ახალი ამბები

ჩინეთის ელჩმა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა, თბილისი დუმს

24 აპრილი, 2023 • 5099
ჩინეთის ელჩმა ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი ეჭვქვეშ დააყენა, თბილისი დუმს

ევროპის ქვეყნები პეკინისგან განმარტებებს ითხოვენ მას შემდეგ, რაც ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ეჭვქვეშ დააყენა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სუვერენიტეტი. თბილისი დუმს.

განცხადება, რომელიც კრიტიკის საფუძველი გახდა და ძირს უთხრის რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის ნეიტრალური მედიატორობის პერსპექტივას, ჩინეთის ელჩმა საფრანგეთში ლუ შეიმ პარასკევს, 21 აპრილს, გვიან საღამოს, ფრანგულ არხთან სატელევიზიო ინტერვიუში გააკეთა. ელჩს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ყირიმის ნახევარკუნძულს უკრაინის ნაწილად საერთაშორისო სამართლის მიხედვით.

„ამ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებსაც კი არ აქვთ ეფექტური სტატუსი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება მათი, როგორც სუვერენული ქვეყნის სტატუსის დაკონკრეტებაზე“, — თქვა ჩინეთის ელჩმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ლუქსემბურგში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე განიხილავენ ჩინეთის ელჩის განცხადებას სუვერენიტეტისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყნების არსებობის შესახებ და ევროკავშირი გადახედავს თავის სტრატეგიას ჩინეთის მიმართ.

„[საგარეო საქმეთა] საბჭო დაიწყებს ჩინეთის შესახებ მსჯელობას, რათა მოამზადოს ევროპული საბჭო ივნისში, რომელმაც შესაძლებელია, რომ გადააფასოს ჩვენი სტრატეგია ჩინეთის მიმართ“.

ბალტიის ქვეყნებმა განმარტებისთვის დაიბარეს ჩინეთის ოფიციალური წარმომადგენლები საკუთარ ქვეყნებში.

„ეს სრულიად მიუღებელია. დღეს მოგვიანებით ბალტიის სამი ქვეყანა განმარტებისთვის დაიბარებს [ჩინეთის] წარმომადგენლებს: ჩვენს შემთხვევაში საქმეთა დროებითი რწმუნებულს, სხვა დედაქალაქებში კი— ელჩს. ვკითხავთ, შეიცვალა თუ არა ჩინეთის პოზიცია დამოუკიდებლობის შესახებ. და შევახსენებთ, რომ ჩვენ არ ვართ ყოფილი საბჭოთა ქვეყნები, არამედ ის ქვეყნები, რომლებიც არალეგალურად იყო ოკუპირებული საბჭოთა კავშირის მიერ“, — განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ლუს მიეცემა „მკაცრი საყვედური“; გერმანიის პოზიციაა, რომ პეკინმა უნდა განმარტოს ელჩის განცხადება; ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ „აბსოლუტურად მიუღებელი“ უწოდა ლუ შეის განცხადებას; იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ ასევე განაცხადა, რომ არ ეთანხმება ჩინეთის ელჩის კომენტარს.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე გამოეხმაურა ჩინეთის ელჩის კომენტარს.

„ჩვენ გაკვირვებული ვართ ჩინეთის ელჩის განცხადებებით, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს იმ ქვეყნების სუვერენიტეტს, რომლებმაც 1991 წელს გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ურთიერთპატივისცემა და ტერიტორიის მთლიანობა იყო მოლდოვა-ჩინეთის ურთიერთობების გასაღები. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს განცხადებები არ წარმოადგენს ჩინეთის ოფიციალურ პოლიტიკას“, — აცხადებს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უკრაინის ელჩმა საფრანგეთში ვადიმ ომელჩენკომ თქვა, რომ კითხვა, „ვის ეკუთვნის ყირიმი?“ ტესტია და შემდეგ ჯერზე კარგი იქნება მისი გაფართოება კითხვით- „ვის ეკუთვნის ვლადივოსტოკი?“.

„ან აშკარაა გეოგრაფიასთან დაკავშირებული პრობლემები. ან მსგავსი განცხადებები ეწინააღმდეგება ჩინეთის დედაქალაქის პოზიციას „უკრაინაში მშვიდობის აღდგენის მცდელობებთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების საფუძველზე“, — განაცხადა ომელჩენკომ და დასძინა, რომ „საბჭოთა იმპერია აღარ არსებობს და ისტორია წინ მიდის“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩინეთის ელჩის განცხადებას არ გამოხმაურებია.

ჩინეთის განმარტება

ჩინეთის საელჩომ საფრანგეთში დღეს გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ლუის კომენტარები იყო „არა პოლიტიკის დეკლარაცია, არამედ პირადი შეხედულებების გამოხატვა სატელევიზიო ინტერვიუს დროს“.

კითხვაზე, იდგა თუ არა ჩინეთი ელჩის შენიშვნების უკან, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაო ნინგმა თქვა, რომ ჩინეთი პატივს სცემს ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან.

„ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს, თქვა მან და აღწერა ქვეყნის პოზიცია უკრაინის მიმართ, როგორც ობიექტური და სამართლიანი“, — აცხადებს ჩინეთის საგარეო უწყება.

ჩინეთის საელჩომ საფრანგეთში თავდაპირველად ორშაბათს დილით გამოაქვეყნა ელჩის ინტერვიუს სრული ჩანაწერი როგორც ჩინურ, ისე ფრანგულ ენებზე თავის ოფიციალურ WeChat ანგარიშზე. თუმცა პეკინის დროით შუადღისთვის, ტრანსკრიპტი წაშლილია. ინტერვიუ ასევე არ გამოქვეყნებულა საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი