ახალი ამბები

პარლამენტთან დღეს ძირითადი ორგანიზატორების მიტინგი არ გაიმართება, აქციას გეგმავს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი”

18 აპრილი, 2024 • 1064
პარლამენტთან დღეს ძირითადი ორგანიზატორების მიტინგი არ გაიმართება, აქციას გეგმავს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი”

დღეს, 18 აპრილს, პარლამენტთან აქცია არ გაიმართება არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზაციებით. საუბარია იმ აქციებზე, რომლებიც გასული 3 დღის განმავლობაში იმართებოდა 19 საათიდან.

თუმცა დღეს, 7 საათზე პარლამენტთან აქციას აანონსებს ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“.

„პროტესტი არ უნდა შეწყდეს! დღეს, 19:00- ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ და განვაგრძობთ ბრძოლას უწყვეტად, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე“, – წერს „დაფიონი“.

დღესვე აქცია არის დაგეგმილი ქალაქ გორში.

პარლამენტში რუსული კანონის განხილვის დაწყების შემდეგ თბილისსა და რეგიონებში აქციები იმართებოდა. ბოლო, მასშტაბური აქცია, რომელშიც ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა, თბილისში გუშინ, 17 აპრილს, გაიმართა – რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების დღეს.

რაც შეეხება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წინა დღეებში აქციას უწევდნენ ორგანიზებას, აცხადებენ, რომ შემდეგი დიდ აქციის ორგანიზებას აპირებენ რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვისას. რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვა, სავარაუდოდ, ორ კვირაში გაიმართება.

„ჩვენ ვაპირებთ ისევ დიდი შეკრების მოწყობას მეორე განხილვისთვის, თუმცა მანამდეც სხვადასხვა აქტივობას განვახორციელებთ, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, ამ კანონის მიღება ვერ გამოუვა“, – უთხრა ნეტგაზეთს სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა საბა ბრაჭველმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი