ახალი ამბები

შეიცვალოს დირექტორების წარდგენის წესი, გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი — NGO-ები სამინისტროს

6 დეკემბერი, 2023 • 927
შეიცვალოს დირექტორების წარდგენის წესი, გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი — NGO-ები სამინისტროს

სამოქალაქო სექტორი ეხმაურება განათლების სამინისტროსთან პედაგოგების პროტესტს. არასამთავრობო ორგანიზაციები განათლების სამინისტროს მოუწოდებენ, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა საფრთხე არ შეექმნას პროტესტში მონაწილე ადამიანთა ჯანმრთელობას. 

რაც შეეხება უშუალოდ დირექტორთა შერჩევის კონკურსს, ამასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორს რამდენიმე რეკომენდაცია აქვს:

  • გამოცხადდეს ხელახალი კონკურსი იმ სკოლებში, სადაც სამეურვეო საბჭოსათვის არ იყვნენ წარდგენილი დირექტორობის კანდიდატ(ებ)ი;
  • შეიცვალოს სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენის წესი: ნებისმიერ სერტიფიცირებულ კანდიდატს მიეცეს მისთვის სასურველ სკოლაში დირექტორობის კანდიდატად დარეგისტრირების უფლება. კანდიდატის თანამდებობასთან შესაბამისობა გადაწყვიტოს მხოლოდ სკოლების სამეურვეო საბჭომ, სამინისტროს მიერ დანიშნული გასაუბრების გარეშე.
  • გამოცდაჩაბარებულ კანდიდატებისთვის დაინიშნონ ხელახალი გასაუბრება;
  • ამ ყველაფრის შემდეგ, თუ მაინც დარჩება სკოლები ახალი დირექტორების გარეშე, მინისტრმა დისკრეციის წესით დანიშნოს ისინი.
  • შეიქმნას სამუშაო კომისია, რომელიც შეიმუშავებს დირექტორების შერჩევის ახალ წესს, ჩაატარებს გასაუბრებებს და შეიმუშავებს სტრატეგიას სკოლის დირექტორების მუდმივი  პროფესიული განვითარების სისტემის შესაქმნელად.

“სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კომისია დაკომპლექტებული იყოს მაღალი რეპუტაციის მქონე თემატური საზოგადოებრივი ორგანიზაციების, განათლების სპეციალისტების, სახალხო დამცველისა და სხვა შესაბამისი წარმომადგენლების მიერ”, – აცხადებენ ორგანიზაციები და ამატებენ, რომ კომისიის მიერ შექმნილი დოკუმენტების აღსრულება უნდა დაევალოს განათლების სამინისტროს და პარლამენტს.

რეკომენდაციებს ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

  • განათლების კოალიცია;
  • სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • ღია სივრცე კავკასია (COS);
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC);
  • მშობლები განათლებისთვის;
  • საფარი;
  • სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის;
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • ა(ა)იპ შეხვედრის ადგილი დმანისი;
  • თავისუფალი ასოციაცია;
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა, საქართველო;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC); 
  • დემოკრატიის მცველები;
  • სამოქალაქო განათლებისა და რეაბილიტაციის ცენტრი (CERC);
  • ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ (FAD);
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
  • საქართველოს მომავლის აკადემია (GFA); 
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR).

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია ეკალაძემ, რომელიც უკვე მე-3 დღეა განათლების სამინისტროსთან შიმშილობს, გასულ ღამეს კარავიც გაშალა. ეკალაძე იმ საინიციატივო ჯგუფის წევრია, რომელიც 6 თვეზე მეტია, დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას და შედეგებს აპროტესტებს. მათი შეფასებით, პროცესი არაობიექტურად და უსამართლოდ ჩატარდა, რომლის მიზანი ისეთი კანდიდატების “დაბლოკვა” იყო, რომლებიც მმართველი პარტიისადმი ლოიალურად არ არიან განწყობილი. კანდიდატები, რომლებიც კონკურსს ამა თუ იმ ეტაპზე გამოეთიშნენ, ამბობენ, რომ დირექტორებად არჩეული პირების ნაწილი ამ პოზიციებზე პოლიტიკური ნიშნით მოხვდნენ.

კონკურსის მეორე, გასაუბრების ეტაპს გამოთიშულმა 26-მა კანდიდატმა სამართლიან არჩევნებთან (ISFED) ერთად სასამართლოს მიმართა.

დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკაციო გამოცდები ორი ეტაპისგან შედგებოდა: გამოცდა და გასაუბრება. ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კონკრეტული სკოლების დირექტორობაზე შეეტანათ განაცხადები. ამ განაცხადების საფუძველზე, თითოეული სკოლისთვის სამინისტროს უნდა წარედგინა კანდიდატები, რომელთაგან სამეურვეო საბჭოები თავად აირჩევდნენ მათთვის სასურველ კანდიდატს.

სკოლების ნაწილში სამინისტრომ მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინა, სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატების ნაწილი კი არცერთ სკოლაში არ წარადგინა. საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებისა და თაავდ მასწავლებლების ინფორმაციით, 1200-მდე სკოლას ისევ დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს, რომლებსაც საკუთარი კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ, ასობით სერტიფიცირებული კანდიდატი კი მინისტრს კითხვებზე პასუხის გაცემას უკვე მე-6 თვეა უშედეგოდ სთხოვს.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი