ახალი ამბები

დაკავებული რეპერის ცოლი: მას ვიდეოს პირველი ვერსიის წაშლა მოსთხოვეს

9 ივნისი, 2017 • 7413
დაკავებული რეპერის ცოლი: მას ვიდეოს პირველი ვერსიის წაშლა მოსთხოვეს

დაკავებული რეპერის, მიხეილ მგალობლიშვილის ცოლი ერიკა კოუპლენდი მისი ქმრის დაკავებას არა ნარკოდანაშაულს, არამედ იმ მუსიკალურ ვიდეოს უკავშირდებს, რომელშიც მგალობლიშვილმა პოლიციელი გააშარჟა.

მისი თქმით, ვიდეოგადაღებაში მგალობლიშვილს “აჭარანეთი” დაეხმარა, თუმცა შემდეგ თავადვე მოსთხოვეს მისი წაშლა, რადგა “ვიღაცას პრობლემები შეექმნებოდა”. ვიდეოს ინტერნეტში განთავსებიდან 2 დღის შემდეგ მგალობლიშვილი კიდევ ერთ რეპერთან ერთად დააკავეს.

“მათ ვიდეოს პირველი ვერსია კვირას (4 ივნისს) ატვირთეს, საღამოს 9 საათზე. შემდეგ “აჭარანეთიდან” დაურეკეს მიშკას და უთხრეს, რომ ვიღაცას პრობლემები შეექმნებოდა და მიშკამ წაშალა ვიდეო. “აჭარანეთმა” დააფინანსა ვიდეოს გადაღება. ძირითადად, მიშკა თვითონ იღებს თავის ვიდეოებს, ყველაფერს დამოუკიდებლად აკეთებს. ამ შემთხვევაში ყველაფერი “აჭარანეთის” გაკეთებული იყო. დარწმუნებული ვარ,”აჭარანეთმა” იცოდა, რომ ამის გამო შეიძლებოდა მას პრობლემები შექმნოდა და არ გააფრთხილეს,” – აცხადებს კოუპლენდი.

Youtube-ში ItsYoungMic-ის არხზე განთავსებული ვიდეო 4 ივნისსაა ატვირთული და მასში ერთ-ერთი პერსონაჟი დაბლარულია. თუმცა ასევე იძებნება ვიდეოს ძველი ვერსია, სადაც ჩანს, რომ დაბლარული პერსონაჟი პოლიციელია. ნეტგაზეთი დაუკავშირდა “აჭარანეთს”, თუმცა ამ დროისათვის მათთან კომენტარის ჩაწერა ვერ შევძელით. დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Screen Shot 2017-06-09 at 12.20.23 PM

მიხეილ მგალობლიშვილი 6 ივნისს დააკავეს. ზუსტი ინფორმაცია მგალობლიშვილის დაკავებაზე კოუპლენდს არ აქვს. ის დარწმუნებით აცხადებს, რომ ნარკოტესტირებაზე მის ქმარს არც ერთი ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არ დაუდგინდა. აბები კი, რომელიც მას დაკავების დროს აღმოუჩინეს, ალერგიის საწინააღმდეგო წამალია.

“მე ზუსტად არ ვიცი, ის როგორ დააკავეს. როგორც მითხრეს, ის ტელეკომპანია “იმედიდან” გამოდიოდა, როდესაც მასთან მივიდნენ პოლიციელები, გააჩერეს და გაჩხრიკეს. მას თან არაფერი ჰქონდა, ალერგიის საწინააღმდეგო აბების გარდა. ეს გახდა მიზეზი, რომ გადაეყვანათ. უკვე სამი დღეა დაკავებულია. შემოწმების შედეგად ყველაფერზე ნეგატიური შედეგი ჰქონდა. აქედან გამომდინარე აღარ არსებობდა მისი დაკავებაში ყოფნის მიზეზი. ახლა, ამიტომ გადავწყვიტეთ, ყველასათვის გაგვეგებინებინა, რომ ისინი ცდილობენ მის დადანაშაულებაში იმაში, რაც არ ჩაუდენია. გუშინ მისი ნახვის უფლება არ მომცეს. მე მასთან არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს,” – აცხადებს ერიკა კოუპლენდი.

მგალობლიშვილის დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა მისი სახლიც გაჩხრიკეს, მაგრამ, კოუპლენდის თქმით, მათ ვერაფერი აღმოაჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, “ბირჟა მაფიის” წევრები Young Mic (მიშკა მგალობლიშვილი) და Kay G (გიორგი ქებურია) განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

რეპერების დაკავების ფაქტს უკვე სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი