ახალი ამბები

მინდა, პატივისცემა დავუდასტურო ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს – პაპუაშვილი

30 მარტი, 2024 • 1189
მინდა, პატივისცემა დავუდასტურო ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პატივისცემას უდასტურებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს იმ პოზიციის გამო, რაც მან ე.წ. ვეტინგის სისტემის შესახებ დააფიქსირა. კონკრეტულად, ნინო ქადაგიძისთვის “კატეგორიულად მიუღებელია” მისი, როგორც მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება.

უფრო მეტიც, უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომაზე ქადაგიძემ განაცხადა, რომ თუ ვეტინგის სისტემა დაინერგება, ის წავა სისტემიდან, რადგან არ სურს, დაექვემდებაროს ვინმეს შემოწმებას.

“კიდევ ერთხელ, მინდა, პატივისცემა დავუდასტურო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ქალბატონ ნინო ქადაგიძეს და ქართველ მოსამართლეებს.

სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვების მიზნის მქონე რამდენიმე ენჯეოს წყალობით, მართლმსაჯულების საკითხებში უცხოური ორგანიზაციების მონაწილეობა დღეს გაიგივდა სასამართლო ხელისუფლებაზე თავდასხმასთან, მოსამართლეების მიმართ მტრულ რიტორიკასა და მათი ოჯახის წევრებზე მორალურ ტერორთან, ანუ ყველაფერ იმასთან, რაც ანტიევროპაა”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ის ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა “შეწყდეს ეს უსამართლო თავდასხმები, რომლის მიზანიც სასამართლოს რეპუტაციის შელახვასთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოს დაზიანებაა”.

“ნეტგაზეთმა” გამოითხოვა უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომის ოქმი და აუდიოჩანაწერი, სადაც მოსამართლეებმა მიიღეს განცხადება კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის წინააღმდეგ, რაც ბრიუსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე.

ჩანაწერში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო ქადაგიძე ამბობს, რომ საერთოდ წავა სასამართლო სისტემიდან, თუ ვინმე გადაწყვეტს,  მისი კეთილსინდისიერება შეამოწმოს. ქადაგიძის თქმით, მსგავსი მექანიზმის შექმნა მისთვის, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოსამართლისთვის, კატეგორიულად მიუღებელია.

ე.წ. ვეტინგის სისტემის წინააღმდეგ გამოდის უზენაესი სასამართლოს წევრი, შალვა თადუმაძეც. 

“არ მგონია, რომ 2-პროცენტიანი და 1-პროცენტიანი პოლიტიკოსების სამსჯელო უნდა იყოს ჩემი ან რომელიმე ჩვენგანის კეთილსინდისიერება, ან რომელიმე ჩვენგანი ვალდებული ვართ, დაველოდოთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი როდის გვეტყვის, როგორი ცუდები ვართ, ან ევროკავშირი…”, – ამბობს თადუმაძე სხდომაზე.

უზენაესი სასამართლოს ნეგატიურ პოზიციას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესახებ არ დაეთანხმა ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი