ახალი ამბები

კატეგორიულად მიუღებელია კეთილსინდისიერების შემოწმება… საერთოდ წავალ სისტემიდან — ქადაგიძე

29 მარტი, 2024 •
კატეგორიულად მიუღებელია კეთილსინდისიერების შემოწმება… საერთოდ წავალ სისტემიდან  — ქადაგიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საერთოდ წავა სასამართლო სისტემიდან, თუ ვინმე გადაწყვეტს,  მისი კეთილსინდისიერება შეამოწმოს.

ქადაგიძის თქმით, მსგავსი მექანიზმის შექმნა მისთვის, როგორც მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოსამართლისთვის, კატეგორიულად მიუღებელია.

ნეტგაზეთმა გამოითხოვა უზენაესი სასამართლოს 11 მარტის პლენუმის სხდომის ოქმი და აუდიოჩანაწერი, სადაც მოსამართლეებმა მიიღეს განცხადება კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის წინააღმდეგ, რაც ბრიუსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ უზენაესი სასამართლოს ნეგატიურ პოზიციას მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესახებ არ დაეთანხმა ამავე სასამართლოს ორი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და ეკატერინე გასიტაშვილი.

ნეტგაზეთის მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი სხდომის ჩანაწერით ცნობილი ხდება ის განცხადებები, რომლებიც მოსამართლეებმა გააკეთეს.

„მას შემდეგ, რაც მე დავინიშნე, რატომღაც მუდმივად კომპლექსი უნდა გაგვიჩინონ სასამართლოს, რომ ჩვენ ვართ ძირითადი შემაფერხებელი ევროკავშირში გაერთიანების თვალსაზრისით. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი ერთადერთი მიზანი არის, ჩვენს მომავალ თაობას, თქვენს შვილებს, დავუტოვოთ მართლაც ევროპული მართლმსაჯულება. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ნურავინ და ვერც ვერავინ მეტყვის, რომ რომელიმეს უფრო მაღალი კეთილსინდისიერების სტანდარტი აქვს, ვიდრე მე ვიცავ მთელი ჩემი ცხოვრება — ღრმად ვარ დარწმუნებული და ამას ვერც ვერავინ წამომაძახებს —  რომ ცხოვრებაში არავის წამოსაძახებელი არ მქონოდა და ვყოფილიყავი კეთილსინდისიერი.

ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ჩემი დიდი სიყვარულისა და პატივისცემის მიუხედავად, ნურავინ მეტყვის, რომ ეს ჩვენი განცხადებები და ქმედებები რამენაირად ხელს უშლის ევროკავშირში გაერთიანებას“ ,— თქვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ 11 მარტის სხდომაზე.

ნინო ქადაგიძე ჩანაწერში ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვისი დაკომპლექტებული იქნება კეთილსინდისიერების შემმოწმებელი კომისია — ხელისუფლების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, ის ნებისმიერ შემთხვევაში კატეგორიულად წინააღმდეგია ამ პროცესის.

„მე კატეგორიულ უარს ვაცხადებ ყოველგვარ მონიტორინგზე. მე არ მიცხოვრია ისე, რომ ყოველწლიურ რეჟიმში, კიდევ და კიდევ, მონიტორინგს ვექვემდებარებოდე. როცა მეუბნებით, იქნებ რაღაც დამატებითი მექანიზმი მისაღები იყოს ჩემთვის, ვერანაირი მექანიზმი ვერ იქნება მისაღები, რადგან ყოველწლიურად, და არც ერთი წელი არ გამომიტოვებია, ქონებრივ დეკლარაციას ვავსებ, მზად ვარ, უფრო მეტი შეისწავლონ, უფრო მეტი შეამოწმონ.

შეიძლება, თეორიულად წარმოვიდგინო, რომ ვიღაცას ჩემი კვალიფიკაცია არ მოსწონს, მაგრამ კეთილსინდისიერება ვინ უნდა შემიმოწმოს? მაშინ შეამოწმონ ის ხალხი, ვინც ჩემს კეთილსინდისიერებას შეამოწმებს და ამის შემდეგ შეიძლება კიდევ ვიფიქრო. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, ვინ შემამოწმებს. თუნდაც დღეს მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ 100%-ით, მე აღარ დავექვემდებარები შემოწმებას, ეს არის ჩემი საბოლოო პასუხი.

თქვენ წინაშე ვდებ ამ პირობას, რომ ცალსახად წავალ სისტემიდან. თუ მე ჩემი ამდენი წელი ცხოვრებით ვერ დავამტკიცე, რომ კეთილსინდისიერი ვარ, მართლა არ ვარ ღირსი, მეკავოს უზენაესი სასამართლოს წევრის პოზიცია, აქ არ არის საუბარი თავმჯდომარეობაზე. ამიტომ, პარლამენტს ხვალ რა აზრი მოუვა და გაუჩნდება, მე ნაკლებად მაინტერესებს. დღეს ეს ჩემთვის სულერთია. მე ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების წესით დავამტკიცე, ვარ კეთილსინდისიერი“, — თქვა ნინო ქადაგიძემ.

ქადაგიძემ ასევე თქვა, რომ დარწმუნებულია სხვა მოსამართლეების კეთილსინდისიერებაში და მათ ეს თავიანთი ცხოვრებით დაამტკიცეს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი