ახალი ამბები

ტენზერი: ახლა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა მართებული არაა

5 სექტემბერი, 2023 • 1677
ტენზერი: ახლა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა მართებული არაა

„არ ვფიქრობ, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ქონა ახლა რელევანტურია“, — მიიჩნევს ფრანგი პოლიტოლოგი, „ასპენის ინსტიტუტის“ ყოფილი დირექტორი და პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის ლექტორი ნიკოლას ტენზერი საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების შესახებ.

„ძალიან ძნელია, გქონდეს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ახლა. ჩინეთი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ჩვენს დემოკრატიებს და გაგვხადოს მასზე დამოკიდებული. რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომშიც ჩინეთი არის არა მოკავშირე, არამედ უფრო რუსეთს უჭერს მხარს“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ტენზერმა.

ის ამბობს, რომ საქართველოს შემთხვევას კონკრეტულად არ იცნობს, მაგრამ იცის, რომ ჩინური კომპანიები აშენებენ გზებს საქართველოში. ტენზერის თქმით, ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი ქვეყნისთვის გამოწვევაა. მან მაგალითად მოიყვანა, თუ როგორ აღმოჩნდა მონტენეგრო პეკინის „ვალის ხაფანგში“.

ჩინეთმა 2015 წელს სესხი გამოუყო მონტენეგროს ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ბარის პორტის მაგისტრალით სერბეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობისთვის. საბოლოო ჯამში კი ქვეყანამ უზარმაზარი ვალი მიიღო, გზის მშენებლობა კი დასრულებული ჯერაც არაა.

მონტენეგრო არაა პირველი ქვეყანა, რომელსაც სესხის გადაუხდელობის გამო ჩინეთისთვის ინფრასტრუქტურული ობიექტის ან ტერიტორიის გადაცემა უწევდა. 2017 წელს დავალიანება შრი-ლანკას ხელისუფლებამ ვერ დაფარა და კრედიტით აშენებული პორტის ჩინეთისთვის 99 წლით გადაცემა მოუწია.

„გზა არსაიდან არსაით“ – როგორ დაედო მონტენეგროს ჩინეთის ვალი

„ეს არის ერთ-ერთი რისკი იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც აქვთ ეკონომიკური პარტნიორობა ჩინეთთან“, — ამბობს ტენზერი.

ტენზერის თქმით, ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა პრობლემურია ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მაგალითად გერმანიის შემთხვევაშიც.

„გამოწვევაა, რომ გერმანიის მხრიდან არ არის რეალური სოლიდარობა ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებისადმი ჩინეთისადმი პოლიტიკაზე. ვფიქრობ, გერმანია ცდილობს, თავისი ცალკე გზა გამონახოს და შეიძლება, ხაფანგში აღმოჩნდეს“, — განაცხადა ტენზერმა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ივლისის ბოლოს გაფორმდა. დოკუმენტი მოიცავს ორ სახელმწიფოს შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საერთაშორისო და ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილებებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთ-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, ანაკლიის პორტზეც ილაპარაკა. მისი სიტყვებით, ხსენებული პროექტი საქართველოს მთავრობის „ამბიციური პროექტია”.

ცნობილია, რას მოიცავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა

ჩინეთის ელჩმა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა, თბილისი დუმს

მასალების გადაბეჭდვის წესი