ახალი ამბები

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია

30 აპრილი, 2024 •
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი 5 წლის ვადით აირჩია.

კენჭისყრა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 30 აპრილს, გაიმართა. კალანდარიშვილს მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო – 16.   კალანდარიშვილს მხარი დაუჭირა უმრავლესობის 81-მა წევრმა და „გირჩის“ 4-მა წევრმა.

პარლამენტმა ასევე აირჩია ცენტრალური საარჩევნო კომისიის 3 წევრი – მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი.

ცესკოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თამარ ჟვანიამ თანამდებობა 2021 წლის ზაფხულში დატოვა. მას შემდეგ, იმის გამო, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურაზე კონსენსუსი ვერ დგებოდა, ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ვერ ირჩეოდა და თავმჯდომარის მოვალეობას გიორგი კალანდარიშვილი ასრულებდა.

თუმცა ცესკოს წევრების არჩევის წესში „ქართული ოცნების“ მიერ ბოლოს შეტანილი ცვლილებებით, შესაძლებელი გახდა, რომ უბრალო უმრავლესობით (76 ხმით) ცესკოს თავმჯდომარის 5 წლით არჩევა.

„ქართულმა ოცნებამ“ ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი ბოლო წლებში რამდენიმეჯერ შეცვალა. ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი 2021 წლის 19 აპრილის მიღებული ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ შეთანხმების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ რამდენიმეჯერ შეცვალა ეს წესი და 2023 წლის ივნისში მიღებული ბოლო ცვლილებების მიხედვით,  ოპოზიციისა და პრეზიდენტის როლის გამორიცხვასაც უშვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი