საზოგადოება

მოშიმშილე პედაგოგმა სამინისტროსთან კარავი გაშალა და ომბუდსმენს დახმარებისთვის მიმართა

6 დეკემბერი, 2023 • 2035
მოშიმშილე პედაგოგმა სამინისტროსთან კარავი გაშალა და ომბუდსმენს დახმარებისთვის მიმართა

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მაია ეკალაძემ, რომელიც უკვე მე-3 დღეა განათლების სამინისტროსთან შიმშილობს, გასულ ღამეს კარავიც გაშალა. ის სახალხო დამცველს თავისი უფლებების დაცვას სთხოვს. ეკალაძის ინფორმაციით, მისი კოლეგები უკვე ესაუბრნენ სახალხო დამცველის ერთ-ერთ მოადგილეს და ახლა ელოდებიან პასუხს.

“სახალხო დამცველს მინდა მივმართო: ბატონო სახალხო დამცველო, აგერ უკვე მესამე დღეა, რაც განათლების სამინისტროს შენობის წინ ვდგავარ ქარში, ყინვაში სიცივეში და არ მაქვს პასუხი ჩემს შეკითხვებზე, რომლებსაც ვაჟღერებდი სხვადასხვა პლატფორმიდან, სხვადასხვა საშუალებით. სამინისტროს აუცილებლად უნდა გაეცა პასუხი დარღვეული კონკურსის შესახებ. სხვა გზა აღარ დამიტოვეს გარდა იმისა, რომ დავდგე ქუჩაში და დაველოდო, როდის ინებებს მინისტრი და აღიარებს ჩვენ წინაშე დანაშაულს.

სახალხო დამცველისგან ვითხოვ შუამავლობას, დაიცვას ჩემი, როგორც ადამიანისა და მასწავლებლის უფლება. ელემენტარული, საყოფაცხოვრებო პირობები ადამიანისთვის ქუჩაშიც საჭიროა. ველოდები, როდის შევძლებ [განათლების სამინისტროს] შენობაში, თუნდაც საპირფარეშოთი ვისარგებლოთ. ასეთი მარტივი მოთხოვნა არ არის, რასაკვირველია, საგანმანათლებლო სისტემაში. პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს და ამაზეც მინდა, რომ რეაგირება ჰქონდეს სახალხო დამცველს”, — ამბობს მაია ეკალაძე.

ეკალაძემ სამინისტროსთან მეორე ღამე გაათენა. ის 4 დეკემბრიდან სამინისტროს შენობასთან შიმშილობს. კარავი  მხარდასაჭერად მოსულმა აქტივისტმა ნატა ფერაძემ მიუტანა. თუმცა, როგორც ამბობს, პატარა კარავმა წვიმისა და ყინვისგან ვერ დაიცვა.

ეკალაძე იმ საინიციატივო ჯგუფის წევრია, რომელიც 6 თვეზე მეტია, დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობას და შედეგებს აპროტესტებს. მათი შეფასებით, პროცესი არაობიექტურად და უსამართლოდ ჩატარდა, რომლის მიზანი ისეთი კანდიდატების “დაბლოკვა” იყო, რომლებიც მმართველი პარტიისადმი ლოიალურად არ არიან განწყობილი. კანდიდატები, რომლებიც კონკურსს ამა თუ იმ ეტაპზე გამოეთიშნენ, ამბობენ, რომ დირექტორებად არჩეული პირების ნაწილი ამ პოზიციებზე პოლიტიკური ნიშნით მოხვდნენ.

ისტორიის მასწავლებელი, გიორგი ჭაუჭიძე ერთ-ერთია იმ კანდიდატებს შორის, რომელმაც კონკურსის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და დირექტორობის კანდიდატის სტატუსიც სამინისტროსგან ოფიციალურად მიიღო. ამის მიუხედავად, უწყებამ ის არცერთი იმ სკოლის სამეურვეო საბჭოს არ წარუდგინა, სადაც ჭაუჭიძეს განაცხადი ჰქონდა შეტანილი. შესაბამისად, სკოლებს არ ჰქონდათ საშუალება მისი კანდიდატურა განეხილათ.

ჭაუჭიძისთვის გაუგებარია, რატომ არ წარუდგინა სამინისტრომ სერთიფიცირებული კანდიდატები სკოლებს მაშინ, როცა ასობით სკოლას ამ დრომდე მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს.

გიორგი ჭაუჭიძე

“უბრალოდ ადეკვატურობას ვითხოვთ. თან, ძალიან მარტივია საპასუხო ნაბიჯი. სკოლების ნახევარი, ფაქტობრივად, არის ვაკანტური – ყველგან არ არის არჩეული დირექტორი და მოვალეობის შემსრულებლები ჰყავს ამ სკოლებს. ვერ აირჩიეს, ხომ, ყველა სკოლაში დირექტორი?! გავაგრძელოთ პროცესი, ჩატარდეს ამ სკოლებში ახალი არჩევნები, ახალი კონკურსი.

სადაც დაინიშნენ და აირჩა, იქ არ ვამბობთ, რომ გადავაყენოთ, თუმცა, იმდენად დისკრედიტებულია მთელი პროცესი, რომ ეს მოთხოვნაც არ იქნებოდა საფუძველს მოკლებული”, – ამბობს ჭაუჭიძე.

პედაგოგის შეფასებით, სამინისტროს ამ სკოლებისთვის დირექტორების შერჩევა ისედაც უნდა გაეგრძელებინა. მისთვის მიუღებელია კომუნიკაციის ის ფორმა, რითაც უწყება მათ პასუხობს.

“უცნაური ან რადიკალური მოთხოვნები არ გვაქვს, სულ რომ არ ყოფილიყო ეს პროტესტი, ბუნებრივად უნდა გაგრძელებულიყო [დირექტორთა შერჩევა] იმიტომ, რომ არ არის სკოლების დიდ ნაწილში დირექტორები.

კარგი, ვთქვათ, არ გინდა არფარის გაკეთება, ხომ შეიძლება ადეკვატურად დაელაპარაკო ადამიანს? ასეთი სიტუაცია გვაქვს, გაგვიგეთ, ერთ სისტემაში ვმუშოაბთ, რაც არ უნდა იყოს”, – ამბობს ჭაუჭიძე.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი