ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღე დაჰყონ.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების კიდევ უფრო მეტი განვითარების თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. მინდა მივულოცო ჩვენს თანამოქალაქეებს და დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას, ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის“, — განაცხადა პრემიერმა.
უვიზო რეჟიმი მოქმედებს ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში.
2023 წლის დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთის ერთჯერადი ვიზა 45 ლარი ღირდა, ორჯერადი — 70 ლარი, ნახევარწლიანი მრავალჯერადი — 90 ლარი, ერთწლიანი მრავალჯერადი — 135 ლარი, ხოლო ორწლიანი მრავალჯერადი — 135 ლარი.