ბირჟა მაფია

აჭარანეტი უარყოფს, რომ “ბირჟა მაფიის” კლიპის გამო სამართალდამცავები დაუკავშირდნენ

ქართული ვიდეოპორტალი adjaranet.com განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ “ბირჟა მაფიის” კლიპთან დაკავშირებით  არც ერთი თანამშრომელი სამართალდამცავი უწყებებიდან მათ არ დაკავშირებია. როგორც “აჭარანეტი” საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, ვიდეოში პოლიციელის როლის შემსრულებლის დაფარვა თავად ამ მსახიობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა:

“აჭარანეტმა მოახდინა გადაღების ტექნიკური უზრუნველყოფა. თუმცა, თავად კლიპის იდეისა და შინაარსის შექმნაში, ისევე როგორც გავრცელებაში, მონაწილეობა არ მიუღია. აქვე ვაცხადებთ, რომ აჭარანეტს და მის თანამშრომლებს არ დაკავშირებია სამართალდამცავი ორგანოს არც ერთი თანამშრომელი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ვიდეოს დაბლარვა თავად პოლიციელის როლის შემსრულებელი მსახიობის მოთხოვნა იყო. ამასთანავე, აჭარანეთს არ აქვთ წვდომა “ბირჟა მაფიის” YouTube-ისთან” – ვკითხულობთ განცხადებაში. 

რამდენიმე დღის წინ ვიდეო მიმართვა გაავრცელა კლიპში პოლიციის როლის შემსრულებელმაც. როგორც მსახიობი ამბობდა, ვიდეოში მისი დაფარვა თავად მოითხოვა. ეს ვიდეო Youtube-ზე აღარ იძებნება.

ვიდეოში პოლიციელის როლის შემსრულებლის დაფარვას სხვაგვარად ხსნის “ბირჟა მაფიის” წევრი გიორგი ქებურია (Key G). როგორც ქებურიამ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ინფორმაციით, “აჭარანეტს” პოლიციიდან დაუკავშირდნენ:

“მე როგორც ვიცი, კომპანია აჭარანეტში განხორციელდა ზარი პოლიციის მხრიდან, რომელიც შეატყობინეს მგალობლიშვილს, მგალობლიშვილმა შემატყობინა მე და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა ამ კადრების დაფარვა,”- განაცხადა ქებურიამ 12 ივნისს.

მანამდე მსგავსი ინფორმაცია მიაწოდა “ნეტგაზეთს” მეორე დაკავებული რეპერის ცოლმა. როგორც ერიკა კოუპლენდი ამბობდა, მიხეილ მგალობლიშვილს (Young Mic) ვიდეოს წაშლა მოსთხოვეს:

“მათ ვიდეოს პირველი ვერსია კვირას (4 ივნისს) ატვირთეს, საღამოს 9 საათზე. შემდეგ “აჭარანეტიდან” დაურეკეს მიშკას და უთხრეს, რომ ვიღაცას პრობლემები შეექმნებოდა და მიშკამ წაშალა ვიდეო. “აჭარანეთმა” დააფინანსა ვიდეოს გადაღება. ძირითადად, მიშკა თვითონ იღებს თავის ვიდეოებს, ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს. ამ შემთხვევაში ყველაფერი “აჭარანეთის” გაკეთებული იყო. დარწმუნებული ვარ,”აჭარანეთმა” იცოდა, რომ ამის გამო შეიძლებოდა მას პრობლემები შექმნოდა და არ გააფრთხილეს,” – ამბობდა 9 ივნისს კოუპლენდი.

ბირჟა მაფიის ორი წევრი 6 ივნისს დააკავეს, ბრალად მათ ნარკოტიკული ნივთიერების ქონა ედებათ, რაც სასჯელის სახით 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 ივნისს შეუფარდა. 12 ივნისს კი, სააპელაციო სასამართლომ Birja Mafia-ს ორი წევრი, რომელთაც ნარკოდანაშაულში ედებათ ბრალი, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა წინასწარი პატიმრობიდან. ამ გათავისუფლებას წინ უძღოდა Birja Mafia-ს წევრების მხარდასაჭერად და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით თბილისის ცენტრში გამართული აქცია, რომელშიც ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასაც. კერძოდ, ისინი ვარაუდობდნენ, რომ Birja Mafia-ს წევრებს ნარკოტიკი ვიდეოკლიპში პოლიციელის გაშარჟების გამო “ჩაუდეს”. ამ საკითხის შესახებ განცხადებები გაავრცელეს პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კალაძემ და ბერა ივანიშვილმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი