პრემიერი: მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ჰუმანურ ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ბირჟა მაფიის” რეპერების, მიშკა მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას დაკავებას განცხადებით ეხმიანება, რომელსაც “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

“მსურს, გამოვეხმაურო ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებული ახალგაზრდების, მიხეილ მგალობლიშვილის და გიორგი ქებურიას საქმეს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია, რომლისთვის ჩრდილის მიყენების შესაძლებლობა არ უნდა დავუშვათ. ფაქტია, რომ კანონმდებლობა ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით არის ზედმეტად მკაცრი და საჭიროებს ლიბერალიზაციას. ამიტომ, თხოვნით მივმართავ პარლამენტს, დაჩქარდეს ამ საკითხზე მუშაობა, რათა საშემოდგომო სესიისთვის მაინც მოვასწროთ სახეცვლილი, ჰუმანური და ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონის მიღება.

მინდა, აგრეთვე მივმართო ახალგაზრდობას – ჩვენი მთავრობის ნებისმიერი ნაბიჯი და გადაწყვეტილება არის მიმართული იმისკენ, რომ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მომავალს, შეგიქმნათ თავისუფალი და ცივილიზებული გარემო. ჩვენმა თაობამ კარგად ვიცით და გამოვცადეთ საკუთარ თავზე, როგორი არ უნდა იყოს სისტემა და მაქსიმალური ძალისხმევა გვაქვს მიმართული ისეთი ქვეყნის შესაქმნელად, სადაც სიტყვის, გამოხატვის თავისუფლება, პიროვნული ინდივიდუალიზმი იქნება არა დაპირება, არამედ – ფაქტი. არც ერთი ახალგაზრდა, არც ერთი მოქალაქე ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის თავისუფლების გამო არ დასჯილა და არც მომავალში დგას ჩვენი საზოგადოება ამ საფრთხეების წინაშე.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ ორი ახალგაზრდის დაკავებასთან დაკავშირებულ ვითარებას, პროკურატურამ გააკეთა განცხადება, რომ უმოკლეს ვადაში შეისწავლის აღნიშნული საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, სამართალწარმოების პროცესი ჯერ დასრულებული არ არის”,- ნათქვამია განცხადებაში. 

2017 წლის 9 ივნისს ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ ნარკოტიკების ფლობის ბრალდებით დააკავა მუსიკალური ჯგუფის, „ბირჟა მაფიის“ რეპერები.  გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინვე აღმკვეთი ღონისძიების სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეუფარდა.

ოჯახის წევრებმა აღნიშნულ ფაქტი თავიდანვე დაუკავშირეს რეპერების მიერ ცოტა ხნის წინ გადაღებულ და ინტერნეტით გავრცელებულ მუსიკალურ კლიპს, სადაც პოლიციელის ფორმაში ჩაცმული პერსონაჟი ჩანს; ერთ მონაკვეთში კი მას ძაღლის საყელური უკეთია და პირში ძვალი აქვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ელენე ხაჭაპურიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2011 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, განათლების, ჯანდაცვის, ადამიანის უფლებებს და მიმდინარე მოვლენებს. e-mail ellen.khachapuridze@gmail.com