ახალი ამბები

ვასაძის თქმით, “ბირჟა მაფიისთვის” ნარკოტიკის შესაძლო ჩადებაზე გამოძიება 2 წელია გრძელდება

27 სექტემბერი, 2019 • 964
ვასაძის თქმით, “ბირჟა მაფიისთვის” ნარკოტიკის შესაძლო ჩადებაზე გამოძიება 2 წელია გრძელდება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი მამუკა ვასაძე, რომელსაც ამჟამად მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტი უკავია, აცხადებს, რომ “ბირჟა მაფიის” წევრებისთვის პოლიციელების მხრიდან ნარკოტიკული საშუალების შესაძლო ჩადებაზე გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

აღნიშნული კითხვა კანდიდატს “ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ დაუსვა. დეპუტატი დაინტერესდა, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ჯგუფის წევრებს დანაშული არ ჩაუდენიათ, რატომ არ მოხდა იმის გამოძიება, თუ საიდან აღმოჩნდა საქმეში ნარკოტიკული ნივთიერება:

“ამაზე მიმდინარეობს გამოძიება. იმდენ ხანს გაგრძელდება გამოძიება, სანამ არ შეიკრიბება შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულება. თუ ვერ შეიკრიბება შესაბამისი სტანდარტის მტკიცებულებები, სისხლის სამართლის დევნა ვერავის მიმართ ვერ დაიწყება”, – ამბობს ვასაძე.

მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია პოლიციამ 2017 წლის ივნისში დააკავა. შსს მათ ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს ფლობას ედავებოდა (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

“ბირჟა მაფიის” წევრები მას შემდეგ დააკავეს, რაც რეპერებმა თავიანთ კლიპში პოლიციელი აჩვენეს ძაღლის როლში. აღკვეთის სახით ორივე მათგანს პატიმრობა შეეფარდა, თუმცა საპროტესტო აქციების შემდეგ გაათავისუფლეს. მოგვიანებით, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის დეკემბერში საერთოდ შეწყდა.

რეპერები ამბობდნენ, რომ დაკავებამდე პოლიციელები ამ კლიპის გამო ემუქრებოდნენ, რის შემდეგაც ნარკოტიკი ჩაუდეს. რეპერების გათავისუფლების შემდეგ არცერთი პოლიციელი არ მიუციათ პასუხისგებაში მათთვის ნარკოტიკების ჩადების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი