ახალი ამბებისაზოგადოება

დირექტორობის მსურველთა ინტერესებს ISFED სასამართლოში დაიცავს

17 ოქტომბერი, 2023 • 1156
დირექტორობის მსურველთა ინტერესებს ISFED სასამართლოში დაიცავს

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) დირექტორობის მსურველი აპლიკანტების ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. საუბარია სერტიფიცირების პროცესს გამოთიშულ 26 ადამიანზე, რომლებიც მოითხოვენ შედეგების ბათილად ცნობას და გასაუბრების ეტაპის ხელახლა, სამართლიან გარემოში ჩატარებას.

“ისინი მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება იყო უსამართლო. თვლიან, რომ არიან კვალიფიციურები, მათ შორის აქვთ დირექტორად მუშაობის გამოცდილება. ასევე, ისინი თვლიან, რომ კრიტერიუმები არ იყო შესაბამისი “, – განაცხადა ნინო დოლიძემ, ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შეისწავლეს დირექტორობის მსურველთა გასაუბრების ოქმები და გამოკვეთეს ისეთი დარღვევები, რომელთაც, შესაძლოა, გავლენა ჰქონოდა შედეგებზე.

“ცალკეულ შემთხვევებში გასაუბრების ოქმს ხელს აწერდა კომისიის ის წევრი, რომელიც კანდიდატის გასაუბრებას საერთოდ არ ესწრებოდა; გასაუბრების ხანგრძლივობა და დასმული შეკითხვები გასაუბრების ფორმალურ ხასიათზე მიუთითებდა, უმეტეს შემთხვევაში პროცესი 10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც არ იძლეოდა კანდიდატების სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას”, – ვკითხულობთ ISFED-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია აპირებს იმ ადამიანების ინტერესების დაცვასაც, რომლებიც, სერტიფიცირების ყველა ეტაპის წარმატებით გავლის მიუხედავად, სამინისტრომ დირექტორობის კანდიდატებად არ წარადგინა. ISFED-ში საუბრობენ “არასასურველი დირექტორების” სიების არსებობაზე და აცხადებენ, რომ ამ კონკურსით სამინისტრო განათლების სისტემიდან მათ განდევნას ცდილობს.

“სამეურვეო საბჭოებისთვის კანდიდატების წარუდგენლობის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებები დაუსაბუთებელია და იწვევს უკმაყოფილებას სასკოლო საზოგადოებაში, რაც არ პასუხობს მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

“არასასურველი დირექტორების” სიების არსებობაზე ISFED გასულ წელსაც საუბრობდა. 2022 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ “არასასურველი დირექტორების” დოსიეები მმართველი პარტიის მიმართ ლოიალობის ხარისხის მიხედვით იქმნებოდა და პროცესში ჩართული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც.

“საჯარო სკოლების დირექტორების შერჩევის ობიექტური პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია სკოლების და საგანმანათლებლო სისტემის დეპოლიტიზებისთვის. მაშინ, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ სამართლიანი საარჩევნო სისტემის უზრუნველსაყოფად, სკოლების და საგანმანათლებლო სისტემის დეპოლიტიზება, რა თქმა უნდა, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი”, – განაცხადა ნინო დოლიძემ პრესკონფერენციაზე.


დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკაციო გამოცდები ორი ეტაპისგან შედგებოდა: გამოცდა და გასაუბრება. ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კონკრეტული სკოლების დირექტორობაზე შეეტანათ განაცხადები. ამ განაცხადების საფუძველზე, თითოეული სკოლისთვის სამინისტროს უნდა წარედგინა კანდიდატები, რომელთაგან სამეურვეო საბჭოები თავად აირჩევდნენ მათთვის სასურველს.

სკოლების ნაწილში სამინისტრომ მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინა, სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატების ნაწილი კი არცერთ სკოლაში არ წარადგინა. ამის შემდეგ დირექტორობის მსურველთა საინიციატივო ჯგუფმა განათლების მინისტრს, გიორგი ამილახვარს წერილი მისწერა და კონკურსი დისკრიმინაციულად შეაფასა. დირექტორები პროცესის პოლიტიზებაზე საუბრობენ.

ზოგიერთ სკოლაში, მაგალითად, ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლაში, სამეურვეო საბჭომ სამინისტროს მიერ წარდგენილი დირექტორობის კანდიდატი არ აირჩია. ამ შემთხვევაში სამინისტროს უფლება აქვს, მისთვის სასურველი კანდიდატი სამეურვეო საბჭოს გვერდით ავლით დანიშნოს.

ამ თემაზე შეგიძლია წაიკითხოთ შემდეგი სტატიები:

მასალების გადაბეჭდვის წესი