მაია ეკალაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც უკვე მეოთხე დღეა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან იმყოფება და დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას და შედეგებს აპროტესტებს, შიმშილობას წყვეტს, თუმცა პროტესტს აგრძელებს.
“წუხელ კლინიკაში გადამიყვანეს, რაღაც პრეპარატები გამიკეთეს და ბევრად მხნედ და ენერგიულად ვარ ახლა, ვიდრე მანამდე ვიყავი. საკვები ჯერ ვერ მივიღე. ვცადე, მაგრამ ორგანიზმმა არ მიიღო. თუმცა შიმშილობას ვწყვეტ, შევჭამ, როცა ეს დასჭირდება ორგანიზმს და შევძლებ ამას”, – ეუბნება ნეტგაზეთს მაია ეკალაძე.
სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მაია ეკალაძესთან ერთად იმყოფება და პროტესტს მიმართავს ისტორიის მასწავლებელი დავით ფერაძე. მათ ასევე უერთდება გიორგი ჭაუჭიძე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი.
“შიმშილობას მაინც არანაირი მნიშვნელობა აქვს ამათთვის. ერთ სიბრტყეზეა კარავი და შიმშილობა. ეს კარავი ჩანს, შიმშილობა – არა. მინისტრი, რომელიც ვაკის პარკში ბავშვის დაღუპვის მერე ხელს მშობლისკენ გაიშვერს, მაია ეკალაძის შიმშილით შეწუხდება?!” – ასე უხსნის დავით ფერაძე ნეტგაზეთს, რატომ არ ღირს შიმშილობის გაგრძელება სამინისტროსთან.
პროტესტის მეოთხე დღესაც პედაგოგებს განათლების სამინისტროდან არ ეხმიანებიან. ეკალაძე ამბობს, რომ ის რამდენიმე თანამშრომელიც კი, რომელიც ძველი ნაცნობები არიან, მხოლოდ თვალებით თუ გამოხატავენ თანადგომას.
პედაგოგებმა სამშაბათს მიმართეს სახალხო დამცველს, რომ სამინისტროსთან ეშუამდგომლა და პროტესტის მონაწილეებს სამინისტროს საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება მისცემოდათ.
“ოთხშაბათს მთელი დღე წვიმდა, ციოდა, ამანაც იმოქმედა. ადამიანი ამათ არ ადარდებთ. მოვილაპარაკებთო და დღენახევარი ლაპარაკობდნენ, საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას მომცემდნენ თუ არა. 200 მოსწავლე მყავს, 200 ბავშვს მანდობენ და სამინისტროს ტუალეტს – არა. დაცვის თანამშრომლებს ვთხოვე ერთხელ და დაიშალა ჩემ თვალწინ ადამიანი, კამერებიაო. დავიწვი მისი საცოდაობით”, – ამბობს ეკალაძე.
პედაგოგები საუბრობენ იმ მწირ ხელფასზე, რასაც პრაქტიკოსი მასწავლებლები იღებენ და სვამს კითხვას, რა სახის მასწავლებლები გვინდა სკოლაში, სახელმწიფოს თუ საზოგადოების წევრებს საკუთარი შვილებისთვის. აღნიშნავს იმასაც, რომ მასწავლებელთათვის ადეკვატური ხელფასი, რისგანაც 400-დან 500 ლარამდე ხელფასი (პრაქტიკოსი მასწავლებლების შემთხვევაში) უკიდურესად შორსაა, არ არის პანაცეა, რომელიც განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს და ქვეყანა PISA-ს კვლევებში ნახტომისებურად წაიწევს წინ. ესაა საბაზისო საჭიროება, რის დაუკმაყოფილებლადაც რეფორმებზე საუბარიც კი ზედმეტია.
“ამბობენ, რომ პოლიტიზებულები ვართ, ხან ამბობენ, რომ პირიქით, არ ვართ. საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს, პოლიტიზებულიც რომ ვიყო, ასე უნდა მომექცე? სკოლა უნდა იყოს დეპოლიტიზებული, რა თქმა უნდა. მაგრამ საერთოდ, რას ვეძახით პოლიტიკას და პოლიტიზებულობას? პარტიულობას? ნაც-ქოცობას? ეს არაა პოლიტიკა! განათლების პოლიტიკა არის პარალიზებული! 6 თვეა ვიბრძვით, სულ არ უნდა გვჭირდებოდეს ჩვენ პროტესტის ეს ფორმები”, – ამბობს ეკალაძე.
პროტესტის მონაწილე პედაგოგები საუბრობენ სხვა მასწავლებლების მხრიდან უტყვ სოლიდარობაზე, რასაც ხმამაღლა იშვიათად გამოხატავენ.
“სულ ერთი-ორი ადამიანი იყო მასწავლებლებიდან, ვინც ცუდად გამოგვეხმაურა. ერთი იმედის “კვირაში” ალაპარაკეს. სახეზე რომ შეგეხედათ, მიხვდებოდით, რომ იძულებული იყო, ასე ელაპარაკა. ვალდებულად გრძნობენ თავს ხელისუფლებასთან, როდესაც სახელმწიფოსგან რამე ჯილდოს იღებენ. არასწორია ეს. პირადი წერილები რომ განახათ ჩვენი, გუგუნებს სამასწავლებლოები. მაგრამ მივმართავ თქვენი საშუალებითაც, მასწავლებლებო, ამოიღეთ ხმა!” – ამბობს ნეტგაზეთთან მაია ეკალაძე.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მაია ეკალაძისთვის, პროტესტის მეოთხე დღეა. ოთხ დეკემბერს მან განათლების სამინისტროსთან შიმშილობა დაიწყო, 5 დეკემბერს კი კარავიც გაშალა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა 6 დეკემბერს განათლების სამინისტროს მოუწოდეს, ქმედითი ნაბიჯები გადაედგა, რათა საფრთხე არ შეჰქმნოდა პროტესტში მონაწილე ადამიანთა ჯანმრთელობას. ეკალაძე იმ საინიციატივო ჯგუფის წევრია, რომელიც 6 თვეზე მეტია, დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას და შედეგებს აპროტესტებს. მათი შეფასებით, პროცესი არაობიექტურად და უსამართლოდ ჩატარდა, რომლის მიზანი ისეთი კანდიდატების “დაბლოკვა” იყო, რომლებიც მმართველი პარტიისადმი ლოიალურად არ არიან განწყობილი. კანდიდატები, რომლებიც კონკურსს ამა თუ იმ ეტაპზე გამოეთიშნენ, ამბობენ, რომ დირექტორებად არჩეული პირების ნაწილი ამ პოზიციებზე პოლიტიკური ნიშნით მოხვდნენ.
კონკურსის მეორე, გასაუბრების ეტაპს გამოთიშულმა 26-მა კანდიდატმა სამართლიან არჩევნებთან (ISFED) ერთად სასამართლოს მიმართა.
დირექტორობის მსურველთა სასერტიფიკაციო გამოცდები ორი ეტაპისგან შედგებოდა: გამოცდა და გასაუბრება. ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შემდეგ, მსურველებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კონკრეტული სკოლების დირექტორობაზე შეეტანათ განაცხადები. ამ განაცხადების საფუძველზე, თითოეული სკოლისთვის სამინისტროს უნდა წარედგინა კანდიდატები, რომელთაგან სამეურვეო საბჭოები თავად აირჩევდნენ მათთვის სასურველ კანდიდატს.
სკოლების ნაწილში სამინისტრომ მხოლოდ ერთი კანდიდატი წამოაყენა, სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატების ნაწილი კი არცერთ სკოლაში არ წარადგინა. საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებისა და თავად მასწავლებლების ინფორმაციით, 1200-მდე სკოლას ისევ დირექტორობის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს, რომლებსაც საკუთარი კომპეტენცია დადასტურებული არ აქვთ. ასობით სერტიფიცირებული კანდიდატი კი მინისტრს კითხვებზე პასუხის გაცემას უკვე მე-6 თვეა უშედეგოდ სთხოვს.
ამავე თემაზე:
- “დამარწმუნებელი, დროში გაწერილი პასუხები არ მიგვიღია” – მინისტრი შეხვდა მასწავლებლებს, რომლებიც შიმშილობას აპირებენ
- საქმე გამოგელიათ, ან მიზანმიმართულად გინდათ რეფორმები დააზიანოთ – განათლების მინისტრი ჟურნალისტებს