ახალი ამბები

პარლამენტი ჰომოფობიური საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვებს პირდაპირ ეთერში აღარ გადასცემს

23 აპრილი, 2024 • 513
პარლამენტი ჰომოფობიური საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვებს პირდაპირ ეთერში აღარ გადასცემს

პარლამენტი ჰომოფობიური საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებს პირდაპირ ეთერში აღარ გადასცემს.

როგორც ნეტგაზეთს პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, 22 აპრილს ქუთაისში გამართული საყოველთაო-სახალხო განხილვა პირდაპირ ეთერში იმიტომ გადაიცემოდა, რომ პირველი იყო.

მათი თქმით, პარლამენტს ვალდებულება აქვს, რომ განხილვების ოქმები გამოაქვეყნოს. თუმცა, როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ისინი ოქმთან ერთად საყოველთაო-სახალხო განხილვის ვიდეოჩანაწერებსაც გაავრცელებენ.

„ქართულმა ოცნებამ“ ჰომოფობიური კანონპროექტი 25 მარტს წარადგინა. კერძოდ, მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული კანონპროექტით, ცვლილება შეეხება კონსტიტუციის 30-ე მუხლს, სადაც ქორწინების დეფინიციაა განსაზღვრული. მისი თქმით, ამ მუხლს დაემატება მესამე მუხლი, შემდეგი შინაარსით: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

გუშინ, 22 აპრილს, ქუთაისიდან დაიწყო კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. დღეს, 23 აპრილს კი სახალხო განხილვა ამბროლაურში ჩატარდა, თუმცა პირდაპირ ეთერში არ გადაცემულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი