საზოგადოებასამართალი

უზენაესის ორი მოსამართლე ე.წ. ვეტინგზე სასამართლოს განცხადებას არ ეთანხმება

13 მარტი, 2024 •
უზენაესის ორი მოსამართლე ე.წ. ვეტინგზე სასამართლოს განცხადებას არ ეთანხმება

უზენაესი სასამართლოს პოზიციას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესახებ არ იზიარებენ ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი. ინფორმაცია ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქურმა დაუდასტურა.

ბაქაქურის თქმით, გადაწყვეტილება განცხადების გავრცელების შესახებ, რომელშიც ევროკომისიის მოწოდებაზე შეშფოთებაა გამოთქმული, უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომაზე მიიღეს. მოსამართლემ გვითხრა, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მისი და ეკატერინე გასიტაშვილის მხარდაჭერა არ ჰქონია და მოსამართლეებმა საკუთარი პოზიციები დეტალურად განმარტეს პლენუმის სხდომის ოქმში.

ვინ შედის უზენაესი სასამართლოს პლენუმში

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს პლენუმი შედგება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, უზენაესი სასამართლოს წევრებისა და სააპელაციო სასამართლოების თავმჯდომარეებისაგან .

შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლესთან ერთად, პლენუმის წევრია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, რომელიც ამავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეცაა.

პლენუმის წევრები არიან ასევე მისი მოადგილეები: ყოფილი მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე, რომელიც 2019 წლიდან უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლეა; იუსტიციის საბჭოს ყოფილი მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ასევე 2019 წელს გახდა.

ამასთან, პლენუმის წევრები არიან თბილისის სააპლეაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და  ქუთაისის სააპლეაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ირაკლი ბონდარენკო, რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატია.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, პლენუმი უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა, გადაწყვეტილება კი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომის მონაწილეთა არანაკლებ ორმა მესამედმა.

საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ასევე არსეობს ჩანაწერი, რომ უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა „როგორც წესი, საჯაროა“, თუმცა აღნიშნული სხდომის ოქმი უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე ამ დრომდე არ არის გამოქვეყნებული [18:00, 13 მარტი].

„ნეტგაზეთი“ ორი დღეა, ცდილობს საქართველოს უზენაესი სასამართლოსგან მოიპოვოს პლენუმის სხდომის ოქმი, სადაც მითითებული იქნება, თუ რამდენი მოსამართლე ესწრებოდა სხდომას და ვინ დაუჭირა მხარი აღნიშნული ფორმით განცხადების გავრცელებას, თუმცა ამ დრომდე ეს ინფორმაცია სასამართლოსგან არ მიგვიღია. „ნეტგაზეთი“ აღნიშნული ინფორმაციის მიღებას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფორმატშიც ცდილობს. ინფორმაციის მიღებისთანავე მკითხველს მისი წაკითხვის შესაძლებლობა მიეცემა.

როგორია უზენაესი სასამართლოს პოზიცია მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმზე

რაც შეეხება განცხადებას, რომელის შინაარსსაც ორმა მოსამართლემ მხარი არ დაუჭირა, უზენაესი სასამართლოს სახელით 11 მარტს გავრცელდა. განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურა ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას:

„ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს „კეთილსინდისიერების“ შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე.

უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა მიმართ გარეგანი ზეწოლის როგორც მითითებული შინაარსი, ისე ამ მასშტაბით განხორციელება, საამისოდ გათვალისწინებული ფაქტობრივი მოცემულობის არარსებობის პირობებში, ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ აღნიშნული წარმოადგენს თითოეული მოსამართლისადმი ინდივიდუალურად მიმართულ გზავნილს – შესაბამისი დღის წესრიგით გაცხადებული პოლიტიკური კონტროლისათვის დაქვემდებარებაზე უარის გაცხადების პირობებში-მათ მიმართ შემოწმების საგანგებო მექანიზმების გავრცელება/გამოყენების დაშვების თაობაზე“, — ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც უზენაესმა სასამართლომ დღეს, 11 მარტს გაავრცელა.

ვრცლად წაიკითხეთ:უზენაესი სასამართლო „ვეტინგზე“: ლახავს სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობას

რას მოუწოდებს საქართველოს ევროკომისია და როგორია ხელისუფლების პოზიცია

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება, სასამართლო სისტემაზე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა.

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ტერმინ „ვეტინგს“ არ იყენებს, იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას სწორედ ამისაკენ მოუწოდებს, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას გულისხმობს, მათ შორის მათი ფინანსების გამოაშკარავებით, შესაძლო ნეპოტისტური კავშირების შემოწმებით და სხვა.

„ქართული ოცნება“ უარს ამბობს, დანერგოს მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.

მმართველ პარტიაში ცდილობენ, ე.წ. ვეტინგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა იმ ყველაფერს, რაც ამ ინსტრუმენტის უკან დგას, საქართველოსაგან სინამდვილეში ევროკომისია ითხოვს. “ოცნების” კიდევ ერთი არგუმენტი სუვერენიტეტს ეხება, რასაც მისი ოპონენტები არ იზიარებენ.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: რას ნიშნავს „ოცნების“ უარი სასამართლო სისტემაში „ვეტინგზე“

საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის ამ რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდებენ სამოქალაქო ორგანიზაციები. ხუთმა მათგანმა განცხადება დღეს, 13 მარტსაც, გაავრცელა და უზენაესი სასამართლოს პოზიციასაც გამოეხმაურა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“, „დემოკრატიის მცველები“ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლების რიტორიკას სწორედ ის პირები შეუერთდნენ და კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას სწორედ ის მოსამართლეები დაუპირისპირდნენ, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართაც საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა არსებობს.

„მაგალითად, კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას დაუპირისპირდა უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე, შალვა თადუმაძე, რომლის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს.  ასევე კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავს ლევან მურუსიძე, რომლის სახელიც ქვეყანაში წლების მანძილზე უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებას უკავშირდება და რომელიც გასულ წელს, კორუფციაში ჩართულობის გამო, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის, აშშ-ის მიერ დასანქცირდა.

კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავს ასევე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე. მისი სახელი ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ „ფილიპ მორისის“ საქმესთან არის დაკავშირებული“, — ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების ავტორები არ ეთანხმებიან უზენაესი სასამართლოს სახელით გავრცელებული წერილის შინაარსსაც, სადაც ნათქვამია, რომ  ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დამატებით შემოწმებას არ საჭიროებენ, რადგან მოსამრთელეების კეთილსინდისიერება თანამდებობაზე არჩევის პროცესში უკვე გადამოწმდა:

„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს ფაქტი უკვე აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, რომელიც ხარვეზებით მიმდინარეობდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კრიტიკის საგანი გახდა.

მათ შორის, უარყოფითი შეფასებები გაკეთდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერაც, რომელიც პროცესს მონიტორინგს უშუალოდ უწევდა. გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა, ამ პროცესის ხარვეზების შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისათვისაც კარგად არის ცნობილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული.


სტატია მოამზადა ნეტგაზეთმა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ნეტგაზეთი და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

USAID

მასალების გადაბეჭდვის წესი