ახალი ამბებიეკონომიკა

„გზა არსაიდან არსაით“ – როგორ დაედო მონტენეგროს ჩინეთის ვალი

2 აგვისტო, 2023 • 6995
„გზა არსაიდან არსაით“ – როგორ დაედო მონტენეგროს ჩინეთის ვალი

2015 წელს მონტენეგროში, სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ქვეყანაში, ამბიციური მიზანი დაისახეს – ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ბარის პორტის მაგისტრალით სერბეთთან დაკავშირება და თუ მაშინდელ მთავრობას დავუჯერებთ, „საუკუნის მშენებლობისა“ და „თანამედროვე სამყაროსკენ გზის“ გაკაფვის დაწყება.

საბოლოო ჯამში კი ქვეყანამ უზარმაზარი ვალი მიიღო, გზის მშენებლობა კი დასრულებული ჯერაც არაა.

„საუკუნის მშენებლობას“ წინ ფინანსური პრობლემა ედგა – ხშირად მთიან და რთულ რელიეფში 165-კილომეტრიანი გზის ასაშენებლად, 620 000-იანი მოსახლეობის მონტენეგროს, რომელიც დიდწილად ტურიზმზეა დამოკიდებული, საკმარისი თანხები უბრალოდ არ ჰქონდა.

პროექტით გათვალისწინებული გზის ნაწილისთვის თანხის გამოყოფისთვის მზად იყო ჩინეთი, რომელსაც იმ მომენტში, 2014 წელს, ახალი გაცხადებული ჰქონდა „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ ინიციატივა. კრედიტის მიღებიდან რამდენიმე წელიწადში, როცა პეკინისთვის პირველი ტრანშის [ნაწილის] გადარიცხვა ხდებოდა საჭირო, მონტენეგროს პრობლემები შეექმნა.

გზა თანამედროვე სამყაროსკენ თუ გზა არსაით?

მაგისტრალის მონტენეგროს ნაწილის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო, მაგრამ მთლიანად ჯერაც არ დასრულებულა. ჯერჯერობით მხოლოდ 40-კილომეტრიანი მონაკვეთია მზად, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. თუმცა, ეს საკმარისი არ არის – როგორც ქვეყნის ყოფილი იუსტიციის მინისტრი ამბობს, „სახუმაროა: ესაა მაგისტრალი არსაიდან არსაითამდე“.

2021 წლის ზაფხულისთვის, როცა ზემოხსენებული მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულიც არ იყო, ჩინეთის საექსპორტო-საიმპორტო ბანკს თითქმის მილიარდიან ვალზე [რომელიც მონტენეგროს ეკონომიკის თითქმის მეხუთედის ტოლია] პირველი გადახდა უნდა მიეღო. პრობლემა მონტენეგროსთვის მარტო იმაში არ მდგომარეობდა, რომ მშენებლობა დაუმთავრებელია. ხაზინაში არ იყო ფული არც ჩინეთთან არსებული ვალის მომსახურებისთვის, არც გზის დანარჩენი მონაკვეთების მშენებლობისთვის.

ამის ფონზე, მონტენეგროს იმ მომენტისთვის უკვე ახალმა ხელისუფლებამ, რომელიც მკაცრად აკრიტიკებდა წინამორბედს როგორც ზოგადად კრედიტის აღებისთვის, ასევე მისი „კაბალური პირობებისთვის“, დახმარებისთვის ევროკავშირს მიმართა. ევროკავშირისა და დასავლეთის პარტნიორობა მონტენეგროს წინა მთავრობასაც სურდა, თუმცა ასე არ გამოვიდა.

დასავლელი კრედიტორები თუ საერთაშორისო ორგანიზაციები მაგისტრალის პროექტით დიდად მოხიბლულნი არ იყვნენ – მიუთითებდნენ რა 2006 და 2012 წლის კვლევებზე გზის ეკონომიკური არარენტაბელურობის შესახებ და პოდგორიცას ურჩევდნენ, ახლის მშენებლობის მაგივრად, უკვე არსებული გზების მოდერნიზაციასა და გაუმჯობესებაზე ეფიქრა. თანაც, დასავლეთში ეჭვი ეპარებოდათ მონტენეგროს გადამხდელუნარიანობაშიც.

ასეთია რუკაზე გზის პროექტი. მისი დიდი ნაწილი კვლავაც ასაშენებელია – ამჟამად დასრულებულია მხოლოდ ბარი-პოდგორიცას მონაკვეთი.

„გზა, რომელიც ხალხს გრანდიოზულ სოციალისტურ პროექტებს ახსენებს“

ეკონომიკური არარენტაბელურობის შესახებ გაფრთხილებების და შესაბამისი კვლევების მიუხედავად, მონტენეგროს მთავრობაში მაინც სურდათ გზის აშენება.

მთავრობაში ამბობდნენ, რომ ბარის პორტში მიღებული საქონელი რეგიონის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებში, განსაკუთრებით კი სერბეთში, სწორედ ახალი გზით წავიდოდა, რაც გაზრდიდა მონტენეგროს არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სტრატეგიულ და მნიშვნელობას; მოუტანდა მეტ სარგებელს და სამუშაო ადგილებს ადგილობრივებს. ხელისუფლებაში საუბრობდნენ თავად გზის მშენებლობის სარგებელზეც, რომელსაც ასევე უნდა მოეტანა სამუშაო ადგილები და შემოსავალი კონტრაქტორი ბიზნესებისთვის.

„როიტერსთან“ საუბარში აკადემიკოსი მლადენ გრგიჩი, გზის რენტაბელურობის შესახებ კვლევის ერთ-ერთი ავტორი, საუბრობს მის სიმბოლურ მნიშვნელობაზე მთავრობისთვისა და ხალხისთვის, თუმცა აღნიშნავს, რომ მაგისტრალი და მისთვის აღებული კრედიტი, სინამდვილეში, მახეა:

„ეს მაგისტრალი დიდი ამბავი იყო მონტენეგროში. იგი ხალხს ახსენებს [იუგოსლავიის დიქტატორის] ტიტოს და რეგიონში გრანდიოზული სოციალისტური პროექტების დღეებს. თუმცა, ეს მახეა. იგი უკვე დაიგო და პოლიტიკოსებს გამოსვლა არ შეუძლიათ, რაც არ უნდა მავნე იყოს ეს მახე. სიმართლე რომ გითხრათ, გამოსვლა არც სურთ“, – ამბობს იგი.

გარდა იმისა, რომ გზის მშენებლობა, ან მისთვის აღებული კრედიტის მომსახურება პატარა ქვეყნის ეკონომიკისთვის მძიმე ტვირთია, მშენებლობის ღირებულება „იშვიათად თუა ასეთი“ ძვირი, ამბობს მონტენეგროს ფინანსთა მინისტრი მილოიკო სპაიჩი. ერთი კილომეტრის მშენებლობა მონტენეგროს დაახლოებით 25 მილიონი აშშ დოლარი უჯდება.

ფინანსურ სირთულეებს კი დაემთხვა 2020 წლის კოვიდ-პანდემია. ჩაკეტილ საზღვრებში ტურიზმზე დამოკიდებული მონტენეგროს ეკონომიკა 15%-ზე მეტით დაეცა.

„არსაითკენ მიმავალი გზის“ მშენებლობის პროცესი.

ექსპერტები მიუთითებენ შესაძლო კორუფციაზეც – პროექტისთვის მწვანე შუქის ანთების სანაცვლოდ მონტენეგროს წარმომადგენლებს ქრთამის აღებაში სდებენ ბრალს.

სწორედ მონტენეგროს მაშნდელი ხელისუფლების არასწორ გადაწყვეტილებებში, და არა ჩინეთში ხედავს პრობლემას იუსტიციის ყოფილი მინისტრი, დრაგან სოჩი.

„ვფიქრობ, ამ ვალს ალბათ არა ახლანდელი, არამედ მომავალი თაობები გადაიხდიან. არ ვფიქრობ, რომ პრობლემა ჩინეთიდან მოდის. [სესხის აღება] ჩვენი, ცუდი გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა მან.

რას იგებს ჩინეთი?

ჩინეთის ამბიციური პროექტი, რომელიც სახალხო რესპუბლიკის ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, სი ძინპინმა ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე დააანონსა, „ერთი გზისა და ერთი სარტყელის“ სახელს ატარებს. მისი მიზანი, ჩინური მხარის მონაწილეობით, მსოფლიოს სხვადასხვა, ხშირად განვითარებად ქვეყნებში ინფრასტრუქტურული ობიექტების, პორტებისა და რკინიგზების აშენებაა, რომლებიც, მსოფლიოს ჩინეთთან დააკავშირებს. ამ მიზნისთვის პეკინი მზადაა, სესხიც გამოუყოს მსურველებს.

თუმცა, საინტერესოა, რატომ გასცა ჩინეთმა სესხი პროექტზე, – რომლის რენტაბელურობაშიც ეჭვი ეპარებოდათ საერთაშორისო ფინანსურ ინსიტუტებსა და ევროკავშირს, – და ქვეყანაზე, რომლის მიერაც ამხელა სესხის მომსახურების შესაძლებლობაში იგივე აქტორები არ იყვნენ დარწმუნებულნი.

სასესხო ხელშეკრულების პირობებს მონტენეგროს ახალი მთავრობა „დაუჯერებლად“ მიიჩნევს. „ეს ნორმალური არაა. [შეთანხმება] საერთოდ არ შეესაბამება ეროვნული ინტერესების რამენაირ ლოგიკას“, – ამბობს დრიტან აბაზოვიჩი, 2021-ში ვიცე-პრემიერი, დღეისთვის კი მთავრობის თავმჯდომარე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი.

სასესხო ხელშეკრულების გაფორმებამდე, მიუხედავად იქამდე არსებული ორი კვლევისა, რომელიც გზის მშენებლობის არარენტაბელურობას ადასტურებდა, მორიგი მოვკლევა ჩატარდა – ამჯერად მონტენეგროს უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტის პროფესურის მიერ, რომელმაც გასამრჯელო პროექტის კრედიტორისგან, ჩინური სახელმწიფო ბანკისგან მიიღო. კვლევამ, რომელიც მთავრობამ გაასაიდუმლოვა, პროექტი რენტაბელურად მიიჩნია.

ხელშეკრულების თანახმად:

  • 809 მილიონი ევრო, მიბმული დოლარზე, მონტენეგრომ 2%-ში მიიღო;
  • გადახდა უნდა მომხდარიყო 20 წლის განმავლობაში, აქედან 6 წელი – საშეღავათოა [ანუ, მონტენეგრო არაფერს იხდიდა];
  • მშენებლობისთვის აუცილებელი ნებისმიერი საქონელი თავისუფალი იყო დღგ-სგან და საბაჟო მოსაკრებლისგან;
  • სამუშაო ადგილების 70% ჩინეთის მოქალაქეებს ერგოთ;
  • ნებისმიერ სადავო საკითხს, საბოლოო ჯამში, წყვეტდა ჩინეთის საარბიტრაჟო სასამართლო;
  • თუკი მონტენეგრო სესხს ვერ გადაიხდის, ჩინური სახელმწიფო ბანკი უფლებამოსილია, მიიღოს „ჩადებული ქონება“ – მონტენეგროს ტერიტორია, რომელიც არ ეკუთვნის სამხედრო ძალებს ან არ გამოიყენება დიპლომატიური მიზნებისთვის.

მონტენეგრო არაა პირველი ქვეყანა, რომელსაც სესხის გადაუხდელობის გამო ჩინეთისთვის ინფრასტრუქტურული ობიექტის ან ტერიტორიის გადაცემა უწევდა. 2017 წელს დავალიანება შრი-ლანკას ხელისუფლებამ ვერ დაფარა და კრედიტით აშენებული პორტის ჩინეთისთვის 99 წლით გადაცემა მოუწია.

მონტენეგროს შემთხვევაში კი, კრიტიკოსების შეფასებით, ჩინეთი, თავისი რესურსების გათვალისწინებით, საკმაოდ მცირე ფასად იძენდა გავლენის ბერკეტებს ქვეყანაზე, რომელიც მალე ნატოს წევრი გახდა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ემზადება.

„ასეთ ცუდ დროს მარტონი რატომ უნდა დავტოვოთ?“

2021 წლის ზაფხულში მონტენეგროს კრედიტის დაფარვა უნდა დაეწყო – ისედაც დიდ ფინანსურ ტვირთს ისიც ართულებდა, რომ ევროში აღებული დოლარის მზარდ კურსზე იყო მიბმული. ხელისუფლებამ დახმარებისთვის მიმართა ევროკავშირს. ბრიუსელში აზრი ორად იყო გაყოფილი – ერთი მხრივ, ევროკავშირს დიდად არ სურდა გადაეფარა ვალი პროექტისთვის, რომლის არარენტაბელურობაზეც საკმაო ხანი საუბრობდა. მეორე მხრივ, ბლოკში მიიჩნევდნენ, რომ რამე უნდა გაეკეთებინათ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ჩინეთის გავლენის ზრდისთვის ხელშეშლისთვის.

„სრულიად უპასუხისმგებლო იქნება, თუ ევროკავშირი თვალებს დახუჭავს და არაფერს მოიმოქმედებს. ასეთ ცუდ დროს მარტონი რატომ უნდა დავტოვოთ?“, – ამბობდა ევროპარლამენტარი რაინჰარდ ბიუთიკოფერი, რომელიც ჩინეთის გავლენის საკითხებზე მუშაობს.

საბოლოო ჯამში, ევროკომისიამ მონტენეგროს მაინც გაუწოდა დახმარების ხელი. გადახდის თარიღის მოახლოებამდე ცოტა ხნით ადრე, ბრიუსელის ხელშეწყობით, დასავლურმა ბანკებმა – „გოლდმან საქსმა“, „მერილ ლინჩმა“, „სოსიეტე ჟენერალმა“ და „დოიჩე ბანკმა“ მონტენეგროს შესთავაზეს:

  • თანხის გამოყოფა სესხის სავალუტო [ევროსი, რომელსაც მონტენეგრო იყენებს და დოლარის, რომელშიც სესხს იხდის] კონვერტაციისთვის – ერთ-ერთ მომენტში გაცვლით კურსებს სხვაობის გამო სესხის ოდენობა 100 მილიონი დოლარით გაიზარდა;
  • ვალუტის ცვლილების წყალობით, თანხა, რომელსაც მონტენეგრო საპროცენტო განაკვეთის სახით იხდიდა, შემცირდა – 2%-დან 0,88%-მდე.

მონტენეგრო კვლავაც რჩება ჩინეთის მსხვილ მევალედ, თუმცა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა – აპრილში არჩევნებში მარცხი განიცადა პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა, რომელიც სათავეში 1991 წლიდან იყო [2006 წლამდე მონტენეგრო და სერბეთი ერთ ფედერაციულ სახელმწიფოს წარმოადგენდნენ, თუმცა ორივეს ცალკე მთავრობებიც ჰყავდა]. კორუფციაში და სხვა დანაშაულებებში ბრალდებების გაჟღერების მიუხედავად, მონტენეგროში გზის ასაშენებლად აღებულ კრედიტზე გამოძიება თანამდებობის არც ერთი პირის წინააღმდეგ არ დაწყებულა.


მომზადებულია „როიტერსის“, „ნეიშენელ ფაბლიქ რადიოს“ და „ვაშინგტონ პოსტის“ მასალების მიხედვით.

მასალების გადაბეჭდვის წესი