ახალი ამბები

შიმშილობის მე-2 დღე — მასწავლებლები სამინისტროსთან პროტესტს აგრძელებენ

5 დეკემბერი, 2023 • 819
შიმშილობის მე-2 დღე — მასწავლებლები სამინისტროსთან პროტესტს აგრძელებენ

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მაია ეკალაძე მე-2 დღეა, რაც შიმშილობს. მან კოლეგასთან, ისტორიის მასწავლებელ დავით ფერაძესთან ერთად, პროტესტის ნიშნად ღამე განათლების სამინისტროს შენობასთან გაათენა.

ეკალაძე და ფერაძე იმ საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც უკვე თვეებია, სკოლის დირექტორთა შერჩევის პროცესს აპროტესტებენ. მათი შეფასებით, პროცესი არაობიექტურად და უსამართლოდ ჩატარდა, რომლის მიზანი ისეთი კანდიდატების “დაბლოკვა” იყო, რომლებიც მმართველი პარტიისადმი ლოიალურად არ არიან განწყობილი. კანდიდატები, რომლებიც კონკურსს ამა თუ იმ ეტაპზე გამოეთიშნენ, ამბობენ, რომ დირექტორებად არჩეული პირების ნაწილი ამ პოზიციებზე პოლიტიკური ნიშნით მოხვდნენ.

“შეიძლება, “ქართული ოცნების” წვერიც იყოს ადამიანი, შეიძლება მხარდამჭერი იყოს, მაგრამ ის არ უნდა იყოს ხმების მომტანი. არ უნდა გაბედოს საგანმანათლებლო საქმეში მყოფმა პირმა, რომ მოსთხოვოს თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრს, რომ შენ “ქართულ ოცნებას” ან რომელიმე სხვა პარტიას მიეცი ხმა. სინდისმა არ უნდა გააბედინოს”, — ამბობს მაია ეკალაძე.

იგი კონკურსს გამოეთიშა მეორე, გასაუბრების ეტაპზე. არადა, დირექტორობის კონკურსი წარმატებით გაიარა ჯერ კიდევ 2014 წელს.

“ამ წლების განმავლობაში ჩემი კომპეტენცია გაიზარდა, არ შემცირებულა”, – ამბობს ეკალაძე და ფიქრობს, რომ კომისიამ არასათანადოდ შეაფასა. მაია ეკალაძე ერთ-ერთია იმ 26 კანდიდატს შორის, რომლებმაც სამართლიან არჩევნებთან (ISFED) ერთად გასაუბრების შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა.

რაც შეეხება დავით ფერაძეს, გასაუბრების ეტაპიც წარმატებით გადალახა და დირექტორობის კანდიდატის სტატუსიც ოფიციალურად მიიღო. თუმცა იმ სამი სკოლიდან, რომელთა დირექტორობის სურვილიც გამოთქვა, განათლების სამინისტრომ არცერთგან არ წარადგინა. შესაბამისად, სკოლების სამეურვეო საბჭოებს მისი კანდიდატურა არც განუხილავთ.

“1200-მდე სკოლა ლიდერის, პროფესიონალი ლიდერის გარეშეა. მოცემულობა შექმნეს – ტესტირება წარმატებით ჩააბარეს ადამიანებმა, მერე სერტიფიკატი მივიღეთ, გვყავს პროფესიონალი ლიდერები და 1200-მდე სკოლა ისეა დარჩენილი. ეს როგორ არ უნდა გამოიყენო, როგორ არ უნდა დააკომპლექტო სკოლა?! რეფორმებს როდესაც გვიფინანსებს, რა რეფორმებზეა საუბარი, თუ პროფესიონალი ლიდერი არ ჰყავს სკოლებს”, – ამბობს დავით ფერაძე.

მასწავლებლები სამინისტროსგან შემხვედრი ნაბიჯების გადადგმასა და დასახელებულ პრობლემებზე ხელშესახებ ცვლილებების გატარებას მოითხოვენ.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი