ახალი ამბები

მიქაუტაძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის მომხრე მოსამართლეებს აკრიტიკებს

18 მარტი, 2024 • 866
მიქაუტაძე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის მომხრე მოსამართლეებს აკრიტიკებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ამჟამად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, აკრიტიკებს იმ კოლეგებს, რომლებიც არ ეწინაარმდეგებიან ევრორეკომენდაციის ფარგლებში სასამართლო სისტემაში საკვანძო თანამდებობაზე დანიშნულ პირთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს.

დღეს, 18 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ ბრიფინგზე მიქაუტაძემ განაცხადა, რომ საუბარია მოსამართლეთა მცირე ჯგუფზე და ისინი არ გამოხატავენ სასამართლო კორპუსის პოზიციას:

„ეს ნამდვილად არ გამოხატავს სასამართლო კორპუსის პოზიციას და ეს არის კონკრეტული მოსამართლეების, ძალიან მცირერიცხოვანი ჯგუფის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი მხარს უჭერენ ე.წ. ვეტინგის განხორციელებას. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ამ პროცედურის მხარდაჭერა ისეთი მოსამართლეების მხრიდან, რომლებიც თავად არ ექვემდებარებიან ამ შემოწმებას, ვფიქრობ, არაკოლეგიალური და უხერხულია იმიტომ, რომ თავიდანვე გაცხადებულია, რომ მათ ეს არ შეეხებათ.

ასევე საყურადღებოა ის, რომ პირველად არ ხდება მსგავსი განცხადებების გავრცელება, იგივე მოსამართლეების მხრიდან. მხოლოდ მაშინ ჩნდება ასპარეზზე და მხოლოდ იმ ინიციატივებს უჭერენ მხარს, რომელიც სასამართლოს მიმართ კონკრეტული რეპრესიული ღონისძიებების გატარებას უკავშირდება და მე მიჭირს გავიხსენო ისეთ შემთხვევა, როდესაც სასამართლოს მხარდამჭერი განცხადება გაავრცელეს ამ კოლეგებმა. ჩემი აზრით, უხერხულია, სხვა კოლეგების კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დააყენო მაშინ, როდესაც თავად შენ არ გეხება ეს“, — აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხე: კლანგარეშე მოსამართლეები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლე აცხადებს, რომ ე.წ. ვეტინგის სისტემა, რომელიც სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებზე დანიშნულ პირთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმია, მიუღებელია არა იმიტომ, რომ მოსამართლეების შემოწმებას ეწინააღმდეგებიან, არამედ იმიტომ, რომ თავად ვეტინგის სისტემაა მათთვის მიუღებელი:

„ჩვენთვის მიუღებელია ვეტინგის სისტემა და არა მოსამართლეების შემოწმება იმიტომ, რომ დღევანდელი მდგომარეობითაც და, თუ არ ვცდები, ბოლო 3 თუ 4 წელია, სისტემატურად ჩემი პირადად ქონებრივი მდგომარეობის შემოწმება ხორციელდება, ამას აკვირდებიან ზუსტად ის ორგანიზაციები, რომელთა მოთხოვნითაც ტარდება ეს შემოწმება. თუმცა ამ პროცესში არცერთი რეალური საფუძველი არ შეიქმნა იმისთვის, რომ რაიმე დამატებითი შემოწმება განხორციელდეს.

გაურკვეველია,  საიდან მოყვანილი ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული ეს კომისია, გაურკვეველია, რა მიზნებით იქნება შექმნილი და ის მაგალითები, რომლებიც გვაქვს, თუნდაც ალბანეთის მაგალითზე, გვაჩვენებს, რომ ვეტინგი არის ძალიან ცუდი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სასამართლო სისტემის შემოწმება ჩატარდეს. ნახევარზე მეტი მოსამართლე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ძირეული შინაარსი, რაც არის,  ეს ხორციელდება პოლიტიკური ჯგუფების მოთხოვნით. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენჯერაც პოლიტიკური სპექტრი განახლდება ქვეყანაში, იმდენჯერ უნდა ჩატარდეს ვეტინგი და იმდენჯერ განახლდეს სასამართლო კორპუსი?“ — ამბობს გიორგი მიქაუტაძე.

მიქაუტაძემ გაიმეორა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის არგუმენტი და პროცედურა ანტიონსტიტუციურად შეაფასა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი აცხადებს, რომ არ არსებობს რეალური საფუძველი, რატომაც  დაშვებული იქნებოდა სასამართლო სისტემის ასეთი რადიკალური მეთოდებით შემოწმება.


ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს ეხება, სასამართლო სისტემაზე ახალი რეკომენდაცია გაჩნდა.

ევროკომისია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ერთი წლის ვადაში მართლმსაჯულების სისტემაში დანერგოს საკვანძო თანამდებობებზე დანიშნული პირების ხელახალი შეფასების ექსტრაორდინალური მექანიზმი, რომელშიც გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტებულ კომისიას ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისია ტერმინ „ვეტინგს“ არ იყენებს, იურისტების შეფასებით, ეს ჩანაწერი, ფაქტობრივად, ხელისუფლებას სწორედ ამისაკენ მოუწოდებს, რაც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას და ხელახლა შეფასებას გულისხმობს, მათ შორის მათი ფინანსების გამოაშკარავებით, შესაძლო ნეპოტისტური კავშირების შემოწმებით და სხვა.

„ქართული ოცნება“ უარს ამბობს, დანერგოს მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების ხელახლა შეფასებას ითვალისწინებს.

მმართველ პარტიაში ცდილობენ, ე.წ. ვეტინგი ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივად წარმოაჩინონ, თუმცა იმ ყველაფერს, რაც ამ ინსტრუმენტის უკან დგას, საქართველოსაგან სინამდვილეში ევროკომისია ითხოვს. “ოცნების” კიდევ ერთი არგუმენტი სუვერენიტეტს ეხება, რასაც მისი ოპონენტები არ იზიარებენ.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ: რას ნიშნავს „ოცნების“ უარი სასამართლო სისტემაში „ვეტინგზე“

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, სულ მცირე, 10 მოსამართლეა, ვინც არ ეწინააღმდეგბა საკვანძო თანამდებობებზე მომუშავე მოსამართლეების კეთილსინდისირების შემოწმების მექანიზმს. მეტიც, ზოგიერთი მათგანი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ თუ მსგავსი მექანიზმი კანონით დაინერგება, თავად მისი კეთილსინდისიერებაც შემოწმდეს, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში მაღალ თანამდებობებზე არ მუშაობს.

ვრცლად მათი პოზიციები წაიკითხეთ: ათი მოსამართლე კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს ემხრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი