ახალი ამბებისაზოგადოებახელოვნება

რაზე რეპავს Birja Mafia

11 ივნისი, 2017 • 17752
რაზე რეპავს Birja Mafia

ბირჟა მაფია თავის სიმღერებში “ერჩის” ბავშვებს, რომლებიც ახალი წლის დღეებში ხლაპუშკებს აფეთქებენ და უბნის მყუდროებას არღვევენ, “ერჩის” სანტა კლაუსს, რადგან ის წითლებში ჩაცმული გადაადგილდება, სამაგიეროდ “მოსწონს”  თოვლის ბაბუ და სასიყვარულო ურთიერთობა, სადაც გოგო ბიჭმა უნდა “გაზარდოს”. რა ტიპის პროექტია Birja Mafia, სარკასტული ღადობა თუ ძველი ბიჭების რეპი?

Birja Mafia ჰიპ – ჰოპ პროექტია, რომელშიც რამდენიმე რეპერი მონაწილეობს. ჯგუფმა სადებიუტო სიმღერა “დონე” ორი წლის წინ გამოუშვა.

“ვდაგავარ ბირჟაზე 24/7-ზე, არ გირჩევ იყო კაი ბიჭის სიძე”, – ასე იწყება ჯგუფის პირველი  სიმღერა, რომელსაც ამ დროისთვის Youtube-ზე 1.2 მილიონზე მეტი ნახვა.

დღეის მდგომარეობით ჯგუფს სულ 6 სიმღერა აქვს ჩაწერილი. მათგან ყველაზე პოპულარულია “ხლაპუშკა”, რომელიც საახალწლო ასაფეთქებლებისაგან შეწუხებული “ძველი ბიჭების” პრობლემებს აღწერს. ეს სიმღერა Youtube-ზე დაახლოებით 3 მილიონჯერ ნახეს.

[red_box]გაფრთხილება – სიმღერები შეიცავს უზენცურო სიტყვებს[/red_box]

ასევე პოპულარულია სიმღერა “გამზარდე”. სიმღერა იმ მენტალიტეტის მქონე ადამიანებს ეხება, ვინც თვლის, რომ შეყვარებული თვითონ უნდა “გაზარდოს”.

ბირჟა მაფიას “პრობლემები აქვს” სანტა კლაუსთანაც და თოვლის ბაბუ ურჩევნია.

ბირჟა მაფიას რამდენიმე პერსონაჟი ჰყავს- ბარკალა (მიშკა მგალობლიშვილი, იგივე იანგ მაიკი), სტეჩკინა (გიორგი ქებურია, იგივე KAY G), წეპო (კაკი ჭანურიძე). იანგ მაიკიც და KAY G-იც ბირჟა მაფიისგან დამოუკიდებლადაც რეპავენ, ოღონდ უფრო სერიოზულ თემებზე.

“ჩვენი ჯგუფი შეიქმნა ასე. ინტერნეტში რაღაც კონკურსი გვქონდა გაკეთებული, ვინც ყველაზე კარგად გარეპავდა (მე და ზაზა თევთიძემ- მუსიკალური პროდიუსერი – გავაკეთეთ), ჩემთან ჩაწერდა დუეტს და საჩუქრად ექნებოდა ბითი. კაკიმ გარეპა ძალიან კარგად. შემდეგ მითხრა, ასეთი იდეა მაქვს, რომ გავაკეთოთ ბირჟა მაფია, სადაც ქუჩის ბიჭები რეპავენ ქუჩურ ცხოვრებაზეო. მე დავთანხმდი. საერთოდ არ ვიცოდი, რა შედეგი მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. გადავიღეთ კლიპი და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინტერნეტში. შემდეგ მივყევით და უკვე მე-6 კლიპს ვაკეთებთ”, – ამბობს მიშკა მგალობლიშვილი ტელეკომპანია მაესტროსთვის მის დაკავებამდე მიცემულ ინტერვიუში.

“ვიგონებთ თემას, რომელიც აქტუალურია და ახალგაზრდობას აინტერესებს, რაზეც ისედაც ლაპარაკობენ ბირჟაზე, უბანში, შემდეგ ამ თემებს ვახურებთ”.

ნიკო ნერგაძე, მუსიკალური მიმომხილველი ნეტგაზეთთან ამბობს, რომ Birja Mafia ხუმრობს, მათ შორის ბოლო კლიპშიც Tsl shavi zeda, ოღონდ არა პოლიციაზე, არამედ ე.წ. ძველ ბიჭებზე.

“მე რამდენადაც მომისმენია და მილაპარაკია მიშკასთან, ეს არის Hip – Hop დუეტი, რომელიც ნახევარდ პაროდიული ჟანრისაა და ნახევარად სერიოზული. ძირთადად ღადაობენ ძველ ბიჭებზე, ანუ უფრო კაიფობენ თავიანთ თანატოლებზე, რომლებიც ქუჩაში ბლატაობენ. ბოლო კლიპზე, სადაც არის ლაპარაკი, რომ პოლიციაა გაშარჟებულიო, არ ვიცი, ვინც მაგ კლიპს ორჯერ ნახავს, მე მგონი, ცალსახად კაიფობენ ტიპებზე, ვისაც სურს, რომ პოლიციელები გამობმული ჰყავდეს ყელსაბამზე. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს ამას, სულ რომ პოლიციას აგინებდნენ, ამის გამო არავინ უნდა დაემუქროს. იქ დგას ორი პერსონაჟი, არა რეპერი, არამედ პერსონაჟები, რომლებიც თავის პერსონაჟებზე თვითონ კაიფობენ. [ეს დისკუსია] დაახლოებით იგივეა, კომედი შოუს მსახიობებზე, რომ იკითხო, მართლა ეჩხუბებიან თუ არა თავის სიდედრსო”, – ამბობს ნერგაძე.

“ძველი ბიჭი არ გარეპავს. ეგრე არ მოიქცევა. არის ისეთი კატეგორია, რომელიც უყურებს ჩვენს კლიპებს და… აი, თუნდაც თოვლის ბაბუს კლიპს რომ შეხედავ, რატომ უნდა გეგონოს, რომ ვიღაც ეგეთ რაღაცას სერიოზულად გააკეთებს?”, – ეს უკვე თვითონ მიშკა მგალობლიშვილის, იგივე იანგ მაიკის (ბირჟა მაფიაში ბარკალას) სიტყვებია, რომელიც მან ნიკო ნერგაძის გადაცემაში (რადიო თავსიუფლებაზე) თქვა 2016 წელს.

“თავიდან ვფიქრობდით, რომ ხომ არ გაგვიტრაკებენ ვიღაცები, რა ბირჟა მაფია? გამიხარდა, რომ თვითონ ეგეთი ტიპებიც კი, ვინც ძველბიჭობენ, მათაც იუმორით შეხედეს და არა ისე, რომ ესენი ვინ არიან”, – ამბობს იანგ მაიკი და დასძენს, რომ სინამდვილეში ბარკალასგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანია: “ვარჯიშობს და არ ეკარება ნარკოტიკებს”.

რისი თქმა სურთ რეპერებს ბირჟა მაფიით? – ზემოხსენებული მენტალიტეტის წახალისხება და რეკლამირება? იანგ მაიკი ამბობს, რომ მათი მიზანი იმ გარემოს ასახვაა, რომელშიც ცხოვრობენ.

“თოვლის ბაბუც და გამზარდეც ორივე განზრახ ჩავიფიქრეთ და ასე დავგეგმეთ, რომ ყოფილიყო ისეთი თემა, რომლის გამოც შესაძლოა ვიღაც გაღიზიანებულიყო კიდეც, მაგრამ ეს არის რეალობა და საქართველო. შეიძლება მოგწონდეს, არ მოგწონდეს მაგრამ ის, რომ დაიწყო ლაპარაკი: ქართველები ლიბერალები ვართ, ძალიან კარგი, ღმერთმა გაუმაჯროს ყველას თავის გზაზე, ვისაც რა შეხედულება აქვს, აბსოლუტურად არავისთან მაქვს პრობლემა, მაგრამ უბრალოდ ფაქტია, რომ ეს ადამიანებიც არსებობენ.

თუ სხვას სჭირდება ჰიმნი, ამათაც სჭირდებათ თავიანთი ჰიმნი, ეს ერთი, და მეორე, ამ ჰიმნის მხარეს რომ თავი დაანებო, ეს არის რეალობა.

2 pac-თან ჰქონდათ ინტერიუ  და ჰკითხეს: ძალადობის პოპულარიზაციას ხომ არ ახდენ შენი რეპითო? შემდეგ 2 pac-ს ციტატა მოჰყავს თავისი სიმღერიდან, სადაც აღწერს, რა ხდება უბნებში მის გარშემო: ადამიანი ნარკოტიკს ყიდის, ახალგარდა ბიჭი მოკვდა, არასრულწოვანმა გოგომ ბავში გააჩინა და ნაგავსაყრელზე გადაადგო. ეს ამის რეკლმა კი არ არის, არამედ აღწერა. მერე ამბობს, რომ მოგვეცით უკეთესი გარემო და ამაზე გავრეპავთო.

jay z არის მილიარდერი და რეპავს იმაზე, რა კარგია ცხოვრება.

მე ვფიქრობ, აუცილბელად უნდა იყოს დაფიქსირებული ის, თუ რა ხდება, რა რეალობაა, რა მენატილიტეტია. სად ხარ, თუ არ გაიაზრე… ფაქტია, რომ “გამზარდე” ჩავწერეთ და ამდენმა ადამიანმა მოისმინა”, – ამბობს რადიო თავისუფლების ეთერში იანგ მაიკი 2016 წელს.

“სოციალურ ქსლებში ბევრი წერს, რომ შეიძლება არ მოგწოდნეს მათი რეპი და ა.შ. ანუ ცოტა ზევიდან უყურებენ, მაგრამ არ არის ზევიდან გადასახედი ჯგუფი, კარგი რეპერები არიან, კარგი ბითები აქვთ, ზომიერად სასაცილო და ზომიერად საკაიფოა”, – ეს უკვე ნიკო ნერგაძის სიტყვებია, რომელიც მან ნეტგაზეთთან საუბარში თქვა.

ბირჟა მაფიის ორი წევრი, მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია დაკავებული არიან ნარკოდანაშაულის ბრალდებით და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. რეპერები აცხადებენ, რომ ისინი პოლიციელთა მხრიდან შურისიების მსხვერპლნი გახდნენ ბოლო კლიპისთვის, რომელსაც tsl shavi zeda ჰქვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი