საზოგადოება

„ბევრი ფული” ვერ იქნება პროფესიის არჩევის კრიტერიუმი – ლევან ცაგარლის რჩევები აბიტურიენტებს

11 მარტი, 2024 • 1809
„ბევრი ფული” ვერ იქნება პროფესიის არჩევის კრიტერიუმი – ლევან ცაგარლის რჩევები აბიტურიენტებს

„არ შეიძლება, კრიტერიუმი იყოს –  მე მინდა ბევრი ფული. კრიტერიუმი შეიძლება იყოს, მე მინდა ვაკეთო, რაც უკეთესად გამომდის და რაც მეხალისება – აი, ეს უფრო ადეკვატური კრიტერიუმია, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ბევრი ფული ვეღარ გექნება, რადგან შენი საქმის კარგი სპეციალისტი ვერ გახდები” – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლევან ცაგარელი, საბაკალავრო პროგრამების არჩევის შესახებ საუბრისას.

4 მარტს დაიწყო რეგისტრაცია ეროვნულ გამოცდებზე, რეგისტრაცია 1 თვეს გასტანს და 4 აპრილს დასრულდება. საპასუხისმგებლო არჩევანის გაკეთება აბიტურიენტებისთვის მეტად რთულია, ამიტომ შევეცადეთ გაგვეკეთებინა გზამკვლევი აბიტურიენტთათვის: რაზე გაამახვილონ ყურადღება პროგრამის არჩევისას, რა მოლოდინები ჰქონდეთ საბაკალავრო საფეხურისგან, როგორ უნდა მოიქცნენ მაშინ, თუ სწავლისას მიხვდებიან, რომ მათი არჩევანი აღარ მოსწონთ და საერთოდ, აუცილებელია თუ არა სკოლის დამთავრებისთანავე უნივერსიტეტში ჩაბარება?

ამ საკითხების შესახებ ვესაუბრეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ლევან ცაგარელს:

მისი რჩევები კი ასეთია:

არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რომლითაც შეიძლება შეფასდეს ნებისმიერი პროგრამა:

  1. სტუდენტმა უნდა დაათვალიეროს უშუალოდ სასწავლო პროგრამა და ნახოს, როგორია სავალდებულო და არჩევითი კურსების ურთიერთმიმართება – თუ მთელი პროგრამა არის გაჭედილი სავალდებულო საგნებით, შეუძლია ჩათვალოს, რომ ეს არის არც ისე თანამედროვე სტრუქტურის მქონე პროგრამა, ე.ი. არჩევითი საგნების რაოდენობა უნდა იყოს არც ისე მცირე.
  2. მან უნდა ჩახედოს უნივერსიტეტის ვებგვერდს და ნახოს პროფესორები, რომლებიც ჩართულნი არიან პროგრამაში, ნახოს, რას აკეთებენ ისინი – როგორია მათი სი ვი (CV), რა გაუკეთებიათ, სად გამოუქვეყნებიათ სტატიები და ა.შ.

ამ შემთხვევაში კრიტერიუმია ის, თუ რამდენად არიან ეს პროფესორები კავშირში დასავლურ სივრცესთან, რამდენად აქვეყნებენ პუბლიკაციებს და მონაწილეობენ კონფერენციებში საზღვარგარეთ.

  1. ასევე, კრიტერიუმი არის ინფრასტრუქტურა, სასურველია გარემო იყოს ისეთი, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას და ინტერაქციას. აბიტურიენტს ღია კარის დღეზე შეუძლია დააკვირდეს მერხების განლაგებას, შევიდეს ოთახში, შეხედოს, რა დახვდება.
  2. ასევე, სასურველია ბიბლიოთეკას ჰქონდეს ონლაინ კატალოგი, სადაც იძებნება წიგნები, ჰქონდეს კომფორტული სამკითხველო დარბაზი დიდი საცავით, სადაც იძებნება მრავალ ეგზემპლარად ის სახელმძღვანელოები, რომლებიც სტუდენტს სჭირდება. ასევე, უნდა ჰქონდეს ინგლისური და ზოგადად უცხოურენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა.

ეს არის ყველა მთავარი პარამეტრი. მე ასევე  დავაკვირდებოდი გაცვლით პროგრამებს- ზოგადად, უნივერსიტეტს აქვს თუ არა გაცვლითი პროგრამები, გავესაუბრებოდი რომელიმე სტუდენტს და ვკითხავდი, რამდენად უსარგებლია მას ან მის რომელიმე თანაკურსელს ამ პროგრამებით. ეს იქნებოდა ჩემთვის  ერთ-ერთი პარამეტრი იმისა, რომ პროგრამა კარგია.

  • რა როლს უნდა ასრულებდეს პროგრამის არჩევისას დასამქების შესაძლებლობა? ხშირად ითვლება, რომ პროგრამის პოპულარულობა ბმაშია დასაქმების შესაძლებლობასთან, ეს ასეა?

მხოლოდ ის, რომ ესა თუ ის პროგრამა პოპულარულია, არ ნიშნავს იმას, რომ სტუდენტი დასაქმდება. ზოგადად, კავშირი დასაქმებასა და საუნივერსიტეტო პროგრამებს შორის არ არის მაინცდამაინც პირდაპირი, საუნივერსიტეტო განათლება არ არის მაინცდამაინც იმისთვის, რომ სტუდენტი სარფიანად დასაქმდეს.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პროგრამის სახელწოდება მომხიბლავი იყოს და აბიტურიენტს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ის აუცილებლად დასაქმდება, ეს ასე არ არის.

ბევრი რამ დამოკიდებული იქნება პირადად მასზე. დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, რამდენად კარგად ისწავლის, არამედ იმაზეც, რამდენად აქტიური იქნება სხვა მხრივაც – რამდენად აიმაღლებს დამატებით კვალიფიკაციებს, იქნება ეს ტრენინგები, გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, სტაჟირებები და ა.შ.

საბოლოო ჯამში, სტუდენტი უნდა იყოს აქტიური ყველა დონეზე და მან უნდა აქციოს თავისი თავი პროფესიონალად, რომელიც მოთხოვნადია. ამ შემთხვევაში სასურველია, მას სწორედ ის სფეროები ჰქონდეს ნასწავლი ან იმ მხრივ ჰქონდეს თავისი კვალიფიკაცია გაღრმავებული, რა მხრივაც არ არის ქვეყანაში ბევრი სპეციალისტი.

მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო ნაკლები ადამიანი იქნება შესაბამისი კომპეტენციების მქონე, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ სტუდენტი შეძლებს კარგად დასაქმდეს შესაბამის სფეროში და აკეთოს თავისი საქმე.

აქ დაისმება კითხვა, რანაირად უნდა შეარჩიოს სტუდენტმა ასეთი პროგრამა?..

ეს ნამდვილად  ძალიან რთულია აბიტურიენტისთვის, როდესაც ის არის მშობლების გავლენის ქვეშ, უყურებს გაბატონებულ ტრენდებს – ვინ სად მიდის, რომელი კლასელი სად აბარებს – ძალიან რთულია მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილებს. ამ პროცესს კიდევ უფრო ართულებს ის, რომ სტუდენტმა არ იცის, რა არსებობს და რა მოიპოვება.

აქ შემიძლია ერთადერთი სანუგეშო ის ვთქვა, რომ საბაკალავრო საფეხური განკუთვნილია ზუსტად იმისთვის, რომ სტუდენტს გავუადვილოთ თავისი თავის პოვნა, გაცნობიერება, რა სფეროში შეუძლია ნაყოფიერად და შედეგიანად მუშაობა.

საბოლოო ჯამში, მთავარი საიდუმლო ალბათ არის ის, რომ სტუდენტმა უნდა იპოვოს ის, რაც მას ყველაზე უკეთ გამოსდის და ოდნავ მაინც სიხარულს ანიჭებს. თუ სტუდენტი, როცა სწავლას დაამთავრებს, მთელი ცხოვრება გააკეთებს ისეთ რამეს, რაც არანაირად არ ახალისებს, არ ადგება და არ ავითარებს პიროვნულად, ჩათვალეთ, რომ თვითონ პროფესიის არჩევანი ვერანაირად ვერ აქცევს მას თავისი საქმის კარგ მცოდნედ; პროფესიონალად, რომელიც რაღაც შედეგს მიაღწევს, შედეგს მიაღწევს იმ შემთხვევაში, თუ მას მოსწონს და უნდა იმის კეთება, რასაც აკეთებს.

  • იმ შემთხვევაში, თუ პირველი ან მეორე წლის მიმდინარეობისას მიხვდა სტუდენტი რომ ეს არ არის ის, რაც მას აინტერესებს, რა შეუძლია გააკეთოს?

ამ მხრივ ძალიან კარგი მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში, ყოველ შემთხვევაში, უნივერსიტეტების უმრავლესობაში. სტუდენტს აქვს შესაძლებლობა შეცვალოს როგორც ძირითადი სპეციალობა, ისე უნივერსიტეტი.

არსებობს სპეციალური შიდა და გარე მობილობა. ფაქტობრივად სტუდენტს შეუძლია, უნივერსიტეტში სწავლის ნებისმიერ საფეხურზე შეცვალოს თავისი არჩევანი.

ასევე მას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, რომ გაიაროს არა ერთი, არამედ ერთდროულად ორი სპეციალობა, ე.წ ძირითადი და დამატებითი სპეციალობები. მას აქვს შესაძლებლობა, გაიაროს ორი პროგრამა, ერთი სრულად და მეორე ნაწილობრივ, ესეც ძალიან კარგი შესაძლებლობაა.

როგორც წესი, ჩვენს პრაქტიკაში ასეა, რომ სტუდენტი თავიდან ძირითად სპეციალობად ირჩევს ხოლმე იმას, რასაც მშობელი კარნახობს და მეორად სპეციალობად იმას, რისკენაც თავად მიუწევს გული. რაღაც ეტაპზე ჰყოფნის სითამამე და დამოუკიდებლობა იმისთვის, რომ ეს კომბინაცია გადააკეთოს, მეორადი პროგრამა ძირითადად აქციოს და პირიქით. ეს ცვლა ძალიან ადვილია უნივერსიტეტში სწავლის ნებისმიერ საფეხურზე. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გააცნობიერა, რომ სრულიად სხვა რაღაცის კეთება სურს, სტუდენტს შეუძლია ისარგებლოს შიდა მობილობით და გადავიდეს სხვა პროგრამაზე.

ისევ ვიმეორებ, საბაკალავრო საფეხური არის იმისთვის, რომ სტუდენტს მიეხმაროს თვითგამორკვევაში, სტუდენტმა მიიღოს ზოგადი ცოდნა ერთ დარგში, მაგრამ ამ ცოდნასთან ერთად განივითაროს ძალიან ბევრი ზოგადი უნარი, იქნება ეს:

დროის დაგეგმარების, მართვის, გუნდური მუშაობის, ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი – ეს ის უნარებია, რომლებიც უკვე მოქალაქეს, იმის განურჩევლად, სად დასაქმდება, ნებისმიერ სფეროში დაეხმარება და გამოადგება.

შესაბამისად, საბაკალავრო  საფეხურის მიმართ სტუდენტს და აბიტურიენტსაც უნდა ჰქონდეს ადეკვატური მოლოდინი. მას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის თვითგამორკვევის წლები და ის იძენს თავისი ცხოვრებისთვის საკვანძო უნარებს, იმის განურჩევლად, სად ჩააბარებს ან გააგრძელებს სწავლას, მაგისტრატურაც ხომ წინ არის.

  • აუცილებელია სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩაბარება?

დასავლური გამოცდილება აბსოლუტურად განსხვავდება ჩვენი, პოსტ-საბჭოთა სივრცის მოცემულობისგან. დასავლეთში საშუალო საფეხურის შემდეგ ზოგჯერ ერთი ან ორი წელი ისვნებენ ხოლმე. ისვენებენ ბრჭყალებში, სინამდვილეში ეს არის ხოლმე თვითშემეცნების, ძიების  ორი ან მეტი წელი.

საქართველოში ეს ძალიან რთულია, განსაკუთრებით ბიჭების შემთხვევაში, იმიტომ, რომ ჯარი ემუქრებათ და ესეც ალბათ არ არის კარგი ამბავი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველას ძალიან გვეჩქარება ხოლმე, სკოლას დავამთავრებთ და აბა, სასწრაფოდ ჩავაბაროთ ახლა უნივერსიტეტში, მაშინ, როდესაც არსებობს ბევრი სხვა გზა და შეიძლება ყველაფერი უფრო ნელა და გააზრებულად გაკეთდეს. სტუდენტიც, რომელიც ჩააბარებს უნივერსიტეტში, იყოს ბევრად უფრო ჩამოყალიბებული თავის ხედვასა და მიზნებში, ეს ძალიან კარგი იქნებოდა.

პირველ კითხვას რომ დავუბრუნდე, არ შეიძლება კრიტერიუმი იყოს –  მე მინდა ბევრი ფული, კრიტერიუმი შეიძლება იყოს, მე მინდა ვაკეთო, რაც უკეთესად გამომდის და რაც მეხალისება – აი, ეს უფრო ადეკვატური კრიტერიუმია, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ბევრი ფული ვეღარ გექნება, რადგან შენი საქმის კარგი სპეციალისტი ვერ გახდები. ყველა ეს ფაქტორი, მათ შორის დრო, გაძლევს საშუალებას, რომ უფრო გააზრებული გადაწყვეტილება მიიღო და უფრო ინფორმირებული იყო იმაზე, რა არსებობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი