უვადო მოსამართლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადებით, კეთილსინდისიერების ტესტის ჩაბარება მისთვის პრობლემა არაა.
ლევან მურუსიძე ერთ-ერთია იმ ქართველ მოსამართლეთა შორის, რომელიც აშშ-მა დაასანქცირა.
ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუში ე.წ. ვეტინგზე საუბრისას განაცხადა. ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მმართველ პარტიას სასამართლო სისტემის რეფორმირებისთვის სწორედ ე.წ. ვეტინგს სთავაზობენ, რაც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.
ამასთან, ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.
თუმცა, როგორც მურუსიძე ამბობს, „ვეტინგის“ მიზანი სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა გაყრა და მათი იმ კადრებით ჩანაცვლებაა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არიან მისაღები.
„ზოგადად, მე პრობლემა არ მაქვს [კეთილსინდისიერების ტესტი ჩავაბარო]. იძახიან, რომ ყველა მოსამართლეს არ ეხებაო. რეალურად, ეს ყველა მოსამართლეს ეხება, რადგან უკრაინაში შეეხო ყველა მოსამართლეს, ალბანეთში შეეხო ყველა მოსამართლეს… მიზანი არის ერთადერთი – სასამართლო სისტემიდან გაყარონ მოსამართლეები და ის მოსამართლეები დანიშნონ, რომლებიც მათთვის მისაღებია[…]
ეცადნენ დაეკომპლექტებინათ მოსამართლეებით არასამთავრობო სექტორიდან, რომელთაც დამოუკიდებლობის ხარისხი აქვთ ნული და, შესაბამისად, მზად არიან დონორების ყველა დავალება შეასრულონ[…]“, – განაცხადა მურუსიძემ.
ლევან მურუსიძე, რომელიც ე.წ. სასამართლო კლანის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრება, ამბობს, რომ მისი დემონიზება ხდება და წინასწარ გამოაცხადეს დამნაშავედ.
„საერთაშორისო ექსპერტებმა გააკეთეს უკრაინაშიც და ალბანეთშიც [„ვეტინგი“] და გაყარეს ყველა მოსამართლე. იმ მოსამართლეებით დააკომპლექტეს [სასამართლო სისტემა], რომლებიც მათთვის მორჩილი იყვნენ“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
„ქართული ოცნება“ უარს ამბობს დანერგოს მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.
მმართველ პარტიაში ცდილობენ ე.წ. ვეტინგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა იმ ყველაფერს, რაც ამ ინსტრუმენტის უკან დგას, საქართველოსაგან სინამდვილეში ევროკომისია ითხოვს.
- რას ნიშნავს „ოცნების“ უარი სასამართლო სისტემაში „ვეტინგზე“
- რას გულისხმობს სასამართლოზე ევროკომისიის ახალი რეკომენდაცია
- მოსამართლეების საქმიანობა საერთაშორისო კომისიამ შეისწავლოს – ევროსასამართლოს ექსმოსამართლე EU-ს მოთხოვნებზე