ახალი ამბები

პრეზიდენტი ქალ დეპუტატებს სოლიდარობას უცხადებს

31 ოქტომბერი, 2023 • 1135
პრეზიდენტი ქალ დეპუტატებს სოლიდარობას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება დღეს პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ გამოთქმულ სექსისტურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

„მე დღეს მოვისმინე სიტყვები, რომლებიც შეურაცხყოფს მთლიანად საქართველოს პარლამენტს“, — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და სრულ სოლიდარობას უცხადებს დეპუტატ ქალებს, რომლებმაც დღეს პროტესტი გამოხატეს.

ზურაბიშვილის თქმით, რაც მოხდა, სრულიად მიუღებელია.

„ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის. მე არ ვიცი, რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე, როცა თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი, რა არის“, — აცხადებს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, მიიღოს უმკაცრესი ზომები „იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დღეს თავს უფლება მისცეს, ასე მოქცეულიყვნენ“.

„თუ ეს არ გააკეთა [თავმჯდომარემ], მაშინ თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს. მე მგონი, უნდა იმოქმედოს სწრაფად და მოახდინოს რეაგირება!“ — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა ქალი კოლეგები სექსისტურ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიეს. პლენარულ სხდომაზე ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალუდა ღუდუშაურმა მიაყენა შეურაცხყოფა ანი წითლიძეს, შემდეგ კი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ – თეონა აქუბარდიას.

ვრცლად ორივე ინციდენტის შესახებ წაიკითხე:

„ოცნების“ წევრმა ირაკლი ბერაიამ თეონა აქუბარდიას სიტყვიერი შეუარაცხყოფა მიაყენა

მასალების გადაბეჭდვის წესი