სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კვირების განმავლობაში ცდილობდნენ დეტალურად აეხსნათ რუსული კანონის დამაზიანებელი შედეგები, ეს მათზე უკეთ თავად ამ კანონის ინიციატორებმა, “ქართული ოცნების” ლიდერებმა გააკეთეს.
ასე გამოეხმაურნენ ისინი 29 აპრილს გამართულ მმართველი პარტიის აქციას რუსული კანონის მხარდასაჭერად, სადაც ხალხი – ძირითადად, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული მოქალაქეები – რეგიონებიდან ორგანიზებულად ჩამოიყვანეს. აქციაზე, “ქართული ოცნების” სხვა ლიდერებთან ერთად, სიტყვით გამოვიდა, პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშვილის სიტყვა სავსე იყო ანტიდასავლური გზავნილებით, კონსპირაციული თეორიებითა და ვითომ დასავლეთისგან მომდინარე “საფრთხეებით”.
“სამოქალაქო საზოგადოება კვირების განმავლობაში დეტალურად განმარტავდა, თუ რატომ არის რუსული კანონი ანტიკონსტიტუციური, ქართული დემოკრატიის დასასრული და ევროკავშირში ინტეგრაციის საერთო-ეროვნული სწრაფვის შეგნებულად დამაზიანებელი. თუმცა რუსული კანონის მავნე შედეგებში საზოგადოების დარწმუნებას ხელისუფლების გუშინდელ განცხადებებზე უკეთ ვერავინ შეძლებდა.
ხელისუფლებამ ღიად დააფიქსირა, რომ რუსული კანონის მიღებით ისინი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიების გამოცხადებას გეგმავენ. ისინი აანონსებენ არჩევნების მიტაცებას, ცენზურას და საბჭოთა სტილის ტოტალიტარულ რეჟიმს. მათ განაცხადეს, რომ დასავლეთს ხედავენ მტრად, ხოლო ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი ქვეყანა, რუსეთი, არც კი უხსენებიათ ამ კონტექსტში. ყველამ ნათლად გაიგო, რომ რუსული კანონის მიღების მიზანი არა ყბადაღებული “გამჭვირვალობა, არამედ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა და რუსეთიზაციის გაფორმებაა”, – ვკითხულობთ სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისინი საზოგადოებას რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. გარდა ამისა, ისინი მოუწოდებენ პოლიტიკურ პარტიებს, “კიდევ უფრო მტკიცედ იბრძოლონ პარლამენტში რუსული კანონის წინააღმდეგ”.
პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვას დღეს, 30 აპრილს დაიწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონი მეორე მოსმენით გუშინ მიიღო.
დღეს, 19 საათზე, პარლამენტთან რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი აქციაა დაგეგმილი.
ამავე თემაზე: