საზოგადოება

EU შეშფოთებას გამოთქვამს “ოცნების” ლიდერების კომენტარების გამო მოსამართლეების მიმართ

22 მარტი, 2024 • 3249
EU შეშფოთებას გამოთქვამს “ოცნების” ლიდერების კომენტარების გამო მოსამართლეების მიმართ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო განცხადებით ეხმაურება საქართველოში სასამართლო რეფორმის საკითხებზე მიმდინარე მოვლენებს.

პიტერ სტანოს განცხადებით, მართლმსაჯულების სიღრმისეული რეფორმა, რომელიც მათ შორის შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და თანხვედრაში იქნება ევროკავშირის 2023 წლის გაფართოების ანგარიშსა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, ევროკომისიის ერთ-ერთი ფუნდამენტური რეკომენდაციაა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების გზაზე.

მისივე თქმით, ეს ასევე არის იმ 9 ნაბიჯის ჩამონათვალში, რომელიც ევროკომისიამ მოამზადა გაფართოების კომუნიკეში, რომელსაც ყველა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი და რომლის საფუძველზე საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

“იმისათვის, რომ უპასუხოს არსებულ სისტემურ გამოწვევებს, საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს გადამოწმების ექსტრაორდინალური მექანიზმი, მასში ჩართოს საერთაშორისო ექსპერტები და პროცესში გადამწყვეტი როლი მიანიჭოს”, – ნათქვამია პიტერ სტანოს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ გადამოწმება უნდა შეეხოს მართლმსაჯულების სფეროში უკვე დანიშნულ და კანდიდატ პერსონებს, რომლებიც წამყვან თანამდებობებს იკავებენ, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაეს სასამართლოში, და ასევე სასამართლოების თავმჯდომარეებს.

“ამ კონტექსტში ევროკავშირი შეშფოთებულია საქართველოს თანამდებობის პირების ბოლო კომენტარებით, რომლებიც მიმართულია იმ ინდივიდუალური მოსამართლეების წინააღმდეგ, რომლებმაც გადამოწმების პოტენციური მექანიზმის მიმართ მათი აზრი გამოხატეს. მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ევროკავშირი ახლო დიალოგში რჩება საქართველოს ხელისუფლებასთან და მზადაა მხარი დაუჭიროს იმ რეფორმების წინ წაწევაში, რომლებიც ქართველი ხალხის  საჭიროებებს მოემსახურება”, – ნათქვამია სტანოს განცხადებაში.


„ქართული ოცნება“ უარს ამბობს, დანერგოს მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას.

მმართველ პარტიაში ცდილობენ ე.წ. ვეტინგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა იმ ყველაფერს, რაც ამ ინსტრუმენტის უკან დგას, საქართველოსაგან სინამდვილეში ევროკომისია ითხოვს.

“ოცნება” აცხადებს, რომ ამ მექანიზმის დანერგვას არ აპირებს და ეს საკითხი დაუხურულია.

ვრცლად 

რას ნიშნავს „ოცნების“ უარი სასამართლო სისტემაში „ვეტინგზე“

მასალების გადაბეჭდვის წესი