საზოგადოება

ვერ გაგვაჩუმებთ ამ ბინძური მეთოდებით – ქალი დეპუტატები “ოცნებას”

31 ოქტომბერი, 2023 • 1393
ვერ გაგვაჩუმებთ ამ ბინძური მეთოდებით – ქალი დეპუტატები “ოცნებას”

“ქართული ოცნების” დეპუტატების, ირაკლი ბერაიასა და ალუდა ღუდუშაურის სექსისტურ და ღირსების შემლახავ განცხადებებს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. მათი შეფასებით, მმართველი პარტიის დეპუტატებმა მათ წინააღმდეგ ბრძოლა “სუს-ის მეთოდებით დაიწყეს”.

დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების დისკრედიტაციას მმართველი პარტია მაშინ იწყებს, როცა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე სვამენ კითხვებს, როგორისაა ვიცე-პრემიერის დასწრება ღონისძიებაზე ვლადიმერ პუტინთან ერთად, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზების განთავსება, ანტიდასავლური დეზინფორმაცია და სხვა.

“მე კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ბერაიას, ასევე სრულიად “ქართულ ოცნებას” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ოპოზიციონერი დეპუტატების დისკრედიტაციისთვის ეს მეთოდები აქვთ არჩეული – არ გავჩუმდები!

არ გავჩერდები მაშინ, როდესაც საუბარი არის ჩვენს ოკუპაციაზე; არ გავჩერდები მაშინ, როდესაც პუტინთან თქვენი მთავრობის წევრი სადილს ესწრება და ღირსებაც კი არ უშლის ხელს, რომ ადგეს და გამოვიდეს მოსასმენი სიტყვიდან; […] მაშინ, როდესაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება ანტიდასავლური ნარატივებით”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა, ანა ნაცვლიშვილმა, თინა ბოკუჩავამ, თეონა აქუბარდიამ, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ ბრიფინგი მას შემდეგ გამართეს, რაც მმართველი პარტიის დეპუტატებმა ქალი კოლეგები სექსისტურ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიეს: პლენარულ სხდომაზე ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა მიაყენა შეურაცხყოფა ანი წითლიძეს, შემდეგ კი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ – თეონა აქუბარდიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი