პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით 26 სექტემბერს დაამტკიცა, ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღეს პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს გაუგზავნის. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მოტივირებული შენიშვნები 6 პუნქტს მოიცავს.

მათგან 4-ზე ქართულ ოცნებას გაცხადებული აქვს პოზიცია, რომ პროექტში ცვლილებებს შეიტანს. დარჩენილი 2 პუნქტი კი პრეზიდენტმა ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო. მათ შორისაა პროპორციული საარჩევნო სისტემის  2020 წლის არჩევნებზე ამოქმედება და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ

“რაც შეეხება ბონუსსა და ბლოკებს, როგორც იცით, ჩვენ უკვე დავუდასტურეთ ვენეციის კომისიას, რომ შესაბამისი ცვლილებები იქნება შეტანილი კონსტიტუციაში. ახალი ცვლილებების თანახმად, ბონუსის სისტემა გაუქმდება, ისევე, როგორც ბლოკები შენარჩუნდება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის. ასევე, განხორციელდება ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე გადავხედავთ დებულებებს რელიგიისა და შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით” – თქვა ირაკლი კობახიძემ.


საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო უმრავლესობით კონსტიტუციის პროექტი დაამტკიცა და ქვეყანას უკვე ახალი კონსტიტუცია აქვს. რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა. კონსტიტუციის კანონპროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორმა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. პარლამენტის სხდომას არ ესწრებოდნენ საპარლამენტო უმცირესობისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო. ხელისუფლებამ ოპოზიციასთან დიალოგის განახლების მცდელობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსის არარსებობით და შექმნილ ვითარებას კრიზისიც უწოდა.  ბუკიკიოს მოწოდების მიუხედვად დიალოგი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ვერ შედგა. ამ მიზნით სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრაც კი ჩაიშალა, რომელსაც ორგანიზებას ვენეციის კომისია უწევდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.