ახალი ამბები

რატომ შეიცვალა მოსამართლის პოზიცია კეთილსინდისიერების შემოწმებაზე?

29 მარტი, 2024 •
რატომ შეიცვალა მოსამართლის პოზიცია კეთილსინდისიერების შემოწმებაზე?

„ეს არის კლანის ძალაუფლების დემონსტრირება, რომ ეჩვენებინათ ყველასთვის, აი, ნახეთ, ჩვენი ძალაუფლება როგორია – მოსამართლემ შეცვალა პოზიცია“ ,– ეს შთაბეჭდილება რჩება „სასამართლო გუშაგის“ ხელმძღვანელს, ნაზი ჯანეზაშვილს მოსამართლე გიორგი ებანოიძის შემთხვევაზე, მოსამართლეზე, რომელიც ათეულში აღმოჩნდა და მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს დაუჭირა მხარი, შემდეგ კი თქვა, რომ ასე არ არის.

გიორგი ებანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, მან 2024 წლის 14 მარტს „ნეტგაზეთთან“ დააფიქსირა პოზიცია:

„შეფასებისგან თავს შევიკავებ. რაც შეეხება შემოწმებას, კანონიერების ფარგლებში ნებისმიერ დროს“, – მისწერა პასუხი გიორგი ებანოიძემ „ნეტგაზეთს“ ამ შეკითხვაზე:

„გვაინტერესებს თქვენი, როგორც მოსამართლის პოზიცია ევრორეკომენდაციაზე, რომელიც სასამართლო სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე განწესებულ პირთა კეთილსინდისიერების ხელახლა შემოწმების მექანიზმს გულისხმობს. თქვენ რომ იყოთ პირადად იმ თანამდებობაზე, რომელიც შესაძლოა მოექცეს ხელახლა შემოწმების ქვეშ, გექნებათ თუ არა ამის მზაობა?“

სტატიის გამოქვეყნებიდან 10 დღის შემდეგ, 25 მარტს, გიორგი ებანოიძემ პირად ფეისბუკ გვერდზე დაწერა, რომ მისი კომენტარის შეგნებულად არასწორი ინტერპრეტირება მოხდა.

„სამწუხაროდ, ჩემი კომენტარის შეგნებულად არასწორად ინტერპრეტაციის გამო, აქაც დავწერ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებ. არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ე.წ. ვეტინგის მომხრე ვარ და იგივე აზრზე ვარ ამჟამადაც. პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, ჩემთვის, როგორ მოსამართლისთვის, მიუღებელია“ ,– დაწერა მოსამართლემ 25 მარტს.

მოსამართლეს სოციალურ ქსელში არ დაუკონკრეტებია მედიასაშუალება, სადაც, მისი თქმით, კომენტარის არასწორად ინტერპრეტაცია მოხდა, თუმცა სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ გუშინ, 28 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „მოსამართლე ებანოიძე „ნეტგაზეთის“ მიერ გამოქვეყნებულ იმ სტატიას გამოეხმაურა, სადაც მოსამართლეები აფასებენ ევრორეკომენდაციას, რომელიც სასამართლო სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე განწესებულ პირთა კეთილსინდისიერების ხელახლა შემოწმების მექანიზმს გულისხმობს…“

მოსამართლესთან „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის მიმოწერა ადასტურებს, რომ ჩვენ მას კითხვა 14 მარტს არაორაზროვნად, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გარეშე დავუსვით მხოლოდ და მხოლოდ ევრორეკომენდაციაზე, რაც გულისხმობს თანამდებობაზე განწესებული მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს, ე.წ. ვეტინგს.

თავის მხრივ, კეთილსინდისიერების ხელახალი შემოწმების მექანიზმი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს რეალობაში, თუ მას ექნება კანონიერი სახე — პარლამენტი მიიღებს შესაბამის სკანონმდებლო ცვლილებებს. აქედან გამომდინარე, „ნეტგაზეთის“ კითხვაზე გაცემული პასუხის სხვაგვარად ინტერპრეტირება შეუძლებელია.

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე „ნეტგაზეთმა“ მოსამართლესთან მიმოწერის ამსახველი სქრინიც გაასაჯაროვა. მოსამართლე გიორგი ებანოიძეს 29 მარტს ასევე ვკითხეთ: გულისხმობდა თუ არა ის „არასწორ ინტერპრეტაციად“ პასუხს, რაც „ნეტგაზეთმა“ გამოაქვეყნა? ასევე, რა გარემოებების გამო შეცვალა მან თავისი პოზიცია ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით?

მოსამართლესთან ნეტგაზეთის ჟურნალისტის მიმოწერის ამსახველი ფოტო

მოსამართლე ებანოიძემ ჩვენი შეტყობინება ნახა, თუმცა პასუხი არ გაუცია. მნიშვნელოვანია ის გარმოებაც, რომ მოსამართლეს რედაქციისთვის სტატიის გამოქვეყნებიდან დღემდე არ მოუმართავს რაიმე სახის პრეტენზიით, ან სტატიაში საკუთარი პოზიციის კორექტირების მოთხოვნით. „ნეტგაზეთი“ ახლაც მზად არის, მოისმინოს მოსამართლის პასუხები მისთვის დასმულ კითხვებზე.

უფლებადამცველი ნაზი ჯანეზაშვილი, პირველ რიგში, ყურადღებას მოვლენების ქრონოლოგიაზე ამახვილებს: მოსამართლე ე.წ. კლანისგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს. ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 9 დღის შემდეგ იგივე მოსამართლე, გიორგი ებანოიძე მოსამართლეთა კონფერენციაზე ტრიბუნასთან მიდის და ამბობს: „მე ამის [ვეტინგის] მომხრე ვერანაირად ვერ ვიქნები“.

ნაზი ჯანეზაშვილი

მოსამართლეთა კონფერენცია 24 მარტს გაიმართა და ერთ მოსამართლესაც არ დაუფიქსირებია „კლანისგან“ განსხვავებული აზრი. მოსამართლეებმა ერთხმად თქვეს ევროკომისიის მოთხოვნის შესრულებაზე უარი. მოსამართლეებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ მხარს უჭერენ პოზიციას, რაც უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დააფიქსირა ორი მოსამართლის გამოკლებით და რაზეც ბოლო დღეების განმავლობაში საერთო გზავნილებით საუბრობენ სასამართლო კლანი და „ქართული ოცნების“ ლიდერები.

„9 დღე მას არაფერი უთქვამს და შემდეგ კონფერენციაზე, ტრიბუნასთან ათქმევინეს, სადაც ყოველთვის პრობლემაა, მოსამართლემ გამოხატოს თავისი აზრი. ეს აჩენს განცდას, რომ მას ეს ათქმევინეს“, — მიიჩნევს ნაზი ჯანეზაშვილი.

რაზე გაამახვილა ყურადღება მოსამართლეთა კონფერენციაზე მოსამართლე გიორგი ებანოიძემ?

„ნებისმიერი სახის შემოწმება იქნება თუ ნებისმიერი სახის მოქმედება სასამართლოსთან მიმართებაში, კანონიერების ფარგლებში უნდა მოხდეს, თუმცა იმ ფორმით, რა ფორმითაც მე აქ ვისმენ, რა თქმა უნდა, მე ამის მომხრე ვერანაირად ვერ ვიქნები იმიტომ, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ მე ჩემი კოლეგების 99 %-ის პიროვნულ და პერსონალური მოწინააღმდეგე უნდა ვიყო და ვინც მე მცნობთ, ასე არ არის“ ,— განაცხადა გიორგი ებანოიძემ.

როგორ შეიძლება გავიგოთ მოსამართლის აქცენტი იმაზე, რომ მოსამართლეების შემოწმება უნდა მოხდეს „კანონიერების ფარგლებში“? მოსამართლე ამ ფრაზას ახსენებს „ნეტგაზეთის“ კომენტარსა და კონფერენციაზე გამოსვლის დროსაც.

გურამ იმნაძე

იურისტი გურამ იმნაძე „სოციალური სამართლიანობის ცენტრიდან“, მაგალითად, ამბობს, რომ მოსამართლის ეს აქცენტი ცინიკურიც კია, რადგან „ვეტინგი“ კანონიერი პროცესია და შესაბამისი საკანონმდებლო მოწესრიგების გარეშე მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმებას არც არავინ ითხოვს.

„ნებისმიერი მექანიზმი, რომელიც მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმებას შეეხება, ცხადია, კანონიერი უნდა იყოს, ამას დასჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები. ახლა მოსამართლის მხრიდან დაზუსტება არაფერს არ ამბობს, ან ამბობს იმას, რომ წინარე პოზიციის დაფიქსირების გამო მას ეშინია“ ,— გვითხრა გურამ იმნაძემ.

„თუ დააკვირდებით, ძალიან დაძაბული და დათრგუნული საუბრობს მოსამართლე გიორგი ებანოიძე“ ,— მოსამართლეთა კონფერენციაზე ტრიბუნასთან გასული მოსამართლის ემოციას უბრუნდება ნაზი ჯანეზაშვილი. ის ვარაუდობს, რომ მოსამართლეს პოზიციის შეცვლა მოსთხოვეს, ან აიძულეს.

ის ხაზს უსვამს იმასაც, რომ მოსამართლე გიორგი ებანოიძე არ არის სასამართლო კლანის აქტიური წევრი და გავლენიანი მოსამართლე.

„ის არ არის კლანთან დაახლოებული მოსამართლე… არ ვიცი, რა მოხდა, დააშანტაჟეს თუ აიძულეს, მაგრამ მოითხოვეს მისგან კონფერენციაზე გამოსვლა, რომ თავისივე სიტყვები უკან წაეღო.

მას კონფერენციამდე რომ ეთქვა იგივე, აი, ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეს, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ კონფერენციაზე რატომ დასჭირდა გამოსვლა? მოსამართლეთა კონფერენციაზე ძირითადად გამოდიან გავლენიანი პირები… სიტყვები, როგორაც ის საუბრობს, არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის თავისი ნებით გამოვიდა ტრიბუნასთან. ებანოიძე თითქოს რაღაცნაირად ბოდიშს იხდიდა თავისი წინა პოზიციისთვის. მას ეს არ უთქვამს, მაგრამ ეს განცდა დამრჩა.

არ ვიცი, კლანს რა აქვს სალაპარაკო ამა თუ იმ მოსამართლესთან, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველა მოსამართლეზე შეუძლიათ ზეწოლა“, — ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

მოსამართლე ნინო გიორგაძეს გვახსენებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი გურამ იმნაძე — ეს ის გამონაკლისი მოსამართლეა, რომელიც 3-წლიანი ვადით იყო დანიშნული და უვადოდ განწესებაზე 2023 წელს უარი უთხრეს. უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, მოსამართლე სწორედ თავისი განსხვავებული შეხედულებების გამო „დასაჯეს“.

„ეს შემთხვევა არის სიმპტომი უფრო დიდი პრობლემის, რაც გვაქვს მართლმსაჯულების სისტემაში – დაშინებული მოსამართლეები“, — ამ შემთხვევაზე თავის მოსაზრებას გვიზიარებს გურამ იმნაძე, —„მოსამართლეები ძალიან უფრთხიან რაიმე საკითხზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას. უკიდურეს უმცირესობაში არიან მოსამართლეები, ვინც ახერხებს და ბედავს, გავლენიანი ჯგუფის პოზიციებს დაუპირისპირდეს, ან მისგან განსხვავებული პოზიცია მაინც დააფიქსიროს.

შეიძლება, მოსამართლე გიორგი ებანოიძე არც არავინ აიძულა პოზიცია შეეცვალა, მაგრამ თვითონ დაინახა საფრთხე, რომ შეიძლება, შეექმნას პრობლემები. ამის ვარაუდის საფუძველს მიქმნის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს მართლმსაჯულების სისტემაში. ამ სისტემაში ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის თავდასხმის ქვეშ და ეს ვნახეთ კიდეც, როგორი თავდასხმის სამიზნეები გახდენენ მოსამართლეები, რომლებმაც განსხვავებული შეხედულება დააფიქსირეს, როგორც სასამართლო შტოს წარმომადგენლებისგან, ისე პოლიტიკური ხელისუფლებისგან.

შესაძლოა, მოსამართლემ სწორედ ამ შიშის და რისკების გამო ჩათვალა საჭიროდ ამის გაკეთება“, — გვითხრა გურამ იმნაძემ.

ამ თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი