ახალი ამბებისაზოგადოება

ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა არ აქვს, კონსტიტუციას არღვევს – მდინარაძე პრეზიდენტზე

30 აგვისტო, 2023 • 1442
ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის თანხმობა არ აქვს, კონსტიტუციას არღვევს – მდინარაძე პრეზიდენტზე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ევროპაში ვიზიტებისთვის მთავრობის თანხმობა არ აქვს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

დღეს, 30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს.

მდინარაძის თქმით, მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში ვიზიტით წასვლით პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს.

„საქართველოს პრეზიდენტს არ აქვს საქართველოს მთავრობის თანხმობა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ახორციელებს შესაბამის უფლებამოსილებას და მის კომპეტენციაშია საგარეო კურსის განსაზღვრა და ამ კურსის შესაბამისად მოქმედება. აქედან გამომდინარე, დიახ, საქართველოს პრეზიდენტი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. თუმცა ამ უარსაც თავის მიზეზები აქვს. ის, რომ მთავრობამ ნებართვა არ მისცა და მაინც მიდის, ეს, ერთი მხრივ, კონსტიტუციის დარღვევა და უპატივცემულობაა და მეორე მხრივ, ამ დაუთანხმებლობას მთავრობის მხრიდან აქვს კონკრეტული მიზეზები“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძემ მთავრობის უარის მიზეზებზე საუბრისას ერთ-ერთ მაგალითად პარლამენტში პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა დაასახელა. მისი თქმით, ეს საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო გამოსვლა იყო.

მდინარაძის თქმით, პრეზიდენტისთვის ევროპაში ვიზიტებზე მთავრობის უარი „საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებასთან დაკავშირებულ რისკებთან არის დაკავშირებული“.

„რა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის საწინააღმდეგო? – რომ საქართველო თითქოს დღეს არ იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას და არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს პათოსი იყო მაშინ მის განცხადებაში, ეს თქვა. საქართველო ახორციელებს ყველა საჭირო მოქმედებებს, რომლებიც ევროპული კურსის სწორად განსაზღვრისთვის არის საჭირო და მეორე, ასრულებს რეკომენდაციებს შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე“, – განაცხადა მდინარაძემ.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 30 აგვისტოს გაავრცელა.

მათივე ცნობით, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს პრეზიდენტი 31 აგვისტოს ბერლინში ვიზიტით დაიწყებს, სადაც გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს ევროპული საბჭო 2023 წლის ბოლოს განიხილავს. მანამდე კი, სავარაუდოდ, ოქტომბერში ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას შეაფასებს.


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს პარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  „ქართულმა ოცნების“ ხელისუფლება ქვეყნის საგარეო მიზანს უპირსპირდება. მან მოხსენებით გამოსვლისას დეპუტატებს შეახსენა კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელიც ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას შეეხება.

ზურაბიშვილის სიტყვებით, „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლება, რომელმაც აღასრულა ხალხის ნება, დაამარცხა ავტორიტარიზმი და ქვეყანა დემოკრატიულ სამყაროში დააბრუნა, ისევე როგორც გაამყარა ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი, თუმცა შემდეგ გადაუხვია ხალხის ნებას.

ზურაბიშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას გააკრიტიკა ხელისუფლება კონსპირაციის გამო, რომელსაც ეს უკანასკნელი ავითარებს ომში ჩათრევის საფრთხის შესახებ. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ევროპულ რეკომენდაციებში არაფერია უცხო, პირიქით, ქართული ტრადიციული ღირებულებების გამოძახილია.

„ერთი მხრივ, 12 რეკომენდაციის მხოლოდ ფორმალური შესრულებით და ხალხის მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება შედეგს ვერ მიაღწევს. დღეს მოვისმინეთ სრულად ეს ფორმალური შესრულება. მეორე მხრივ, მარტო აქციებით სამოქალო სექტორი, თუ პოლიტიკური პარტიები შედეგს ვერ მიაღწევს. რეალური საქმის შესრულების გარეშე და მისი სწორი ფორმით წარდგინების და დანიშნულების ადგილზე მიტანის გარეშე ჩვენ ხალხის ნებას ვერ აღვასრულებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას.

რაც შეეხება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას, 22 ივნისს  ევროკომისიამ ასოცირებული ტრიოს – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მიერ ბრიუსელის მიერ მიცემული რეკომენდაციის შესრულება ზეპირი მოხსენებით შეაფასა.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველოს 12 რეკომენდაციიდან  სრულად 3 ჰქონდა შესრულებული, 7 რეკომენდაციაზე გარკვეული პროგრესი ჰქონდა, 1 რეკომენდაციაზე – შეზღუდულ პროგრესი, ხოლო 1 რეკომენდაციაზე  არ ჰქონდა პროგრესი.

ევროკომისიის ამავე შეფასებით, უკრაინას მისთვის მიცემული 7 რეკომენდაციიდან 2 უკვე შესრულებული ჰქონდა, 1-ზე კარგი პროგრესი ჰქონდა, 4-ზე  გარკვეული პროგრესი აჩვენა.

რაც შეეხება მოლდოვას, ევროკომისიის შეფასებით,  ქვეყანას მისთვის მიცემული 9 რეკომენდაციიდან 3 უკვე შესრულებული აქვს, 3 პუნქტში მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა, ხოლო 3-ში – გარკვეული წინსვლა.

დეტალურად ნახეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი