ახალი ამბები

“უფლებაშელახული მასწავლებელი არ უნდა შედიოდეს მოსწავლესთან” – “განათლების ომბუდსმენის” პრეზენტაცია

12 იანვარი, 2024 • 2037
“უფლებაშელახული მასწავლებელი არ უნდა შედიოდეს მოსწავლესთან” – “განათლების ომბუდსმენის” პრეზენტაცია

განათლების დამცველთა ასოციაცია – ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც პრაქტიკოს, მომავალ და ყოფილ მასწავლებლებს, სტუდენტებს და განათლების სფეროთი დაინტერესებულ სხვა ადამიანებს აერთიანებს. ორგანიზაციის პრეზენტაცია 12 იანვარს გაიმართა.

ორგანიზაციის მისიაა, ერთგვარი ომბუდსმენის როლი შეასრულოს განათლების სფეროში მომუშავე პროფესიონალთა უფლებების დასაცავად, ამიტომ მას განათლების ომბუდსმენის სახელითაც მოიხსენიებენ.

“უფლებაშელახული მასწავლებელი არ უნდა შედიოდეს მოსწავლესთან. ჩვენი მთავარი მიზანი ადამიანის უფლებების დაცვაა განათლების სფეროში”, – ამბობს მაია ეკალაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწვალებელი და ასოციაციის ერთ-ერთი წევრი.

ორგანიზაციის პრეზენტაციის შემდეგ შეკრებილმა მასწავლებლებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს იმ პრობლემების შესახებ , რომლებიც, მათი შეფასებით, განათლების სისტემაში არსებობს. გამოწვევების სია საკმაოდ ვრცელია – მასწავლებელთა შრომითი უფლებები, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, მასწავლებელთა და დირექტორთა გამოცდები, სახელმძღვანელოთა გრიფირება, მასწავლებელთა დამოუკიდებლობა და სკოლების ავტონომიურობა, ნეპოტიზმი, კორუფცია, სკოლების პოლიტიზება და ა.შ. ასოციაციის წევრები მოუწოდებენ აქტიურ მასწავლებლებს, შეუერთდნენ და ერთად იმუშაონ განათლების სისტემის გაჯანსაღებაზე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რაც მასწავლებლებმა დაასახელეს, სკოლების პოლიტიზებაა: ერთი მხრივ, სასკოლო რესურსის პარტიულ ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობა დირექტორების, რესურსცენტრებისა და სამინისტროს მხრიდან, მეორე მხრივ კი, მასწავლებელთა პროტესტის დისკრედიტაცია მათი ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებით. განათლების დამცველთა ასოციაციის წევრები ამბობენ, რომ განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბარი, თავისთავად, პოლიტიკური საკითხია და ამის არ უნდა შეეშინდეთ. თუმცა მნიშვნელოვანია სკოლების პარტიული ინტერესებისგან დაცლა.

“განათლების პოლიტიკა არის დასახვეწი, დასაგეგმი. პარტიული ინტერესები უნდა მოშორდეს განათლებას. არა პოლიტიკას სკოლაში კი არა, არა პარტიული ინტერესები სკოლაში”, – ამბობს მაია ეკალაძე.

ის ერთ-ერთია იმ მასწავლებლებს შორის, რომლებიც თვეების განმავლობაში აპროტესტებდნენ დირექტორთა შერჩევის კონკურსს და პროცესის პოლიტიზებაზე საუბრობდა. მან კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება სამინისტროს კომისიასთან, კოლეგებთან ერთად, სასამართლოშიც გაასაჩივრა. საბოლოოდ ეკალაძემ, დირექტორთა კონკურსის შედეგების გადასინჯვისა და ხელახლა ჩატარების მოთხოვნით, განათლების სამინისტროსთან შიმშილობაც დაიწყო. 12 დეკემბერს,განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ სკოლებში, სადაც ჯერ კიდევ არ აურჩევიათ დირექტორები, ახალი კონკურსი გამოცხადდება.

ეკალაძე ამბობს, რომ ასოციაციის მიზანი იმ პრობლემებზე საუბარი, მოგვარების გზების ძიება, სტრატეგიული და ორგანიზებული მოქმედებაა, რამაც შიმშილობამდე მიიყვანა.

“წლების განმავლობაში ძალიან ბევრ პრობლემაზე ვსაუბრობთ ჩვენი პლატფორმებიდან, უბრალოდ, შიმშილი არ დაგვიწყია აქამდე. შიმშილამდე მივედით არა მხოლოდ იმიტომ, რომ დირექტორების კონკურსს ვაპროტესტებდით, არა იმიტომ, რომ სამინისტროს, მინისტრის პასუხი ჩვენ მოთხოვნებზე იყო დამამცირებელი. შიმშილობას რომ დაიწყებ ადამიანი, ეს გადაწყვეტილება არაა. ესაა სასოწარკვეთილებამდე მისული ადამიანის ქმედება”, – ამბობს ეკალაძე.

მაია ეკალაძე და დავით ფერაძე

განათლების დამცველთა ასოციაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია დავით ფერაძე. ის დირექტორობის კანდიდატთა იმ ნაწილს მიეკუთვნება, რომლებმაც სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონკურის ორივე ეტაპი – გამოცდაც და გასაუბრებაც- წარმატებით გაიარეს, თუმცა მათი კანდიდატურა განსახილველად არცერთ სკოლას არ წარუდგინეს. ფერაძე გვიყვება, რომ სასკოლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ჯერ კიდევ 2013 წლიდან, პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის სახელით მუშაობდა. წლების განმავლობაში ამ გაერთიანების პროფილი გაფართოვდა და დღეს უკვე განათლების ომბუდსმენის სახელით აგრძელებენ მუშაობას.

“ჩვენი მიზანია, ხელი გვედოს განათლების სისტემის პულსზე და ნებისმიერ პრობლება, რომელიც არსებობს, ან მომავალში წარმოიქმნება, მასწავლებელთა ჩართულობითა და ჩვენი ინტერესების დაცვით გადაიჭრას. რა თქმა უნდა, გვინდა და მზად ვართ, კონსტრუქციულად ვითანამშრომლოთ განათლების სამინისტროსთან”, – ამბობს დავით ფერაძე.

ასოციაციის უახლოეს მიზნებს შორისაა გაარკვიონ, როდის და რა პირობებში ჩატარდება მინისტრის მიერ დაანონსებული დირექტორთა ახალი კონკურსი. მათი მოთხოვნაა, გამოცდების ჩაბარების შემდეგ დირექტორობის მსურველებს საშუალება ჰქონდეთ, პირდაპირ სკოლების სამეურვეო საბჭოებთან გაიარონ გასაუბრება.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი