საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, 31 მარტს, პარლამენტში ყოველწლიური სიტყვით გამოსვლისას, დეტალურად ისაუბრა იმის შესახებ, თუ მისი აზრით როდის გადაუხვია „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის დასავლურ კურსს.
„2019 წელს გავრილოვის ჩამოყვანთა და აქ დასმით ქვეყნის მიმართ პირველად გააჩინეთ ეჭვები და კთხვის ნიშნები. თუმცა, რეალურად, ხელისუფლების საგარეო კურსის ფერისცვალება 2021 წელს იწყება, მაშინ, როცა ქართულ პოლიტიკას მმართველი პარტიის მაშინდელი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ტოვებს. იწყება დიდი გაუგებრობა იმაზე, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ამ ახალ კურსზე“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით შექმნილი დოკუმენტის „ანულირება ისე, რომ არავინ ჩათვალა საჭიროდ, თუნდაც, მისი [შარლ მიშელის] გაფრთხილება.“ პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა „ოცნების“ ხელისუფლების მიერ წინასწარ ევროკავშირის სესხზე უარის თქმასაც.
აღნიშნული შეღავათიანი სესხის მისაღებად ქვეყანას გარკვეული პირობები უნდა დაეკმაყოფილებინა, თუმცა, სანამ ეს მოხდებოდა, „ოცნების“ ხელისუფლებამ თქვა, რომ ქვეყანას სესხი არ სჭირდებოდა.
- ჩვენ საკუთარი რესურსიც გვყოფნის, სესხი საჭირო არაა — თურნავა
- EU-ს შეღავათიანი სესხის საპროცენტო განაკვეთი 0,125% იყო — დეტალები
პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას „ოცნების“ ანდიტასავლური რიტორიკაც გააკრიტიკა.
„არასდროს აღარ დაამთავრეთ ანტიევროპული რიტორიკა, ჩვენი პარტნიორების დადანაშაულება და შეურაცხყოფა. ეს ყველაფერი კი ბოლოს იმ ზომამდე მივიდა, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩი ქვეყნიდან საყვედურებითა და ბრალდებებით გავაცილეთ — ძალიან არაქართული მოქცევით.
უკრაინასთან მიმართებით ვერც დიპლომატია გამოვიჩინეთ, ვერც გონიერება და ვერც ჩვენთვის შესაფერისი ისტორიული სოლიდარობა. დიახ, ჩვენ ვუერთდებით გაეროში რეზოლუციებს, თუმცა სხვა მორალური, პოლიტიკური სოლიდარობის გამოხატვას ვემიჯნებით თუ ვერიდებით.
25 თებერვალს, სრულიად უადგილო დროსა და ადგილას ვაცხადებთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით მაშინ, როდესაც პირიქითაა და შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ ჩვენ არ დავაწესებთ ჩვენს ეროვნულ სანქციებს, თუმცა ვუერთდებით საერთაშორისოს. მეტს არც არავინ არაფერს გვთხოვდა არც ჩვენ და არც მოლდოვას“ ,— თქვა პრეზიდენმა.
ასევე, მან ხელისუფლება გააკრიტიკა ბელარუსის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა:
„როცა მთელმა ევროპამ საჭიროდ მიიჩნია გამიჯვნოდა ბელარუსს, ჩვენ გავუფრთხილდით მათ და არ შევუერთდით ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს. ამ დროს ბელარუსის პრეზიდენტი არ გვიფრთხილდება, არ უფრთხილდება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანაობას, დაარღვია ოკუპაციის კანონი და პირდაპირ უღალატა არაღიარების პრინციპს. ახია ჩვენზე.
ბოლო 2 წლის განმავლობაში შესამჩნევად ვუფრთხილდებით, რომ არ გავაღიზიანოთ რუსეთი, რაც შეიძლება, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნისთვის გასაგები იყოს, მაგრამ გასაგები არაა, რატომ არ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს. შედეგად, დღეს გვაქვს დაზიანებული ურთიერთობები იმ ევროპულ ქვეყნებთან და ინსტიტუციებთან, რომლებიც ითვლებოდნენ ჩვენს მხარდამჭერებად“, — აღნიშნა პრეზიდენტმა.
სხვა საკითხები, რომლებზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ:
- თბილისი და მოსკოვი II ფრონტზე ერთ ენაზე საუბრობს — ზურაბიშვილი
- „თქვენ ხართ ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება ქვეყნის საგარეო მიზანს“ — ზურაბიშვილი
- პრეზიდენტმა დეპუტატებს კონსტიტუციის 78-ე მუხლი შეახსენა