცხადა.

ამის შემდეგ დაიწყო სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები პრეზიდენტთან საკითხებზე, თუ რა უნდა ასახულიყო პრეზიდენტის ვეტოს მოტივირებულ შენიშვნებში. პრეზდენტმა კონსტიტუციას ვეტო 9 ოქტომბერს დაადო და მოტივირებულ შენიშვნებში ასახა ის ოთხი პუნქტო, რომელზეც “ქართულ ოცნებას” გაცხადებული ჰქონდა, რომ ცვლილებებს შეიტანდა. ასევე. პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში ასახა კიდევ ორი პუნქტი, რომელიც ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. ეს ორი ცვლილება იყო პროპორციული საარჩევნო სისტემის  2020 წლის არჩევნებზე ამოქმედება და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.

შეთანხმებული ოთხი საკითხის გარდა პრეზიდენტის მიერ ვეტოში სხვა საკითხების დამატება მიუღებელი აღმოჩნდა უმრავლესობისთვის. მათ პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს და განაცხადეს, რომ ისინი თავიდან წამოიწყებდნენ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესს და ასე შეიტანდნენ კონსტიტუციაში ამ ცვლილებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი