ახალი ამბები

სკოლებში, სადაც ჯერ კიდევ არ აურჩევიათ დირექტორები, ახალი კონკურსი გამოცხადდება — მინისტრი

12 დეკემბერი, 2023 • 832
სკოლებში, სადაც ჯერ კიდევ არ აურჩევიათ დირექტორები, ახალი კონკურსი გამოცხადდება — მინისტრი

იმ სკოლებში, სადაც რამდენიმეთვიანი კონკურსის შემდეგაც ვერ აირჩიეს ახალი დირექტორები, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. ამილახვრის ინფორმაციით, საუბარია დაახლოებით 1000 სკოლაზე.

მინისტრის თქმით, კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ უკვე სერტიფიცირებულ დირექტორობის კანდიდატებსაც და მათაც, ვისაც სურვილი აქვს, სერტიფიკატი კი, ჯერჯერობით, არა.

“უახლოეს მომავალში, სრულიად სამართლიანი, ინკლუზიური, გამჭვირვალე კონკურსები გამოცხადდება იმ დარჩენილ სკოლებში, სადაც ვერ მოხდა შერჩევა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს, ვისაც აქვს სერტიფიცირება, ან უნდა, რომ მოიპოვოს სერტიფიცრება, ყველას – ხაზგასმით ვამბობ, მივცემთ შესაძლებლობას, რომ შემოვიდეს კონკურსში”, — განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

დირექტორთა შესარჩევი კონკურსის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე საუბრისას ამილახვარმა აღნიშნა, რომ როცა მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა, პროცესი უკვე დაწყებული იყო. მანისტრმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ სკოლებში დირექტორთა დისკრეციული წესით დანიშნვის შესაძლებლობა მიზანმიმართულად არ გამოიყენა და ეს სკოლების ავტონომიურობით ახსნა. თუმცა, ამავე დროს, არ გამორიცხა, რომ უკიდურეს შემთხვევაში შესაძლოა, ამ უფლებითაც ისარგებლოს.

“კანონით მონიჭებული უფლება, რომელიც მინისტრს გააჩნია, რომ დისკრეციის უფლება მაქვს და შემიძლია ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ ადგილას დავნიშნო, ამას ჩვენ მიზანმიმართულად არ ვიყენებთ, შეგნებით არ ვიყენებთ, ვინაიდან არ გვინდა, ჩვენი შეხედულება, ჩვენი გემოვნება თავს მოვახვიოთ სკოლებს. არამედ გვინდა, თავად სკოლებმა გადაწყვიტონ, ვინ არის [უნდა იყვნენ] მათი დირექტორები. ბუნებრივია, ეს გამოყენებული იქნება მხოლოდ უკიდრურესი აუცილებლობის შემთხვევაში”, — განაცხადა ამილახვარმა.

მისი თქმით, კონკურსი “უახლოეს პერიოდში” დაიწყება და მომდევნო 2-3 თვეში ყველა სკოლაში აირჩევენ დირექტორს.

4 დეკემბერს ისტორიის მასწავლებელმა და დირექტორობის სერტიფიცირებულმა კანდიდატმა, დავით ფერაძემ, მინისტრთან და მის მოადგილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამილახვარი განიხილავს დისკრეციის უფლების გამოყენებას. იმავე დღეს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამილახვარმა თქვა, რომ დისკრეციის უფლების გამოყენებას გამორიცხავს.

მასწავლებელთა ნაწილი 6 თვეზე მეტია აპროტესტებს დირექტორთა შერჩევის კონკურსს. მათი შეფასებით, პროცესი არაობიექტურად და უსამართლოდ ჩატარდა, რომლის მიზანი ისეთი კანდიდატების “დაბლოკვა” იყო, რომლებიც მმართველი პარტიისადმი ლოიალურად არ არიან განწყობილი. კანდიდატები, რომლებიც კონკურსს ამა თუ იმ ეტაპზე გამოეთიშნენ, ამბობენ, რომ დირექტორებად არჩეული პირების ნაწილი ამ პოზიციებზე პოლიტიკური ნიშნით მოხვდნენ.

4 დეკემბერს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მაია ეკალაძემ სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო. ეკალაძე დირექტორთა შესარჩევ კონკურსის მეორე – გასაუბრების ეტაპიდან გამოეთიშა. ის ერთ-ერთია იმ 26  პედაგოგს შორის, ვინც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) ერთად გასაუბრების შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა. მოგვიანებით ეკალაძემ შიმშილობა შეწყვიტა, თუმცა კოლეგებთან, დავით ფერაძესა და გიორგი ჭაუჭიძესთან ერთად სამინისტროსთან გაშლილ კარავთან პროტესტს დღემდე აგრძელებს.

“არ მოვიცვლი ფეხს უზნაძის 52-დან [განათლების სამინისტროს მისამართი]. [დაპირება] მალე უნდა იქცეს კონკრეტულ თარიღად, დღესვე! ექვსი თქვე ჰქონდათ საფიქრად და სამუშაოდ! სკოლებისთვის ორი თვე ბევრია! კმარა!”, – დაწერა ეკალაძემ საკუთარ ფეისბუქგვერდზე მინისტრის განცხადების შემდეგ.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი