დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში არჩევნებზე აქტივობა 70%-მდეა – ოპოზიცია ე.წ. კარუსელზე საუბრობს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტივობამ ადგილობრივი დროით 16:00 საათზე [მოსკოვის დრო] 69,95% შეადგინა. ყველაზე მაღალი აქტივობა [81.04%] ახალგორის რაიონში [ლენინგორი] დაფიქსირდა. ცხინვალის რაიონში – 68,85%.

დამკვირვებლების ცნობით, არჩევნებზე სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა, ამჟამინდელი პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ოპონენტთა მხარდამჭერ ფეისბუკის ჯგუფებში ე.წ. კარუსელზე საუბრობენ:

 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დღეს, 2017 წლის 9 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნები და “სამხრეთ ოსეთისთვის” “სახელმწიფო ალანიას” გადარქმევის საკითხზე პლებისტიცი მიმდინარეობს.

ოფიციალური ინფორმაციით, სულ 77 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის სამი ჩრდილოეთ ოსეთში, ერთი მოსკოვში და ერთიც – სოხუმში. კენჭსყრაში მონაწილეობას 32 736 ამომრჩეველი მიიღებს.

ოფიციალური ცნობითვე, არჩევნებს  რუსეთიდან, აფხაზეთიდან, დნესტრიპირეთიდან, მთიანი ყარაბაღიდან, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან 80- ზე მეტი საერთაშორისო მონიტორი აკვირდება.

არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობს- ამჟამინდელი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი. ორ კანდიდატს, მათ შორის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითის,არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრეს. 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დაგეგმილ არჩევნებსა და რეფერენდუმს ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს. ქართული მხარის გარდა, აღნიშნული არჩევნების არალიგიტიმურობის შესახებ განცხადებებს აკეთებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. 7 აპრილს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში არჩევნებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმაც გააკეთა.

ცხინვალის გადაწყვეტილებით, 9 აპრილის არჩევნების გამო, ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტი სამი დღით ჩაიკეტა. 

 

ამომრჩეველთა აქტივობა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებზე ვლადიკავკაზში; ფოტო: ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერთა ფეისბუკის ჯგუფიდან

ამომრჩეველთა აქტივობა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნებზე ვლადიკავკაზში; ფოტო: ანატოლი ბიბილოვის მხარდამჭერთა ფეისბუკის ჯგუფიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი