ახალი ამბები

“დამარწმუნებელი, დროში გაწერილი პასუხები არ მიგვიღია” – მინისტრი შეხვდა მასწავლებლებს, რომლებიც შიმშილობას აპირებენ

4 დეკემბერი, 2023 • 1552
“დამარწმუნებელი, დროში გაწერილი პასუხები არ მიგვიღია” – მინისტრი შეხვდა მასწავლებლებს, რომლებიც შიმშილობას აპირებენ

6-თვიანი ლოდინის შემდეგ განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი შეხვდა მასწავლებლებს, რომლებიც დირექტორთა შესარჩევი კონკურსის შედეგებს აპროტესტებდნენ და პროცესის პოლიტიზებაზე საუბრობდნენ. მაია ეკალაძე და დავით ფერაძე მინისტრსა და მის ორ მოადგილეს, თამარ მახარაშვილსა და გელა გელაძეს თითქმის ორი საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ.

შეხვედრა, ფაქტობრივად, უშედეგოდ დასრულდა — მასწავლებლებმა თავიანთი მოთხოვნიდან მხოლოდ ერთი — ხელფასების იანვრიდან მომატება დათმეს. სხვა მოთხოვნები კი ერთ ძირითად მოთხოვნად გაერთიანდა — სამინისტრომ აღიაროს, რომ დირექტორთა შერჩევის კონკურსი იყო უსამართლო და თანამდებობები შერჩევითად განაწილდა.

ეკალაძე და ფერაძე დღის ბოლომდე დაელოდებიან პასუხს დარჩენილ მოთხოვნაზე, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშლობას აანონსებენ. 17:00 საათზე მასწავლებლები სამინისტროსთან კოლეგებს, სამოქალაქო სექტორსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ელოდებიან მხარდასაჭერად.

“დამარწმუნებელი, ცალსახა, დროში გაწერილი პასუხები არ მიგვიღია. მინისტრმა ეს ნაბიჯი, როგორც ჩანს, გადადგა იმიტომ, რომ [ეთქვა] შეხვედრას ითხოვდნენ და შევხვდი. დიალოგის რეჟიმში მზად ვართო [სასაუბროდ], დაგვპირდა, მოადგილეებთან კონტაქტი გექნებათო. დავაცდით ახლა, რას იზამენ”, — განაცხადა დავით ფერაძემ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

რა ხდება?

მასწავლებელთა ნაწილი უკვე 6 თვეა აპროტესტებს დირექტორთა შერჩევის კონკურსს. მათი შეფასებით, კონკურსი უსამართლოდ და არაობიექტურად ჩატარდა, დირექტორობის კანდიდატები პოლიტიკური ნიშნით “დაბლოკეს”. ისინი მინისტრთან შეხვედრას და საკითხის განხილვას ითხოვდნენ. დირექტორობის შერჩევის კონკურსთან დაკავშირეული საკითხების გარდა, მოთხოვნებს დაემატა მასწავლებელთა ხელფასების ზრდა იანვრიდან. ეს მას შემდეგ, რაც ახალი წლიდან ხელფასების დაგეგმილი ზრდა სამინისტრომ ახალ სასწავლო წლამდე გადაავადა.

ამ დროის განმავლობაში შეხვედრა მხოლოდ ერთხელ, 22 ნოემბერს, მინისტრის მოადგილესთან, თამარ მახარაშვილთან გაიმართა. თუმცა მასწავლებლები აცხადებდნენ, რომ მახარაშვილმა არცერთ კითხვას არ უპასუხა.

30 ნოემბერს მაია ეკალაძემ სამინისტროში განცხადება შეიტანა და შენობის შესასვლელში სივრცის გამოყოფა მოითხოვა ე.წ. მჯდომარე პროტესტისთვის. დღეს, 4 დეკემბერს, იგი დავით ფერაძესთან ერთად მივიდა  სამინისტროში განცხადებაზე პასუხის მისაღებად და შენობაში თუ მის გარეთ პროტესტის ნიშნად შიმშილობის დაწყებას აპირებდნენ. მინისტრთან შეხვედრის შემდეგ პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმა მათ დროებით გადაიფიქრეს.

რას ითხოვდნენ მასწავლებლები და რა პასუხები მიიღეს სამინისტროსგან?

მასწავლებლებს და დირექტორობის კანდიდატებს რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ:

  • მინისტრმა დისკრეციული წესით დანიშნოს დირექტორები იმ სკოლებში, რომლებსაც ჯერ კიდევ მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელობენ;
  • განმეორებით ჩატარდეს გასაუბრებები იმ კანდიდატებთან, ვინც, მათივე თქმით, სამინისტრომ “დაბლოკა”;
  • მასწავლებელთა ხელფასები გაიზარდოს იანვრიდან, როგორც ეს თავდაპირველად იყო დაანონსებული და არა ივლისიდან;
  • თანამდებობიდან გაათავისუფლონ თბილისის 23-ე საჯარო სკოლის დირექტორი, რომელიც, მათივე თქმით, კანონდარღვევით დაინიშნა ამ პოზიციაზე.

მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მასწავლებლებმა ხელფასების იანვრიდან მატების მოთხოვნა მოხსნეს. მათი თქმით, მინისტრმა განუმარტა, რომ მასწავლებლები, რომლებთანაც სამინისტროს კომუნიკაცია აქვს, კმაყოფილები არიან ხელფასების ივლისიდან მატებით. სამინისტროში ამბობენ, რომ თავდაპირველი გეგმით, ხელფასები, მართალია, 2024 წლის იანვრიდან, თუმცა მხოლოდ 125 ლარით იზრდებოდა. ახალი სახელფასო პოლიტიკით კი, ივლისიდან სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების ანაზღაურებ მინიმუმ 500 ლარით გაიზრდება.

რაც შეეხება დირექტორობის კონკურსთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეების პოზიციები უცვლელი რჩება — მასწავლებლები პროცესის პოლიტიზებასა და არაობიექტურობაზე საუბრობენ, სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ პროცესი სამართლიანი იყო. დავით ფერაძის თქმით, კონკრეტულ მასწავლებლებს, რომლებსაც პროცესთან დაკავშირებით უკმაყოფილება აქვთ, მინისტრმა სასამართლოსკენ მიუთითა და ურჩია, საქმე სამართლებრივად მოაგვარონ.

სასამართლოს უკვე მიმართა 26-მა მასწავლებელმა, რომლებიც დირექტორთა შერჩევის კონკურსს მეორე, გასაუბრების ეტაპზე გამოეთიშნენ. მათ ინტერესებს “სამართლიანი არჩევნები” იცავს. მაია ეკალაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ბრძოლას სასამართლოში აგრძელებს.

რაც შეეხება იმ სკოლებს, რომლებსაც ჯერ კიდევ მოვალეობის შემსრულებლები ხელმძღვანელობენ, ფერაძის თქმით, მინისტრი მათ დაჰპირდა, რომ განიხილავს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებას და დირექტორთა პირდაპირ დანიშვნას. გარდა ამისა, სამინისტრო განიხილავს ამ სკოლებში კონკურსის დამატებითი ეტაპის ორგანიზებას. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, როდის ან რა ფორმატით გაიმართება ეს პროცესი.

დავით ფერაძისა და მაია ეკალაძის თქმით, შეხვედრაზე მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პროტესტის მონაწილე მასწავლებლების პოლიტიზებაზე და ჰკითხა, ვინმე ხომ არ იდგა მათ უკან. მასწავლებლებისთვის ეს დამოკიდებულება შეურაცხმყოფელია და ამბობენ, რომ მზად არიან ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერ აუდიტორიასთან, საჯაროდ განიხილონ მათი მოთხოვნები.

მასალების გადაბეჭდვის წესი