კომენტარი

“ენის მოჩლექის დრო არ არის” – მოსამართლე შალვა თადუმაძე ე.წ. ვეტინგის წინააღმდეგ

29 მარტი, 2024 • 2767
“ენის მოჩლექის დრო არ არის” –  მოსამართლე შალვა თადუმაძე ე.წ. ვეტინგის წინააღმდეგ

“არ მგონია, რომ 2-პროცენტიანი და 1-პროცენტიანი პოლიტიკოსების სამსჯელო უნდა იყოს ჩემი ან რომელიმე ჩვენგანის კეთილსინდისიერება, ან რომელიმე ჩვენგანი ვალდებული ვართ, დაველოდოთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი როდის გვეტყვის, როგორი ცუდები ვართ, ან ევროკავშირი…”, – ეს განცხადება 11 მარტს ჩატარებული პლენუმის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს წევრმა შალვა თადუმაძემ გააკეთა.

ნეტგაზეთმა გამოითხოვა უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომის ოქმი და აუდიოჩანაწერი, სადაც მოსამართლეებმა მიიღეს განცხადება კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის წინააღმდეგ, რაც ბრიუსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ უზენაესი სასამართლოს ნეგატიურ პოზიციას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესახებ არ დაეთანხმა ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი.

ნეტგაზეთის მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი სხდომის ჩანაწერით ცნობილი ხდება ის განცხადებები, რომლებიც მოსამართლეებმა გააკეთეს.

შალვა თადუმაძის სიტყვიდან ნათელი ხდება, რომ ის უფრო “რადიკალური” განცხადების მომხრეა, ვიდრეს ეს უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა.

“ხვალ რომ ჩაატარონ “ვეტინგი”… დაჯდა იურიდიული კომიტეტი: იაგო ხვიჩია, ფრიდონ ინჯია, ვიღაცები და მიიღეს გადაწყვეტილება, უნდა შეგვამოწმონ. კანონიც თუ მიიღო პარლამენტმა და ხალხს თუ ევროპაში უნდა, ჩვენ წინააღმდეგობას ხომ ვერ გავუწევთ და ამ შემოწმებაზე 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი ვიქნები. 5000 გადაწყვეტილებაზე, რომელზეც ხელი მოვაწერე, იმ ადამიანებს მე-6 მუხლი დაერღვევათ თუ არა?! იმიტომ, რომ მე ვიყავი ამ შემადგენლობაში და იქნება თუ არა ახლად გამოვლენილი გარემოება, რომლითაც უნდა გადაიხედოს ის 6000 საქმე… სად მივდივართ? რაღაც აბსურდში მივდივართ…

ნებისმიერი ჩვენგანისთვის იმის თქმა, რომ არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი ხარო, ჩვენ მიერ განხილული საქმის მხარისთვის წარმოშობს ვალდებულებას, იდავოს მე-6 მუხლთან მიმართებაში.

როცა საპარლამენტო მდივანი ვიყავი და ევროპა გვასწავლიდა კანონების წერას, მეუბნებოდნენ, რეგულირების ზეგავლენა უნდა შეაფასო და მერე დაწერო კანონიო.

ახლა შევაფასოთ რეგულირების ზეგავლენა. ჯერ საერთოდ ვინმეს სჭირდება, რაიმე პრობლემას წარმოადგენს სასამართლო ამ ქვეყანაში?

თუ ვინმეს გვჯერა, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციამ [სავარაუდოდ, გულისხმობს აშშ -ისსახელმწიფო დეპარტამენტს. ნეტ.] ამ ქვეყანაში 4 კორუმპირებულის მეტი ვერ ნახა? ამის გვჯერა ვინმეს?

იქ, სადაც ხელისუფლება მუშაობს, შედეგებს დებს. როცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ იცოდა, დეპარტამენტი რაზე მუშაობდა, როცა აღმასრულებელი ხელისუფლების შტო არ იყო და სასამართლო ხელისუფლების შტო იყო, არ იყო ისეთი ძალისხმევა, თორემ, ალბათ, ვიცით ხომ უფრო კორუმპირებული ადამიანები, რომლებიც უფრო გამოჩენილები იყვნენ საერთაშორისო დონეზეც.

ის, რომ [ევროკომისიის] 9 პუნქტია შესასრულებელი და ახლა სასამართლოს მივხედოთ და რვაზე რაღაცებს ვივაჭრებთ, ასე არ გამოვა. მე ერთ-ერთ გამოსვლაში ვთქვი: თუ გინდა, რომ ხელისუფლება იყო, ხელისუფლებასავით უნდა იცხოვრო.

ამიტომ, მე მგონია, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებამაც უნდა გაიგოს ჩვენი ხმა და სხვა პოლიტიკოსებმაც, მათ შორის პრეზიდენტმაც, რომელიც ჩვენს რეიტინგზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საკუთარზე და ხშირად ამბობს რომ დაბალი რეიტინგი აქვს ამ ინსტიტუტს, თითქოს არ ვიცოდეთ, ვის რამდენი რეიტინგი აქვს ამ ქვეყანაში. ამიტომ, არ მგონია, რომ 2-პროცენტიანი და 1-პროცენტიანი პოლიტიკოსების სამსჯელო უნდა იყოს ჩემი ან რომელიმე ჩვენგანის კეთილსინდისიერება, ან რომელიმე ჩვენგანი ვალდებული ვართ დაველოდოთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი როდის გვეტყვის, როგორი ცუდები ვართ ,ან ევროკავშირი…”, – განაცხადა თადუმაძემ და კითხვა დასვა: ევროკავშირი, პოლიტიკური ორგანიზაცია, როგორ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები არიან შესასწავლი.

“ეგ ხომ გამორიცხულია, თუ აქედან არ არის ეს ინფორმაცია მიწოდებული, რომ იქ რაღაც პრობლემებია: კახა წიქარიშვილი და ანა ნაცვლიშვილი ვერ მოხვდნენ უზენაესში მოსამართლეებად ამიტომ… [არ ისმის.ნეტ] …მოდი, ეს ხალხი გამოვყაროთ და იმ ხალხს შევიყვანთ შიგნით.  ხომ ეს პროცესი მიმდინარეობს და, მე მგონი, ენის მოჩლექის დრო არ არის, მე მგონი, არც იმის დროა, იმ საპირწონეზე დავდგეთ, რომ ქართველი ერის საუკუნოვანი სურვილია ევროკავშირში და ცუდი მოსამართლეები კეთილსინდისიერებას არ ამოწმებინებენ ევროპელებს და ამიტომ ევროკავშირში არ გვიღებენ – ამ ნარატივის დროც არ არის”, – განაცხადა თადუმაძემ.

მისი განცხადებიდან ჩანს, რომ საკვანძო თანამდებობაზე დანიშნული მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს მხარს არ დაუჭერს იმ შემთხვევაშიც, “რაც არ უნდა კონსტიტუციური და კანონიერი იყოს”.

“ვინ უნდა შეგვამოწმოს? ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა ნაცვლიშვილმა უნდა შეამოწმონ ჩემი კეთილსინდისიერება ან რომელიმე ჩვენგანი? ან კვალიფიციურობა?

ხელმოცარული იურისტები და კორუმპირებული პოლიტიკოსები, რომლებიც პარტიიდან პარტიაში გადადიან იმ ხელფასის შესაბამისად, რომელსაც პარტიის ხელმძღვანელი უხდის და სახელები შემიძლია ჩამოვწერო… ამ ადამიანებმა ვინ უნდა შეამოწმონ…”, – განაცხადა თადუმაძემ.

სხდომას 22 მოსამართლე ესწრებოდა, საიდანაც განცხადების ტექსტს მხარი მხოლოდ სწორედ ზემოხსენებულმა ორმა მოსამართლემ არ დაუჭირა. მოსამართლეთა ნაწილი ტექსტის გამკაცრებას და უფრო მკვეთრი განცხადების გაკეთებასაც ითხოვდა.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება, სასამართლო სისტემაზე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა.

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ტერმინ „ვეტინგს“ არ იყენებს, იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას სწორედ ამისაკენ მოუწოდებს, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას გულისხმობს, მათ შორის მათი ფინანსების გამოაშკარავებით, შესაძლო ნეპოტისტური კავშირების შემოწმებით და სხვა.

„ქართული ოცნება“ უარს ამბობს, დანერგოს მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე გირჩევთ

ათამდე მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა

 

უზენაესი სასამართლო „ვეტინგზე“: ლახავს სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობას

ათამდე მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი