ახალი ამბები

კახა კალაძე: ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურადაა შესაცვლელი

11 ივნისი, 2017 • 4852
კახა კალაძე: ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურადაა შესაცვლელი

ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახა კალაძე “ბირჟა მაფიის” რეპერების, მიშკა მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას დაკავებას ვიდეო-მიმართვით ეხმიანება. კალაძე ამბობს, რომ ქვეყნის ნარკოპოლიტიკა რადიკალურადაა შესაცვლელი. მისი თქმით, თუ პოლიციელს ამ კონკრეტულ შემთხვევასთან “გადაცდომა მოუვიდა”, ყველა ადეკვატურად დაისჯება:

“მინდა გამოვეხმაურო თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას და მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურადაა შესაცვლელი და მოხარული ვარ, რომ პრემიერმა ამ რეფორმის დაჩქარება სთხოვა პარლამენტს. რაც შეეხება თავად კონკრეტულს ფაქტს, თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს მთავრობის წევრი თუ მოქალაქე, როცა ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან, თუნდაც ეჭვის დონეზე ვუშვებთ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას. ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და, დარწმუნებული ვარ ,წარსულში დარჩება, როცა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რომელიც დაწყებულია.

ჩვენ, საზოგადოება, სამართალდამცველებისგან, პირველ რიგში, ველით დახმარებას და სიმართლის დაცვას, ჩვენ ვენდობით მათ. ამიტომ არც ერთი კონკრეტული შემთხვევა არ რჩება ჩვენი ხელისუფლების, უწყების ხელმძღვანელის ყურადღების მიღმა. სრულიად დაუშვებელია, რომ რომელიმე მათგანის გადაცდომამ ჩირქი მოსცხოს ჩვენს პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ მიდის შიდა მოკვლევა, სტრუქტურის ხელმძღვანელობა გააკეთებს ყველაფერს, თუკი ვინმე დამნაშავეა, ან ვინმეს გადაცდომა აქვს ამ კონკრეტულ ეპიზოდში, ყველა ადეკვატურად დაისაჯოს,- ამბობს კალაძე ვიდეომიმართვაში.

2017 წლის 9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიის“ რეპერები.  გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე აღმკვეთი ღონისძიების სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახის წევრებმა აღნიშნულ ფაქტი თავიდანვე დაუკავშირეს რეპერების მიერ ცოტა ხნის წინ გადაღებულ და ინტერნეტით გავრცელებულ მუსიკალურ კლიპს, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული პერსონაჟი ჩანს; ერთ მონაკვეთში კი მას ძაღლის საყელური უკეთია და პირში ძვალი აქვს.

დაკავებული რეპერების მხარდასაჭერად, დღეს თბილისში მასშტაბური აქცია-მსვლელობა “მეტი რაღა უნდა მოხდეს?!” გაიმართა.  რეპერების საქმეს დღეს განცხადებით გამოეხმაურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც:

“არც ერთი ახალგაზრდა, არც ერთი მოქალაქე ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა და არც მომავალში დგას ჩვენი საზოგადოება ამ საფრთხეების წინაშე”, – თქვა პრემიერმა და პარლამენტს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინადადებით მიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი