ახალი ამბები

მოდით, დავაფასოთ ბოდიში – პაპუაშვილი ბერაიაზე

1 ნოემბერი, 2023 • 1010
მოდით, დავაფასოთ ბოდიში – პაპუაშვილი ბერაიაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ წევრების მიერ ქალი დეპუტატებისთვის მიყენებულ შეურაცხყოფას „გადაცდომას“ უწოდებს და ამბობს, რომ ასეთი რამ ყველას შეიძლება მოუვიდეს.

ამის შესახებ მან დღეს, პირველ ნოემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დღევანდელი სხდომა ხმაურით გაიხსნა. ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისგან, ირაკლი ბერაიასგან თანამდებობის დატოვებას მოითხოვენ, რადგან მან გუშინ დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, „ირაკლი ბერაია არ გადადგება და არც არავინ აპირებს“.

პოლიტიკური ჯგუფის, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ დღევანდელი დღე ჩვეულებრივად ვერ დაიწყებოდა ისე, თითქოს გუშინ არაფერი არ მომხდარა. მან პაპუაშვილს სთხოვა, რომ გუშინ მომხდარზე პოზიცია დაეფიქსირებინა.

„სამწუხაროდ, ჩვენი პარლამენტი არ არის დაცლილი გარკვეულ ეთიკურ ზღვარზე სიარულით, ხანდახან გადამეტებებისგან, რაც საერთო კონტექსტით განპირობებულია. სამწუხაროდ, ისეთი წრეა, რთულია ტყუილ-მართლის გარკვევა ხოლმე და მიდის ურთიერთბრალდებები. რაც შეეხება გუშინდელ შემთხვევას, ბატონმა ირაკლიმ ძალიან ცხადად განაცხადა ამასთან დაკავშირებით, მის გამოსვლას ჰქონდა შინაარსობრივი ნაწილი, რომელსაც ყველა ვიზიარებთ, რაც შეეხებოდა კრიტიკას. რაც შეეხება იმ ნაწილს, სადაც იყო პიროვნული გარკვეული ეთიკური ჩარჩოებიდან გასვლის საკითხი, მან თქვა, რომ იმის ფონზე, რაზეც მას ჰქონდა საუბარი, შეიძლება იყო გარკვეული გასვლა და ამის გამო ბოდიშიც მოიხადა.

მე არ მახსენდება ოპოზიციიდან ერთი ადამიანი, ქალი ან კაცი, რომ ვინმეს ბოდიში მოეხადა საერთოდ. მაგალითად, რაც ქალბატონ თეა წულუკიანს აკადრა ოთხმა ქალმა დეპუტატმა. თუ გამოიტანთ გუშინდელი დღიდან დასკვნას, არის ერთი რამე, რომ შეიძლება ყველას მოუვიდეს ასეთი გადაცდომა. ირაკლი ბერაიამ ბოდიში მოიხადა და მოდით, დავაფასოთ ეს ბოდიში და ეს კულტურა იქნებ როგორღაც თქვენთანაც დაამკვიდროთ და ბოდიშის მოხდა თქვენც შეძლოთ ხოლმე, როდესაც ასეთი გადამეტება მიდის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გუშინ, როცა „ქართული ოცნების“ წევრები, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, შალვა პაპუაშვილმა მათ არცერთ შემთხვევაში არ მიუთითა, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან თავი შეეკავებინათ. უფრო მეტიც, მათ რეგლამენტით გათვალისწინებული დრო დაუმატა სასაუბროდ. დღეს კი პაპუაშვილი, რომელიც ოპოზიციონერ დეპუტატებს სიტყვით გამოსვლისას შენიშვნებს ხშირად აძლევს, ამბობს, რომ ყველას გამოსვლას არ უსმენს და წამიერი რეაგირებაც ვერ ექნებოდა.

„რა თქმა უნდა, არის გარკვეული ზღვარი. როდესაც გამოსვლის დროს გარკვეული ზღვარი იქნება გადალახული, შევეცდები დროულ რეაგირებას. სიმართლე გითხრათ, მე ყველას გამოსვლას არ ვუსმენ და წამიერი რეაგირება ვერ მექნება, თანაც იქაც არის ლავირების გარკვეული შესაძლებლობები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


31 ოქტომბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა ალუდა ღუდუშაურმა და ირაკლი ბერაიამ სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი ფრაზებით მოიხსენიეს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები, ანი წითლიძე და თეონა აქუბარდია.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი