ახალი ამბები

“გაჩნდება ონლაინ უნივერსიტეტის ცნება” – განათლების მინისტრმა დისტანციური სწავლების რეფორმა დააანონსა

11 მარტი, 2024 • 897
“გაჩნდება ონლაინ უნივერსიტეტის ცნება” – განათლების მინისტრმა დისტანციური სწავლების რეფორმა დააანონსა

ცალკეული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების თეორიული ნაწილი დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავა. შეიქმნება უმაღლესი განათლების ისეთი პროგრამებიც, რომელთა გავლაც სრულად ელექტრონულად იქნება შესაძლებელი. ნაწილობრივ ონლაინ სწავლებას დაექვემდებარება პროფესიული განათლებაც. ეს ინფორმაცია განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა დღეს, 11 მარტს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა.

ამილახვრის ინფორმაციით “დისტანციური სწავლების რეფორმის” გეგმა უკვე წარუდგინა მთავრობას. მინისტრის თქმით, ეს არის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს.

“ჩვენ რამდენიმე თვეა ვმუშაობთ როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე, ასევე, საქართველოში არსებულ გამოცდილებაზე. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში – ეს შეეხება როგორ საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს – გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად.

ასევე, ცალკე მიმართულებად შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამის შექმნა – შესაბამისი აკრედიტაციის გავლა განხრციელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე, უცხოელებისთვის”, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გარდა ამისა, კანონპროექტი მოიცავს უცხოური ელექტრონული პროგრამების საქართველოში აღიარებასაც.

“მესამე მიმართულება, ეს გახლავთ საქართველოს მოქალაქეები, ვინც სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ, ელექტრონულ პროგრამებზე, მათი აღიარების დაშვება, რაც აქამდე, მოგეხსენებათ, იყო აკრძალული. პირველ ეტაპზე ასეთ ქვეყნებად განისაზღვრა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და აშშ. თუმცა მომავალში შესაძლებელი იქნება ქვეყნების ნუსხის დამატება იმ სანდოობის გათვალისწინებით, რომელიც იმ უნივერსიტეტებს გააჩნიათ ამ ქვეყნებში”, – ამბობს ამილახვარი.

მინისტრის თქმით, კანონპროექტის მიღების შემდეგ უმაღლესი განათლების კანონში გაჩნდება ახალი ტერმინი “ონლაინ უნივერსიტეტი”. შესაბამის კონცეფციას და სტანდარტებს განათლების სამინისტრო შეიმუშავებს.

გიორგი ამილახვარმა გაიხსენა კორონავირუსის პანდემიის პერიოდი, როცა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს “ფორსმაჟორულ რეჟიმში” მოუხდათ. მისი თქმით, დაანონსებული რეფორმა სწორედ პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გამოცდილებას დაეფუძნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი