ახალი ამბები

ინჯია ჩინეთთან ჟენევის პარალელური ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის

7 თებერვალი, 2024 • 564
ინჯია ჩინეთთან ჟენევის პარალელური ფორმატის შექმნის ინიციატივით გამოდის

„ევროპელი სოციალისტების“ წევრ ფრიდონ ინჯიას ინიციატივაა, ჟენევის დისკუსიების პარალელური ფორმატი შეიქმნას ჩინეთთან.

ინიციატივაზე აზრი ინჯიამ საკომიტეტო მოსმენაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს ჰკითხა. ილია დარჩიაშვილმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და თქვა, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატის შენარჩუნება აუცილებელია, ჩინეთთან კი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იგეგმება.

ფრიდონ ინჯიამ თქვა, რომ ჟენევის 15-წლიანი დისკუსიების განმავლობაში დეოკუპაციისკენ ნაბიჯი არ გადადგმულა.

“იქიდან გამომდინარე, რომ ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი გახდა და ცალსახად ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მომხრეა, ხომ არ ჯობდა, პარალელურად მეორე ფორმატიც იყოს, სადაც ჩინეთი იქნება წამყვანი“, — განაცხადა ინჯიამ.

მისი თქმით, თუ მანამდე ჩინეთი ჩაერთვება სტრატეგიული პროექტების განხორციელებაში, უფრო მეტი ინტერესი ექნება საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც თბილისი გამოიყენებს.

„ჩვენ შეგვიძლია შევაჯიბროთ ეს ორი ფორმატი და ვნახოთ, რომელი აჯობებს“, — დასძინა ინჯიამ.

ის ასევე მიიჩნევს, რომ საქართველო რუსეთს „ერთი-ერთზე, შუამავლების გარეშე“ უნდა ელაპარაკოს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ინჯიას უპასუხა, რომ ჟენევის ფორმატში, გარდა ამერიკის შეერთებული შტატებისა, ჩართულია ევროკავშირი, ეუთო და გაერო.

„მიუხედავად იმისა, რომ თქვენ საუბრობდით კონკრეტული შედეგების არარსებობაზე, ეს არის ერთადერთი პლატფორმა, სადაც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩრდილოელი მეზობელი წარმოდგენილია. ამიტომ, დღევანდელი გადასახედიდან, ვფიქრობთ, ეს პლატფორმა შესანარჩუნებელია. ჩვენი მთავარი მიზანია, შევეცადოთ, მინიმუმ ჰუმანიტარული საკითხები გადავწყვიტოთ ამ დიალოგის ფარგლებში. ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერება და სტრატეგიულ დონემდე აყვანა იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტი. ეს დაეხმარება ჩვენს ქვეყანას, უფრო მეტად მოახდინოს გეოგრაფიული მდებარეობის რეალიზება“, — განაცხადა დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თუ „შუა დერეფნის“ წარმატება გვინდა, ჩინეთის ურთიერთობები კიდევ უფრო გასაძლიერებელია. დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს და აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა . აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად. საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთო-ს, ევროკავშირისა და გაერო-ს მხრიდან. დისკუსიებში ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი